\"საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია\" შეშფოთებას გამოთქვამს თელავში არსებულ მედია კაფესთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გამო

დამატებულია: 2016-12-03
picture1

მიგვაჩნია, რომ თელავის მედია კაფესთან იჯარის ხელშეკრულება დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს და არსებული სივრცე უნდა შეუნარჩუნდეს გაზეთ „კახეთის ხმის“ რედაქციას.

ძველი შენობის თაღებიან დარბაზში განთავსებული Media Cafe მომხმარებელს წიგნებსა და ჟურნალ-გაზეთებს, ტკბილეულსა და ყავას სთავაზობს, მისი სივრცე ეთმობა სადისკუსიო შეხვედრებს, სემინარებსა და კინო-ჩვენებებს, ამავე დროს, მედია კაფეში ინტეგრირებულია გაზეთის რედაქცია, სადაც კაფეში მისულ ადამიანებს შეუძლიათ ნახონ, როგორ მუშაობენ ჟურნალისტები, ხოლო ჟურნალისტებს რესპონდენტებთან გასაუბრების საშუალება აქვთ.

მედია კაფე გახსნიდან დღემდე მასპინძლობს ცნობილ მწერლებს, საზოგადო მოღვაწეებს, ეწყობა სხვადასხვა ავტორთან შეხვედრა, კინო ჩვენება თუ დისკუსია. მედია კაფემ გახსნის დღიდან დღემდე უმასპინძლა 500–ზე მეტ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას, 4 საერთაშორისო მედია კონფერენციას.

მერიის მხრიდან სხვადასხვა მიზეზის მიუხედავად დარწმუნებული ვართ, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე ამ კულტურული ძეგლის - შენობის მთავარი დანიშნულება სწორედ საზოგადოების კულტურული სერვისების შექმნა და ფუნქციონირებაა, რაშიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს „მედია კაფე“ თავისი კულტურულ-საგანმანათლებლო დანიშნულებით.

მივიჩნევთ, რომ „მედია კაფეს“ შენარჩუნება აღიშნულ სივრცეში ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოებისა და კულტურის განვითარებას, გააძლიერებს ადგილობრივ დემოკრატიას და მედიას გახდის კიდევ უფრო მდგრადსა და დამოუკიდებელს.

ამიტომ თხოვთ ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებას და ყველა დაინტერესებულ პირს, აქტიურად ჩაერთონ პრობლემის გადაჭრაში და მხარი დაუჭირონ ამ სივრცის შენარჩუნების იდეას.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.