დღეს საქართველოს პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა დაბა ჩოხატაურში ხელოვნების სასახლე საზეიმო ვითარებაში გახსნა.
2,5 მილიონამდე ლარის ღირებულების პროექტი, რომლის განხორციელება 2015 წელს დაიწყო, ძირითადად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. ახალი ხელოვნების სასახლე აღჭურვილია განათებისა და ხმის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების აპარატურით და სხვადასხვა ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.
.„ეს არის ძალიან დიდი შენაძენი ჩოხატაურის რაიონისთვის, მთლიანად გურიისთვის და საქართველოსთვის, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაიონებში კულტურული ცხოვრების აღორძინება და განვითარება. აქ ბავშვები ივლიან, იქნება წარმოდგენები, შესაძლებელია კინოფილმების ჩვენებაც. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზაფხულის პერიოდში, აქედან წასული ოჯახები დაბრუნდნენ და იყოს სრული კულტურული ცხოვრება, ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, ნახონ ფილმები, დაესწრონ წარმოდგენებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივებისთვის, რადგან შესაძლებელია, ბევრი წრე მოეწყოს, აქ იქნება ბავშვების განათლება კულტურის მიმართულებით. მინდა, ჩოხატაურელებს მივულოცო ეს დიდი შენაძენი\", - თქვა კვირიკაშვილმა.
მშენებლობაზე სხვადასხვა პერიოდში 100-ზე მეტი ადგილობრივი იყო დასაქმებული. ხელოვნების სახლში მუნიციპალიტეტის სახალხო თეატრი და „კულტურის ცენტრი“ განთავსდება. 350 მაყურებელზე გათვლილი შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.