სოფელ დვაბზუში ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმო აგუგუნდა

დამატებულია: 2016-11-19
picture1

„აწარმოე საქართველოში“ - ამ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ახალაგებული - შპს „ასკანგელ ალიანსის“ ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირკაშვილმა დღეს გახსნა.

საქვეყნო, მამულიშვილური, პატრიოტული საქმე - ასე შეაფასა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანული წარმოების, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმო და ინვესტორ გოჩა ჩხაიძეს მადლობა გადაუხადა. როგორც პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, გურიაში ასეთი მნიშვნელოვანი საწარმოო პოტენციალის შექმნა გამოაცოცხლებს და ააგუგუნებს არა მხოლოდ რეგიონს, არამედ მთელ საქართველოს:

\"ეს არის ყველაზე თანამედროვე საწარმო, რომელიც ეკოლოგიის კუთხით უმაღლესი სტანდარტით - გერმანული ტექნოლოგიით არის აწყობილი. ძალიან მახარებს, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ამ ქართულ საწარმოს ექნება ფილიალი გერმანიაში და აქ წარმოებული პროდუქცია ათასამდე დანიშნულებით გამოიყენება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საწყის ეტაპზე 130-მდე ოჯახი მიიღებს შემოსავალს ამ საწარმოს ამუშავების შედეგად, ხოლო შემდგომში, დასაქმებულთა რაოდენობა 300-მდე გაიზრდება. \"აწარმოე საქართველოში\" ძალიან წარმატებული პროგრამაა და ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რა შეუძლია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის სწორ თანამშრომლობას. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყნის შვილები, წარმატებული ადამიანები, რომლებმაც ძალიან ბევრი წარმატება ნახეს ქვეყნის გარეთ, უბრუნდებიან ჩვენს ქვეყანას და მისი აღმშენებლობის ფერხულში ერთვებიან\", - აღნიშნა კვრიკაშვილმა.

მისივე თქმით, გაცილებით ნაკლები საინვესტიციო ვალდებულების მიუხედავად, კომპანიამ 30 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა და საწარმოს გაფართოებას განაგრძობს. საწარმოს მშენებლობა წლეულს ივნისში დაიწყო. კომპანია, ინვესტიციის 100 მილიონ ლარამდე გაზრდას და დასაქმებულთა რაოდენობის გაორმაგებას გეგმავს.

პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა აქ ასევე დღეს გახსნილი ჩოხატაურის ხელოვნების სახლის შესახებაც ისაუბრა:

„ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონების მოსახლეობას ჰქონდეს ყველა ის სიკეთე, რასაც ქვეყანა ქალაქებში აძლევს თავის მოსახლეობას. აუცილებელია, ბავშვებმა იარონ მუსიკის, მხატვრული კითხვის გაკვეთილებზე, შეისწავლონ საკუთარი კულტურა. აუცილებელია, ასეთი კერები იყოს რაიონებში, რათა აქედან წასული ოჯახები ზაფხულს თავიანთ მამა-პაპისეულ სახლებში ატარებდნენ, ისე, როგორც ადრე იყო. ჩვენი მთავრობის ნომერ პირველი ამოცანაა, სითბო დავუბრუნოთ ჩვენს მოსახლეობას, გავათბოთ ქვეყანა, ესაა ჩვენი მთავარი მოვალეობა, ჩვენ ეს დავკარგეთ და დღეს ყველაზე მეტად ეს გვაკლია. ეს დღევანდელი, მამულიშვილური, პატრიოტული საქმე არის უზარმაზარი ნაბიჯი ამ მიმართულებით. როდესაც ვხედავ ადამიანებს, რომლებმაც იციან, რომ სამსახური აქვთ, ოჯახებში შემოსავალი აქვთ, შვილები აქედან წასულ მშობლებს ელოდებიან საღამოს - და არა ხელცარიელს, როგორც ეს ადრე იყო“.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.