„ზარა“-სა და „მანგო“-ს პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები გურიაში იმყოფებიან

დამატებულია: 2017-01-17
picture1

ქალაქ ოზურგეთში „ზარა“-სა და „მანგო“-ს სამკერვალო ფაბრიკის გახსნის შესაძლებლობაზე სასაუბროდ გურიაში იმყოფებიან მსოფლიოში ცნობილი აღნიშნული ბრენდების პროდუქციის მწარმოებელი თურქული კომპანია „ENA Textile“-ის წარმომადგნლები.

კომპანია „ENA Textile“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ილმაზ აჯარის უკვე შეხვდა გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე. თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა გურიაში „ზარა“-სა და „მანგოს“ სამკერვალო ფაბრიკის მშენებლობისადმი ინტერესი, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება ყველა დეტალის შესწავლის შემდეგ იქნება მიღებული. გუბერნატორთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა წინა მოსამზადებელ სამუშაოებზე დეტალურად ისაუბრეს და აღნიშნული პროექტის განხორციელების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

„ ქალაქ ოზურგეთში არსებული უძრავი ქონებისა და რეგიონის საინვესტიციო გარემოს შესწავლის შედეგად მოლაპარაკება შემდეგ ეტაპზე გადავიდა. ჩვენ თურქულ კომპანიას „ENA Textile“ პროექტის წარმატებით განხორციელების საქმეში სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ,“- განაცხადა გია სალუქვაძემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა ქალაქში არსებული საპრივატიზაციო ობიექტები დაათვალიერეს და პროფესიული კოლეჯი \"ჰორიზონტი\" მოინახულეს, სადაც პროექტის განხორციელების შემთხვევაში საწარმოში დასასაქმებელი მუშახელის გადამზადება იქნება შესაძლებელი.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა გუბერნატორს მადლობა გადავუხადო გულთბილი მიღებისათვის. მან დაგვარწმუნა, რომ აქ მისაღებია ინვესტიციის ჩადება და ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს. გუბერნიის ოფისში ძალიან მომზადებულები დაგვხდნენ. ვაგრძელებთ ჩვენს კვლევებს და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი დადებითად გადაწყდება. ჩვენი კომპანია მუშაობს როგორც „ზარა“-ს, ასევე „მანგო“-ს პროდუქციის წარმოებაზე, შესაბამისად თუკი საბოლოო ყურადღება გურიაზე შეჩერდება, ამ ორივე კომპანიის ბრენდის აქ წარმოებაზე იქნება საუბარი. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ფაბრიკაში პირველ ეტაპზე დასაქმებული იქნება 500 ადამიანი, ხოლო საბოლოო ჯამში მათი რიცხვი სავარაუდოდ 1000-მდე გაიზრდება. საინვესტიციო თანხა რამდენიმე მილიონი დოლარი იქნება“,- განაცხადა კომპანია „ENA Textile“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ილმაზ აჯარიმ.

გუბერნიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ თურქული კომპანია „ENA Textile“ სხვადასხვა მიმართულების დირექტორები, ასევე აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე თამაზ შავაძე, გუბერნატორის მოადგილეები, ქალაქ ოზურგეთის მერიის ეკონომიკური განვითარება ქონების მართვის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი და სსიპ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო, გურია, ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსი გოჩა კანკავა.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.