დავით მუჯირი: `სურვილი მაქვს სუპერთასის მატჩი მომავალ წელს ოზურგეთში ჩავატარებინო~

დამატებულია: 2017-04-03
picture1

`სურვილი მაქვს სუპერთასის მატჩი მომავალ წელს ოზურგეთში ჩავატარებინო. ამისთვის თქვენს სტადიონს ისე გავაკეთებინებ, როგორც საჭიროა. შარშან მარტვილში ჩატარდა. არა მგონია, ოზურგეთელებმა მარტვილელებზე ნაკლებად გავართვათ თავი ამ ამოცანას~.

ეს განცხადება გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, თბილისის `დინამოს~ ვეტერანმა ფეხბურთელმა დავით მუჯირმა (მამა) 2 მარტს ქალაქ ოზურგეთის მერის კაბინეტში მას შემდეგ გააკეთა, რაც მისი სტუმრობის გამო თხუთმეტიოდე წუთით შეწყდა `ალიონთან~ ბეგლარ სიორიძის ინტერვიუ.

გურიაში ფეხბურთის ასაღორძინებლად ორივე მხარის აზრები დაემთხვა ერთმანეთს, პრეზიდენტობის კანდიდატი და ქალაქის მერი მიიჩნევენ, რომ ამ მიზნით უპირველესია ბავშვთა საფეხბურთო სკოლების გახსნა. დავით მუჯირი: `მთავარი არის ბავშვთა საფეხბურთო სკოლების მოწყობა. საერთოდ გურიაში არ არსებობს ბავშვთა ასაკობრივი ჯგუფი.

სანამ აქეთ წამოვიდოდი, ფედერაციის მხარდაჭერით, ერთკვირიანი მონიტორინგი ჩავატარეთ. ხალხი დავაგზავნე და სტადიონები და ბავშვები აღვარიცხვინე. კატასტროფაა. ისე გამოვიდა, გურიაში ფეხბურთი აღარაა. არადა, არ არსებობდა გურია ფეხბურთის გარეშე~. ბეგლარ სიორიძე: ამას ვიძახდი მეც. ჩამოჰყავდათ 18-დან 20 წლამდე ფეხბურთელები. რომლებიც სამთვიანი სეზონის შემდეგ ტოვებდნენ კლუბს. თუ გუნდში 16 ჩამოყვანილი ფეხბურთელი გყავს, მაშინ რაღა `მერცხალია~ იგი?! შევსება ადგილობრივი საფეხბურთო სკოლებიდან უნდა ხდებოდეს. თუ ფეხბურთელი ბავშვები ადგილზე არ დაიზარდა, ისე არაფერი ეშველება მაგ საქმეს~.

დავით მუჯირმა აღნიშნა, რომ მი მისი გამარჯვების შემთხვევაში გურიის ფეხბურთის ფედერაცია ქალაქ ოზურგეთში დაიდებს ბინას: `დიახ, ოფისი ოზურგეთში გადმოვა. გურიის სათავო ქალაქი ეს არის, გუბერნიაც აქაა ასე აჯობებს როგორც ფეხბურთის რეგიონული ფედერაცისთვის, ისე პირადად ჩემთვის, აქაური, მაკვანეთელი კაცი ვარ, აქ მაქვს სახლი და კარი~.

მხარეებმა დაფინანსებასა და ბაზებზე ისაუბრეს:

ბეგლარ სიორიძე: ` არასდროს რომ აქ ჰქონია, შარშან იმხელა დაფინანსება ჰქონდა `მერცხალს~. სტადიონიც გავაკეთეთ, მაგარი არ არის, მაგრამ ეგეთი სტადიონი ოზურგეთში, მე რომ რაიკომში ვმუშაობდი, იმის შემდეგ არ ყოფილა~.

დავით მუჯირი: `ბოხვაურში ვნახე შესანიშნავი სტადიონი, მაკვანეთშიც შეიძლება რაღაც. პირველი, რაც მაინტერესებდა ეს იყო ბოხვაურის სტადიონი, გუშინ დავათვალიერე, მაქ შეიძლება საფეხბურთო სკოლის გაკეთება, თავისი გასახდელითა და საშხაპით~.

ქალაქის მერმა მაქსიმალურად გვერდით დგომა აღუთქვა სტუმარს: `მერწმუნეთ, კარგად ვიცი, რა არის ფეხბურთი ოზურგეთისა და ოზურგეთელებისთვის, მთლიანად გურიისთვის. თუ ამ თვალსაზრისით მიხედავთ აქაურობას, ჩათვალეთ რომ, როგორც ფედერაციის პრეზიდენტს, მაქსიმალურად დაგიდგებით გვერდით.

დავით მუჯირმა მადლობა გადაუხადა ქალაქის მერს გულთბილი მიღებისა და გამოცხადებული ნდობისათვის:

`დიდი მადლობა გულთბილი მიღებისა და ნდობისათვის. ეჭვი არ მეპარებოდა რომ ასეთი იქნებოდა ეს შეხვედრა, ბატონმა კახა ჭუმბურიძემ ისეთი რაღაც მითხრა თქვენზე თბილისში, რომ არ ვიცი, ვერ აგიხსნით, მადლიერების მეტი რა მეთქმის. დამთავრდება არჩევნები და პრეზიდენტის სტატუსში თქვენთან უფრო კონკრეტულად ვისაუბრებ და ვიმოქმედებ, რასაკვირველია~.

გურიის ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები 10 მარტს გაიმართება.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.