წაართმევს თუ არა ეკონომიკის სამინისტრო ექადიელებს მიწის ნაკვეთებს?

დამატებულია: 2017-04-03
picture1

ექადიელთა თემა წლებია აქტუალურია მედიისათვის. ამ უბნის 22 ოჯახის გასაჭირზე ვწერდით როგორც წინა ხელისუფლების, ისე ამჟამინდელი ხელისუფლების დროს. მთავრობათა ცვლილებებს პრობლემის გადაჭრაში ჯერჯერობით სიცხადე არ შეუტანია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სახელზე 2016 წლის 7 სექტემბერს გაგზავნილ წერილზე ახლახან მიიღეს პასუხი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ექადიელებმა მიმდინარე წლის 16 თებერვალს განმეორებით გააგზავნეს კოლექტიური განცხადება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის შეტყობინებით ექადიელთს წერილები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეგზავნა.

ექადიელი ციცო თავდუმაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ექადიელებს 3,6 ჰექტარი საყანე ფართობი გაუყიდეს, მაგრამ იმდენად დიდი იყო მოსახლების პროტესტი, რომ ნაციონალებმა აღნიშნული მიწის ნაკვეთი დააბრუნეს. ეს მიწები არის 22 ოჯახიდან უმეტესობის სარჩოს მომტანი. დღეს ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“ და ნუთუ ისინი ჩვენ თხოვნას არ გაითვალისწინებენ?_აცხადებს ციცო თავდუმაძე.

ექადიელთა მიწების ისტორია ასეთია: _ ექადიის ამ უბნის მცხოვრებთა უმეტესობა ნახევარ საუკუნეზე მეტია ფლობდნენ კავაჭალათის უბანში არსებულ 3,6 ჰექტარ საყანე ფართობს. აქ მათ ძირითადად სიმინდი და ლობიო უთესიათ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწისში, პრივატიზებისას ქ. ოზურგეთის მერიის თავკაცებმა ექადიის საპრივატიზაციო კომისისას ურჩიეს, მომავალში ქალაქის განაშენიანების ინტერესებიდან გამომდინარე, ე.წ. „კვაჭალათის მიწის ფართობი“ ოფიციალურად არ გადაეცათ ამ მიწის მფლობელობისათვის.

ქალაქის განაშენიანების რა მოგახსენოთ და 2004 წელს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ეს ფართობი სოფელ ლიხაურს გადასცა. ამის მოტივაცია ის იყო, რომ ექადიელთა საყანე ფართობის გვერდით ოზურგეთის მანქანათმშენებელთა ქარხანა იყო და სოფელ ლიხაურის იმჟამინდელ გამგეობას ქარხნიდან გადასახადის სახით, შემოსავალი გასჩენოდა.

კანონმა „სახელმწიფო ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ამ უბნელებს მიწის გაფორმების იმედი გაუჩინა.

ექადიელებმა 2008 წლის გაზაფხულზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტან არსებულ ლეგალიზაციის კომისიას განცხადებით მიმართეს და მათი რეკომენდაციით შექმნეს ამხანაგობა „ექადია-2,“~.

ამხანაგობის წევრებმა პირველ რიგში მიწების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით აზომვითი ნახაზისა და საკადასტრო რუქის ელექტრონული ვერსიის მომზადების საფასური 1190 ლარი მოაგროვეს და 2008 წლის 19 მაისს გადარიცხეს „სახალხო ბანკში“ერთ-ერთ შპს ანგარიშზე.

პარალელურად ნოტარიულად, მოწმეების საფუძველზე დაადასტურეს, რომ კონკრეტულ ფართობებს ისინი ფლობდნენ ათეული წლების მანძილზე.

ფიზიკური და კერძო იურიდიული პირებისმფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების გამცემი კომისიის თავმჯდომარე, კომისიის წევრები, ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტები, მიწის ამზომველები რამდენჯერმე იყვნენ საყანე ფართობში.

ამ პერიოდშიხლეგალიზაციის კომისიის საქმიანობით პროკურატურა დაინტერესდა და კომისიაში განცხადებების და მომზადებული საბუთების მიღება შეწყდა.

ამხანაგობა „ექადია 2“-ის წვრები ამაოდელოდნენ კომისიის მუშაობის განახლებას. მათ ამ პერიოდში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც კი მიმართეს წერილობითი განცხადებით.

ფიზიკური და კერძო იურიდიული პირებისმფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების გამცემი კომისიის თავმჯდომარემ და პროკურატურამ კი გაარკვიეს ერთმანეთში საქმე, მაგრამ ექადიელები დარჩნენ პასუხით: -„გამოიარეთ, იკითხეთ ამბავი .. თქვენ რა პრობლემა გაქვთ, დაამუშავეთ ფართობებიო“ ამის შემდეგ ლეგალიზაციის კანონში არაერთი ცვლილება შევიდა და მიწის ლეგალიზება უბრალო მოქალაქეებისათვის კიდევ უფრო დამძიმდა.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის შემდეგ დამფრთხალი ნაციონალები, არჩევნების წინ, მაქსიმალურად ცდილობდნენ ხელში ჩაეგდოთ ბევრი „მსუყე ლუკმა.“ ერთ-ერთ ასეთად მათ 22 ოჯახის მფლობელობაში არსებული 3,6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაისახეს.

მართლაც, 2012 წლის 16 იანვარს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში შევიდა იმჟამინდელ ერთ-ერთი პროკურორის შალვა საღირაშვილის განცხადება, რომ მისთვის დაერეგისტრირებინათ აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება _36801,00 კვ. მეტრი სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთი, რაც რეესტრმა ორი დღის შემდეგ დაარეგისტრირა.

ბატონ შალვასთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არ იყო პირველი ფართობი. იგი შავიზღვისპირეთში, საკურორტო ზოლში უკვე ფლობდა 3000,00 კვ. მეტრს მიწის ფართობს. უნდა აღინიშნოს, რომ საღირაშვილს ექადიელთა მიწებზე საკადასტრო ნახაზები საქართველოს მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის ქუთაისის რეგიონული ოფისის ოზურგეთის წარმომადგენლება „შეასრულეს“(?!), რომელსაც ვანო მერაბიშვილი უწევდა „პატრონაჟს“. სამუშაოები იმ დროს შესრულდა, როცა იქ ყანები იყო დათესილი.

ექადიელთა პროტესტს პროკურორის „შეშფოთება“ მოჰყვა და გამოჩნდნენ ამ მიწის ნამდვილად ხელში ჩამგდებები. პროკურორმა მისი „წილი“, აღნიშნული ფართობის 1/3 გადაიფორმა, ხოლო დანარჩენი ფართობი ორ პირზე გადაფორმდა, მათ შორის ერთ-ერთი სოფლის მეურეობის ამინისტროს ერთ-ერთ რეგიონულ სამსახურს ხელმძრვანელობდა და იმჟამინდელი გამგებლის ალალი დეიდაშვილი იყო.

ექადიელების პროტესტი იმდენად ძლიერი გამოდგა, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ ამდენი ხმის დაკარგვას მოერიდნენ და პროკურორმა საღირაშვილმა და მისმა „პადელნიკებმა“მიწა სახელმწიფოს დაუბრუნეს იმ იმედით „არჩევნებს მოვიგებთ და მერე კვლავ გავიფორმებთო...“ თუმცა ეს ასე არ მოხდა.

ამის შემდეგ ექადიელები კანონიერი გზით იბრძვიან ამ მიწების გასაფორმებლად, მაგრამ ყველგან რაღაც ბარიერი ხვდებათ.

ანიკო ცეცხლაძე, -ჩვენი ოჯახი ექადიაზე საუკუნეზე მეტია ცხოვრობს. რა გაჭირვება არ გადაუტანია ჩვენს ოჯახს. აღნიშნულ ფართობს 1960 წლიდან ვამუშავებდით.მთელი ცხოვრება ვშრომობდი, მოწინავე მეჩაიე ვიყავი და ორდენი და მედლები მაქვს მიღებული. თუმცაპრივატიზებისას მფლობელობაში მხოლოდ 0,1 ჰექტარი სახნავ-სათესი შემხვდა. ახლა ამასაც მართმევენ. ამ დღეებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან წერილი მივიღე, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის განსახილველად გადაუგზავნიათ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგზავნილი ექადიის მცხოვრებთა განცხადება. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ექნება რამე შედეგი?

მერაბ ჩიჩუა: -წლებია ამ ნაკვეთების გაფორმებაზე ვბრძოლობთ. მე პიროვნულად არავის არ ვუპირისპირდები, მაგრამ 2008 წელს რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან არსებულ პრივატიზაციის კომისიის საქმიანობის შესწავლა პროკურატურამ დაიწყო და საბუთების მიღება-განხილვა შეწყდა, ეს ექადიელების ბრალია? რას უპირებენ ამ 22 ოჯახს, რომელთაგან უმეტესი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს და ამ ფარობში მოწეული სიმინდი და ლობიო მათი ოჯახების ძირითადი სარჩოა. მიწის გადმოცემის შემთხვევაში, გვინდა ნაწილ ფართობზე სასათბურე მეურნეობის მოწყობა, სადაც სწორედ ამ სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები იმუშავებდნენ, მაგრამ როგორ გავბედოთ ინვესტიციის მოძიება, როცა შესაძლებელია ახალი „საღირაშვილი“ და ძმანი მისნი კვლავ გამოჩნდნენ და მიწის ფართობი წაგვართვან. ამიტომ ვთხოვთ მთავრობას დახმარებას. დღეს ხომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა,“ რომელთა ხელისუფლებაში მოსვლაში ექადიელთა ამ 22 ოჯახსაც მიუძღვის მცირე წვლილი -აცხადებს მერაბ ჩიჩუა და მთავრობისგან ამ საკითხის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას ელოდება.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.