მეგაპროექტი ურეკში წარმატებით მიმდინარეობს

დამატებულია: 2016-11-21
picture1

2015 წელს დაწყებული დაბა ურეკისა და შეკვეთილის წყალმომარაგების და წყალარიდების პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. უკვე შესრულებულია სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი. გაზეთი „ალიონი“ კვლავ დაინტერესდა მშენებლობის მიმდინარეობით და გასულ ხუთშაბათს სამშენებლო პოლიგონები მოინახულა.

ორიოდ სიტყვით პროექტის შესახებ: ურეკის წყალმომარაგების და წყალარიდების პროექტის განსახორციელებლად აზიის განვითარების ბანკი 73 მილიონ ლარს გამოყოფს. დამკვეთი საქართველოს წყალმომარაგების კომპანიაა. 63 მილიონი ლარის სამუშაოებს შპს „ფერი“ (გენერალური დირექტორი სოსო მჭედლიშვილი) შეასრულებს, ხოლო გერმანულ -ქართული კომპანია „ფაიფერი“ გამწმენდ ნაგებობას ააშენებს. აღნიშნული ფირმა 10 მილიონამდე ლარის სამუშაოებს შეასრულებს.

შპს „ფერი ერთ-ერთი ძლიერი და ცნობილი სამშენებლო ფირმაა საქართველოში. მის სახელს უკავშირდება ისეთი დიდი პროექტები, როგორიცაა თელავის წყალმომარაგების, ალაზნის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია; ქალაქ ბორჯომის, დაბა ბაკურიანის, ანაკლიის, განმუხურის წყლის სისტემების რეაბილიტაცია; ისინი აგებენ 150-მეგავატიან ჰესს ყაზბეგში; ააგეს მცირე და საშუალო ჰესები პანკისის ხეობაში, სვანეთში, რაჭაში და ა.შ. ისინი გურიაშიც სამუშაოების ხარისხიანად შესრულებას აპირებენ.

რა სამუშაოებს შეასრულებს შპს „ფერი:“__წყალს სოფელ მერიაში, „ციხის ჭაბურღილებიდან“ მიიღებენ. აქვე მოეწყობა 150 კბ. მეტრი მოცულობის რეზერვუარი, საიდანაც წყალი 710-მმ-იანი პლასმასის მილებით 19 კმ მანძილს გაივლის და წვერმაღალაში წყალსაქაჩში 2 რეზერვუარს შეავსებს. ძირითადი რეზერვუარი 5400 კბ. მეტრი მოცულობის იქნება, ხოლო სარეზერვო 1500 კბ მეტრი მოცულობის. შპს „ფერის“ ოფისში ყოფნისას მშენებლობის მენეჯერი გელა წოწორია დაბა ლაითურში იმყოფებოდა. ტელეფონით გავესაუბრეთ: _დაბა ლაითურში არტეზიული ჭებიდან მივიღებთ წყალს. 3 ჭაბურღილი უკვე გაკეთდა, 4 ჭაბურღილი კიდევ გაკეთდება_გვითხრა მან. შპს „ფერიში“ გვითხრეს, რომ ამ მშენებლობის პარალელურად დაბა ურეკში შიდა ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. სულ 49 კილომეტრი შიდა ქსელი მოეწყობა ურეკში, შეკვეთილსა და კაპროვანში. მათი გრაფიკით მშენებლობების 95 პროცენტი 2017 წელს, ახალი საკურორტო სეზონის გახსნამდე უნდა დასრულდეს, ხოლო მთლიანი პროექტი _2018 წელს და სეზონზე ურეკი-შეკვეთილის მცხოვრებლები და დამსვენებელი ამ მნიშვნელოვანი მეგაპროექტის მთელი სიკეთით ისარგებლებენ. ძალიან მნიშვნელოვანია საკანალიზაციო სისტემა, რომლის ქსელი 37 კილომეტრზე მოეწყობა. აქედან საკანალიზაციის სადაწნეო მილები 20 კმ, ხოლო ინდივიდუალური დაერთება ოჯახებზე _13 კილომეტრი იქნება.

ამჟამად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი ურეკის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაა,, რომელსაც გერმანულ-ქართული კომპანია „ფაიფერი“ ასრულებს. მშენებლობის მენეჯერი, სამშენებლო დარგის მაგისტრი, სერბი სლობოდან ვუკოვიჩია. _ „ჩვენ ფირმას ამ სფეროში მშენებლობის დიდი პრაქტიკა აქვს და მისი არეალი მსოფლიოს რამდენიმე ათეულ ქვეყანას ითვლის. პირადად მე ასეთ პროექტებზე ვმუშაობდი ავღანეთში, ბოსნიაში, მონტენეგროში, სერბეთში. საქართველოში ანალოგიურ პროექტებს განვახორციელებთ ანაკლიასა და სვანეთში. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება ასეთი პროექტის ზუგდიდში განხორციელებაზე.“

ჩვენს კითხვაზე, თუ რა სახის გამწმენდი ნაგებობა ექნებათ ზღვისპირელებს მომავალში და რა დონეზე გასუფთავდება შავ ზღვაში ჩამავალი წყლები, იგი გვპასუხობს.

_ ჩვენ ამ პროექტში ბევრ ქვეყანაში აპრობირებულ სისტემას ვაკეთებთ. აქ კანალიზაციის შემკრებ და გამწმენ ნაგებობას ვაშენებთ. (იგულისხმება შეკვეთილში მიმდინარე მშენებლობა). მილებით შემოვა მოსახლეობიდან, სასტუმროებიდან და სხვა ობიექტებიდან დაბინძურებული წყალი. აქ საკმაოდ ბევრ ეტაპს გაივლის, ჯერ რკალისებრს ბეტონის კონსტრუქციებში. გაიფილტრება, გაიწმინდება ცხიმებისა და სხვა ნარჩენებისაგან და დანადგარებს ტექნიკურ წყლამდე დაჰყავს კანალიზაციის წყალი. საბოლოოდ ეს წყალი მდინარეს შეურთდება.წყალი იმდენად გაწმენდილი იქნება, რომ შესაძლებელია იგი უკანაც დაბრუნდეს.

_პროექტით რას უპირებენ მყარ ნარჩენებს?

_ნარჩენები ცალკე მუშავდება და მისგან ორგანულ სასუქს მივიღებთ. იქნება მყარი ნარჩენების საწყობი, სადაც მათი დაწნეხვს-დასაწყობება მოხდება.

_ რა მოცულობაზეა გათვლილი ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა?

_ამ ობიექტის მზარდი მოცულობა 40 წელზეა გათვლილი. აქ ზაფხულობით და ზამთრობით სხვადასხვა რეზერვუარები იქნება გამოყენებული.

_როდის გეგმავთ ობიექტის ამოქმედებას?

_ ეს ჩვენი „ფერის“ ერთობლივი პროექტია, ამიტომ სამუშაოების დასრულებაზე ერთიანი გეგმა გვაქვს. მშენებლობა-მონტაჟს 2017 წლის ივნისში დავასრულებთ. ამას მოჰყვება გამწმენდი ნაგებობის თანამშრომელთა სამთვიანი ტრენინგი ( გამწმენდი ნაგებობის გამოცდა). შემდეგ კი ოფიციალურად ამოქმედება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ურეკის წყალმომარაგების და წყალარიდების პროექტში ჩართული არიან შპს „პრაიმბეტონი“ (გია გიორგაძე, გიორგი მაკალათია). „ჰიდროგრუპი,“ რომელიც მილებს აკეთებს. მშენებლობის მიმდინარე პროცესს ესპანური კომპანია „ეპტისას“ ქართველი და უცხოელი ექსპერტები ამოწმებენ.

გაზეთი „ალიონი“ დაბა ურეკში მიმდინარე სამუშაოებითაც დაინტერესდა. ამჟამად წყლის და კანალიზაციის ქსელის მშენებლობა ერთ-ერთ უსახელო ქუჩაზე მიმდინარეობს, რომელსაც მომავალში ცნობილი ექიმის, კურორტ მაგნეტიტის ამაგდარის ნიკა ქარცივაძის სახელს უწოდებენ.

რედაქცია მადლობას უხდის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოდ დეპუტატს ბიძინა იმნაიშვილს და ფირმა „ფაიფერის“გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების ოფიცრებს ენი მოქიას და მამუკა დავითაიას გამოჩენილი ყურადღებისთვის.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.