გურიის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარედ დავით მუჯირი აირჩიეს

დამატებულია: 2017-03-13
picture1

გაზეთ „ალიონის“ 6 მარტის ნომერში დაიბეჭდა ექსკლუზიური ინტერვიუ თბილისის „დინამოს“ცნობილი მცველთან დავით მუჯირთან (უფროსი), რომელმაც გაზეთ „ალიონთან“ გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები დააანონსა და თავისი მოსაზრება გამოთქვა ოზურგეთში გურიის ფეხბურთის ფედერაციის გადმოტანასთან დაკავშირებით მან სხვა აქტუალურ საკითხებზეც ისაუბრა, მათ შორის რეგიონში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე და ოზურგეთის „მერცხალის“ სტადიონის კეთილმოწყობაზე, სადაც მომავალში ფეხბურთში საქართველოს სუპერთასის ფინალური შეხვედრაც შესაძლოა გაიმართოს.

, როგორც ლანჩხუთში გამომავალი გაზეთი „ჰო და არა“ წერდა, აღნიშნული ინტერვიუს გამოქვეყნება გახდა იმის საფუძველი, რომ ლანჩხუთის საფეხბურთო საზოგადოება დაირაზმა ფეხბურთის ფედერაციის ოფისის ოზურგეთში გადატანის წინააღმდეგ. „`ჰო და არამ“~ წინა ნომერში გამოქვეყნებული წერილით სწორედ ეს მინიშნება გააკეთა _ გურიის ფედერაციამ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი, ვისაც სუპერთასი და ოფისი ოზურგეთში მიაქვს!

ახლა დეტალურად განვიხილოთ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. დავიწყოთ იმით, რომ გრფფ-ს სულ 7 ხმისმიმცემი სუბიექტი ჰყავს, აქედან ოთხი ლანჩხუთისაა _ საფეხბურთო კლუბი `გურია~ (ხმისმიმცემი დელეგატი გიგლა იმნაძე), საფეხბურთო სკოლა (გია თავაძე, რომელიც შესაძლოა შეიცვალოს), გოგონათა საფეხბურთო სკოლა (დურმიშხან ჩხაიძე) და საფეხბურთო სკოლა (გიორგი ფაცურია). ორი სუბიექტი ჰყავს ოზურგეთს _ საფეხბურთო კლუბი `მერცხალი~ და საფეხბურთო სკოლა `ბასა~, ერთი ჩოხატაურს _ საფეხბურთო კლუბი `ბახმარო~.

აქედან ნათელია, რომ პრეზიდენტს 7-დან 4 ხმა სჭირდება, რაც ლანჩხუთის ხმის გარეშე შეუძლებელია. რა თქმა უნდა, აქ არ ვუშვებთ, რომ თუ ოფისი ლანჩხუთიდან გადავა, ასეთ შემთხვევაში, ოთხიდან რომელიმე სუბიექტი ამას გააკეთებს! ამასთან, თუ ლანჩხუთი ბოიკოტირებას მოახდენს, გამოვა, რომ ყრილობა და შესაბამისად, არჩევნებიც ჩაიშლება, რამეთუ ყრილობა (საერთო კრება) უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება სუბიექტების ნახევარზე მეტი. რაც შეეხება ახალი წესდების მიღებას, ამას სჭირდება საერთო ხმების 2/3, რაც ნიშნავს, რომ თუ 7-ივე სუბიექტის წარმომადგენელი მივა ყრილობაზე, ცვლილებებს სჭირდება ხმის მიცემის უფლების მქონე 5 დელეგატის მხარდაჭერა, რაც ლანჩხუთის სუბიექტების გარეშე გამორიცხულია.

ყველაზე მთავარი _ ოფისის მისამართის შეცვლას სჭირდება ა(ა)იპ გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ოთხივე დამფუძნებლის თანხმობა! ყველა მათგანი ლანჩხუთელია და ოფისის ადგილზე დატოვების მოთხოვნას ხელი, მოლოდინისამებრ, ოთხივემ (ბეგი სიხარულიძე, შოთა პატარაია, გია გოგუაძე, თემურ ალექსაია) მოაწერა‘¬წერდა გაზეთი „ჰო და არა.“

ლანჩხუთელებმა გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატს შეხვედრაზე გარკვეული გარანტიები მოსთხოვეს და ახალ წესდებაში იმის ჩაწერაც, რომ გურიის ფეხბურთის ფედერაცია ქ. ლანჩხუთში დარჩებოდა...

ლანჩხუთელებს რომ ფეხბურთი საქართველოში გამორჩეულად უყვართ, ამაზე არავინ არ დაობს. უფროს თაობას ახსოვთ შესანიშნავი პიროვნება ევგრაფი შევარდნაძე, რომლის სახელსაც უკავშირდება ლანჩხუთის „გურიას“ აღზევება და გასული საუკუნის 80-იანი წლების სენსაცია, პატარა ქალაქის გუნდი იმჟამინდელ სსრ კავშირის უმაღლეს ლიგაში მოხვდა.

გურიის ფეხბურთის ფედერაცია 2000 წელს დაფუძნდა. სფფ-ის მაშინდელი პრეზიდენტის მერაბ ჟორდანიას გადაწყვეტილებით გურიის ფეხბურთის ფედერაციის ოფისი ლანჩხუთში განთავსდა.

თუ რატომ აპირებდა დავით მუჯირი გურიის ფედერაციის ოზურგეთში გადმოტანას, ამას იგი გაზეთ „ალიონთან“ ინტერვიუში გასაგებად განმარტავდა. თუმცა მეზობლების მწვავე რეაქცია დაიმსახურა...

ორიოდ სიტყვით ოზურგეთში ფეხბურთის განვითარების ისტორიის შესახებ: პირველი საფეხბურთო გუნდი გურიაში ოზურგეთში შეიქმნა და გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან ოზურგეთელები მონაწილეობდნენ საქართველოს პირველობაზე. 1946 წელს ოზურგეთის „დინამო“ საქართველოს პირველობაზე მესამე ადგილზე გამოვიდა. ამის შემდეგ გუნდი „კოლმეურნეს“ სახელით წარმატებით გამოდიოდნენ საქართველოს პირველობაზე და „ოქროს თავთავის“ საკავშირო ტურნირებზე. 1959-60 წლებში იმჟამად უკვე ოზურგეთის „სიხარულმა“ საქართველოს თასის გათამაშების ფინალში ლანჩხუთის „გურიას“(4:0) და თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსის სამმართველოს გუნდს (2:1) სძლია და ზედიზედ ორჯერ დაეუფლა საქართველოს თასს.

ამას მოჰყვა ამჯერად „მერცხალის“წარმატებული გამოსვლა საქართველოს პირველობაზე და 1967 წელს ჩემპიონის ტიტული (1966 წელს საქართველოს ჩემპიონი ლანჩხუთის „გურია“ გახდა). ორთავე გუნდი ყოფილი სსრკ პირველობის „ბ“ ჯგუფში გამოდიოდა, რომელსაც შემდგომში მეორე ლიგა ეწოდა. „მერცხალის“ და „გურიის“ შეხვედრა ყოველთვის საინტერესო და უშეღავათო იყო.

„მერცხალი“ გასული საუკუნის 80-იან წლებში კვლავ წლებში კვლავ წარმატებით გამოდიოდა სსრ კავშირის მე-2 ლიგაში და ზონის ჩემპიონის გახდა, მაგრამ პირველი ლიგის საგზურის ნაცვლად „მერცხალი“ საქართველოს პირველობაზე ჩამოაქვეითეს. ამის მიზეზი იმჟამინდელი ცკ-ს პირველი მდივნის ოზურგეთის რაიკომის მდივნისადმი ნეგატიური დამოკიდებულება გახდა. ოზურგეთელებმა მოკლე დროში შეძლეს ჯერ საქართველოს, შემდეგ მე-2 ლიგის ზონის ჩემპიონობა. მაგრამ.....

ამ მცირე ექსკურსით გვინდა ჩვენი პატივისცემა გამოვხატოთ როგორც „მერცხალის,“ ისე „გურიას“ ისტორიის მიმართ. არასდროს გვიფიქრია, რომ საქართველოს რეგიონული ფედერაციის ოფისის მდებარეობას რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, მაგრამ როცა რეგიონის ცენტრი ისტორიულად ოზურგეთია, უპრიანი იყო ოფისიც აქ ყოფილიყო.

* * *

10 მარტს, ქ. ოზურგეთში, რესტორან „თამარიონში“ გურიის ფეხბურთის ფედერაციის ყრილობა გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ: სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, გურიის გუბერნატორი გია ებრალიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლები.

უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი მედიასაშუალებები (ერთი გამონაკლისის გარდა) გურიის ფეხბურთის ფედერაციის სხდომაზე არ მიუწვევიათ.

სხდომის თამჯდომარედ საფეხბურთო კლუბ „მერცხალის“ მთავარი მწვრთნელი ხარიტონ ჩხატარაშვილი აირჩიეს.

როგორც სხდომის მდივანმა ვახტან კიკვაძემ გვითხრა, თავის სიტყვაში დავით მუჯირმა გურიაში ფეხბურთის განვითარებაზე ისაუბრა. განსაკუთრებულად ბავშვთა ფეხბურთზე გაამახვილა ყურადღება. ყრილობის შვიდივე დელეგატმა ხმა პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატს, წარსულში ცნობილ ფეხბურთელს დავით მუჯირს (უფროსი) მისცეს. ყრილობამ გურიის ფეხბურთის ფედერაციის 5 აღმასკომის წევრი აირჩია: დავით მუჯირი, ბენო თავბერიძე, ლაშა სალუქვაძე, მამუკა გოგუაძე, გია თავაძე.

წესდების განხილვისას გადაწყვეტილება გურიის ფეხბურთის ფედერაციის ოფისის ადგილმდებარეობის შესახებ ლანჩხუთელთა სასარგებლოდ მიიღეს. ამ თემაზე ლანჩხუთიდან ჩამოსულ გულშემატკივრებს პრეტენზიები სხდომის დაწყებამდე ჰქონდათ _ თუ რატომ უნდა ჩატარებულიყო გრფფ-ს სდომა ოზურგეთში.

საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და ახლა სიტყვაც და საქმეც ახლადარჩეულ გურიის ფეხბურთის ფედერაციაზეა.

ავტორი: გაზეთი „ალიონი“;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.