გასულ ხუთშაბათს, 9 თებერვალს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში ინციდენტი მოხდა ქალაქის ხელმძღვანელობასა და `გურიის `მოამბის~ დამფუძნებელ ვლადიმერ მენაბდეს შორის, რომელიც, ამავე დროს `რუსთავი-2-ის~ კორესპონდენტია.
როგორც თვითმხილველები ამბობენ და როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული, შესაბამისი ვიდეომასალიდან ჩანს, ინციდენტის მიზეზი გახდა მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ვლადიმერ მენაბდისადმი გაგზავნილი წერილი, რომლითაც ქალაქის ხელმძღვანელობა მენაბდეს ოთხ ქუჩაზე განთავსებული სარეკლამო კონსტრუქციებზე სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენას თხოვდა, თუმცა, საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ მხარეებს შორის სიტუაცია ყოველთვის დაძაბული იყო და ეს დაძაბულობა თანდათანობით მძაფრდებოდა.
ბეგლარ სიორიძე, ქალაქ ოზურგეთის მერი: „დღეს გაზეთ “გურიის მოამბის“ დამფუძნებელი და ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის“ გურიის რეგიონის რეპორტიორი ვლადიმერ მენაბდე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ოპერატორებისა და ჟურნალისტის თანხლებით შემოიჭრა და მერს, საკრებულოს თავმჯდომარესა და მერიის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტის მხრიდან, ადგილი ჰქონდა მუქარასა და უხამსი სიტყვებით მიმართვას. მენაბდის მერიაში შემოჭრის მიზეზი 7 თებერვალს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაგზავნილი წერილი გახდა. წერილში, ხსენებული სამსახური ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე 2009 წლის 16 ოქტომბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და შპს „გურიის მოამბის“ დირექტორს შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულებით გადაცემულ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე (აღმაშენებლის, კოსტავას, ერისთავისა და ვ. დოლიძის ქუჩებზე) განთავსებულ სარეკლამო კონსტრუქციების სანებართვო დოკუმენტაციას ითხოვდა.
მენაბდეს წერილობითი პასუხი და მოთხოვნილი სანებართვო დოკუმენტაცია სამი სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოედგინა, თუმცა წერილობითი პასუხის ნაცვლად, იგი შენობაში შემოიჭრა და მუქარითა და უხამსი სიტყვებით ითხოვდა კითხვაზე პასუხს, თუ რა უფლებით მოსთხოვა ზედამხედველობის სამსახურმა სანებართვო დოკუმენტაცია. მეორე დღეს ვლადიმერ მენაბდემ თავისი მედიასაშუალების ვებგვერდზე აღნიშნა, რომ ქალაქის მერიამ მისი, როგორც კერძო მესაკუთრის, ზედამხედველობის სამსახურში მისვლის არასრული ვიდეოვერსია გაასაჯაროვა და ის იძულებულია გაავრცელოს ორი კამერით გადაღებული „ოზურგეთის მერის მესაკუთრეზე თავდასხმის სრული ვერსია“. სადაც, მისი თქმით, ნათლად ჩანს, ვინ არის პროვოკატორი, ვის არ შეუძლია ხალხთან ურთიერთობა და დიალოგი და ვის სურს ძალისმიერი, ხისტი მეთოდებით განსხვავებული აზრის ჩაკვლა ოზურგეთში.
ვლადიმერ მენაბდე, გურიის მოამბის“ დამფუძნებელი: „ვიდეოს გავრცელებამდე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ქალაქ ოზურგეთის ქუჩებში განთავსებული ბილბორდები (სულ ოთხი) რომლის წართმევაც სურს ბეგი სიორიძეს და გელა კობალაძეს, გაკეთდა ფონდ \\\\\\\"ღია საზოგადოება საქართველოს\\\\\\\" პროექტის ფარგლებში. 2009 წელს \\\\\\\"გურიის მოამბემ\\\\\\\" გაიმარჯვა ამავე ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში პროექტით \\\\\\\"გადამწყვეტი ნაბიჯი\\\\\\\" .. ეს ბილბორდები (მისი გაქირავებიდან მიღებული შემოსავლები) მთლიანად ხმარდება გაზეთ \\\\\\\"გურიის მოამბეს\\\\\\\". სწორედ ეს შემოსავლები ხდის მას დღეისათვის თვითკმარ გამოცემას (მოგებაზე დღეს ბეჭდური მედიისა, დამეთანხმებით, რომ ლაპარაკი ზედმეტია) ამ ბილბორდების წართმევით ქალაქის მერი და ქალაქის მორჩილი საკრებულოს თავმჯდომარე ცდილობს წინასაარჩევნოდ მძიმე დარტყმა მიაყენოს დამოუკიდებელ მედია საშუალებას და მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების წინ მთლიანად მოასუფთაოს მხარის მასშტაბით საინფორმაციო ველი. ამ მოსაზრებას ის ფაქტიც ამყარებს, რომ „გურიის მოამბეს\\\\\\\" გამოწერა არაოფიციალურად აკრძალულია ბოლო 5 წელია ყველა სახელმწიფო უწყებისა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული ა(ა)იპების თანამშრომლებისათვის, მაშინ როცა დანარჩენი მედია საშუალებების გამოწერა არის სავალდებულო (წინა წლებისთვისაც ხომ არ გადაგვეხედა ?! -„ალიონი“) მე, როგორც კერძო მესაკუთრე, რომელსაც ართმევენ საკუთარ ქონებას, ვიბრძოლებ ბოლომდე, რათა დავიცვა ჩემი უფლებები და არ მივცემ საშუალებას არავის ამ, ან მსგავსი მეთოდებით მოკლას განსხვავებული აზრი გურიაში.
ვლადიმერ მენაბდე აქვე თავის მეგობრებსა და მტრებსაც მიმართავს: „ჩემო ძვირფასო მეგობრებო და მტრებო, მოგეხსენებათ რომ ოზურგეთის მერმა და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ დაიწყო ჩემს საკუთრებაში არსებული ქონების (ბილბორდების) მითვისების პროცესი-რასაც სამართალთან და კანონთან არავითარი კავშირი არა აქვს თავისთავად. მე ყველაფერი მაქვს კანონიერად და ვმოქმედებ კანონის ფარგლებში. ამიტომ დღეიდან დავიწყე ჩემი, როგორც კერძო მესაკუთრის, უფლებებისათვის ბრძოლა, აქედან გამომდინარე, დღეს დილიდან გავედი შვებულებაში და „რუსთავი-2\\\\\\\" რეპორტიორის მოვალეობას შეასრულებს კომპანიის ოპერატორი ირაკლი ღლონტი...“
მხარეები, ალბათ, სასამართლოს მიმართავენ და იქ გამოჩნდება შავი და თეთრი. მანამდე კი კარგი იქნება თუ საზოგადოებას ზუსტად ეცოდინება, მენაბდის შვებულებაში ყოფნის დროს ვინ შეასრულებს „რუსთავი-2-ში“ მის მოვალეობას, ირაკლი ღლონტი თუ გიორგი სირაძე?
ქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ამ პოსტზე მენაბდე ჟურნალისტ გიორგი სირაძეს ასახელებს, ხოლო ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში - ირაკლი ღლონტს.