ქალბატონი თამარ გოლიაძე საუკუნის გახდა

დამატებულია: 2017-02-12
picture1

გასულ პარასკევს, სოფელ მაკვანეთში გოლიაძეების ოჯახში საზეიმო განწყობა სუფევდა. ოჯახის დედა, ქალბატონი თამარ თავამაიშვილი-გოლიაძე 100 წლის გახდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლებმა ლევან ნიკოლაიშვილმა, შორენა ცეცხლაძემ საკრებულოს დეპუტატ ნუგზარ კალანდარიშვილთან ერთად, იუბილარი ქალბატონი მოინახულეს, ტორტი და ყვავილები გადასცეს. მათივე ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ქალბატონი თამარი 300 ლარით დააჯილდოვა.

_ მთელი ცხოვრება შრომაში გავლიე. კოლმეურნეობის წევრი ვიყავი და შოტაულაში ვკრეფდი ჩაის ფოთოლს. შვილებიც გვერდით მედგნენ. სკოლიდან დაბრუნებულები ჩაის პლანატაციაში გამორბოდნენ. ყანაშიც დამყვებოდნენ და ერთად ვამუშავებდით სიმინდის ფართობს. მეუღლე ადრე გარდამეცვალა, ხუთი შვილი გავზარდე. ყველა კარგი ადამიანია. ახლა 8 შვილიშვილი და 6 შვილთაშვილი მყავს. ადრე სოფლის ცენტრში ვცხოვრობდით, შემდეგ აგიდაყვას ხეობაში გადმოვედით…...

უფროსი შვილი ცაცა 78-ე წელშია, ხოლო უმცროსი გენო _ 55 წლისაა. ასაკით ამათ შორისაა ზინა, ოთარი, მერი... _სულ დედის გვერდით ვიყავით. ჩაის ფართობიდან რომ წამოვიდოდით, სახლში აუცილებლად მოგვქონდა შეშა, ლობიოს სარი, ფიჩხი. ვშრომობდით და თავი გაგვქონდა, თუმცა სტუმრისთვის `მობრძანდის~ დაძახება არ გვრცხვენოდა. ჩემი ძმა გენო გური გოლიაძის ანსამბლში მღეროდა. მე - გიორგი სალუქვაძის `იადონში~ გამოვდიოდი _ გვითხრა უმცროსმა ქალიშვილმა, ქალბატონმა მერიმ.

სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნუგზარ კალანდარიშვილმა გაიხსენა, რომ კარგი დიასახლისი, `ოსტრი სალიანკას~ და ლობიოს ოსტატი იყო ქალბატონი თამარი.

ოჯახის რძალმა ირინა სიხარულიძემ (გენოს მეუღლე) დედამთილის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა: _ ძალიან მშრომელი ქალბატონი გახლდათ. მაგის ავადმყოფობა არ მახსოვს. ორი წელია აღარ შეუძლია, თორემ ბოსტანს თავად უვლიდა. ახლაც არ ხმარობს სათვალეს. რომ არა ოჯახის ტრაგედია (შარშან, შვილიშვილი გია ლომთათიძე ნაადრევად გარდაიცვალა), უკეთ იქნებოდა...

შვილებმა მადლობა გადაიხადეს დედის დაფასებისთვის და გვთხოვეს, რომ მომდევნო დაბადების დღეზეც ვესტუმროთ.

ავტორი: გაზეთი „ალიონი“;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.