დიდი პრემიერა მცირე სცენაზე

დამატებულია: 2016-12-09
picture1

ზამთრის სუსხი რას დაგვაკლებს, `როცა დარაბებს მიღმა გაზაფხულია~

ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენი წლისაა ლაშა თაბუკაშვილის `დარაბებს მიღმა გაზაფხულია~, მაგრამ იმის თქმა თამამად შეიძლება, რომ დღიდან მისი გამოქვეყნებისა და გასცენიურებისა, თანამედროვე ქართული დრამატურგიის კაბადონზე ასეთი მაღალი დონის პიესა არ გაჭაჭანებულა.

`დარაბებს მიღმა გაზაფხულია~, მისი რვავე პერსონაჟი რეჟისორებს, მსახიობებს, თეატრმცოდნეებს, მაყურებლებს ისე უყვართ, როგორც ადრე უყვარდათ, _ ძალუმად, ძალიან ძალუმად და, თუ შეიძლება ითქვას, ძალიანზე უფრო ძალუმადაც.

ამიტომ, ამ პიესის მიხედვით, ახალ დადგმაში ხელოვანის მხრიდან უნებლიე იოტისოდენა ჩავარნასაც კი ვერ აიტანს მაყურებელი, ვერავის აპატიებს ამ უსაშველოდ ჰარმონიულ სიყვარულში თუნდაც უმნიშვნელო დისონანსის შეტანას.

აქედან გამომდინარე, მართლა ახირებული და უსაშველოდ ამბიციური უნდა იყო, რომ ადვილად შეუბედო ამ პიესას. ახირებისა რა გითხრათ, მაგრამ ამბიციურობა, როგორც ჩანს, არც ჩვენი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რეჟისორ ვასო ჩიგოგიძეს და არც მის თანამოაზრეებს აკლიათ, რომლებიც, თეატრის შენობაში მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ფონზე, მაინცა და მაინც ამ პიესას ჩააჭიპჭიპდნენ და 7 დეკემბერს, სახელდახელოდ მოწყობილ ე. წ. `მცირე სცენაზე~ 149-ე თეატრალური სეზონის მეექვსე პრემიერა გამართეს.

თეთრი ყვავილებით მოჩითული სცენა იმდენად ახლოს იყო დარბაზთან, რომ როლებში შეჭრილი მსახიობები ლამის წამწამზე ეხებოდნენ პირველი რიგის მაყურებელს, რომელსაც, მიუხედავად ამ `ერთგვარი დისკომფოტისა~, სპექტაკლის მსვლელობის დროს, ერთხელაც არ ამოუსვამს თვალში ხელი.

წარმოდგენა, პერსონაჟტა მოხდენილი მოძრაობით, იმდენად დინამიკური დარჩა, უკანა რიგებისკენ ერთხელაც ვერ მოვიხედე, ფოტოაპარატით მაყურებელი რომ დამეფიქსირებინა, რომელიც დროდადრო აპლოდისმენტებით უხვად ასაჩუქრებდა მსახიობებს. მხოლოდ ერთხელ გავინძერი და გვერდით მჯდომ კოლეგას, ლია კილაძეს გადავჩუჩულე ლევან საღინაძეზე _ მაგარი ბიჭია-მეთქი. როგორ შემდეგ გავიგე, დარბაზი არ ყოფილა სავსე და დიდი ალბათობით ამის მიზეზი უამინდობა იყო, მაგრამ ვინც პრემიერას დაესწრო, შემსრულებლებით იმდენად ნასიამოვნები დარჩა, რომ მას ზამთრის სუსხი თეატრის შენობიდან ქუჩაში გამოსვლის შემდეგაც არ უგრძნია. სპექტაკლში ელენეს პერსონაჟს უდავოდ ახალი შტრიხები შემატა ბელა კიკვაძემ, ტიპიური კაპასი ქალი იყო შორენა გვეტაძის ლენა, თავისი შვილის გასაჭირში ცით მოვლენილის შთაბეჭდილება დატოვა ანი გოდერძიშვილის დედამ, ბადრის სრულყოფილი სახე შექმნა გენადი ნიკოლაიშვილმა, როგორ ყველა სპექტაკლში, აქაც ბოლომდე გაიხარგა ემოციური გიორგი დოლიძე და გელას დასამახსოვრებელი ტიპაჟი შექმნა; ალექსანდრე ლომიძის კირილე კი, იმდენად მოწადინებულია, რომ, ალბათ, სპექტაკლის დამთავრების შემდეგაც იოცნებებს `სახავერო~ ქალებზე.

ცალკე უნდა შევჩერდე ახალგაზრდა მსახიობებზე _ მარი ხანთაძესა და ლევან საღინაძეზე, რომელთა ნიჭიერებაში ეჭვი არასდროს შემპარვია. რა თქმა უნდა, მარი და ლევანი მომავალში მრავალ საინტერესო სახეს შექმნიან, უამრავჯერ მოიგებენ მაყურებლის გულს და რეცენზენტების ხოტბასაც დაიმსახურებენ, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მათ შემოქმედებაში ნინიკო და კოკა მხეიძე სამუდამოდ განსაკუთრებულ პერსონაჟებად დარჩებიან.

და ბოლოს ცნობისათვის კი არა, ისტორიისათვის:

სარეცენზიო სპექტაკლის დადგმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ, რეჟისორმა ვასო ჩიგოგიძემ განახორციელა; მხატვარი მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი ლომგულ მურუსიძე გახლავთ; მუსიკალური გაფორმება გოგა მახარაძეს ეკუთვნის; ნაქები სასცენო მოძრაობა _ მარიკა ქვეითაიას; რეჟისორის ასისტენტია მაკა მამულაიშვილი; თეატრის დირექტორი _ ზაზა ჯინჭარაძე.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.