აიღო თუ არა გელა კობალაძემ ქრთამი

დამატებულია: 2017-03-13
picture1

აიღო თუ არა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა კობალაძემ ქრთამის სახით 50 ათასი შპს „პირამიდას“ მენეჯერ სერგი ცინცაძიდან - ეს ის თემაა, რომელიც ახლა ყველას პირზე აკერია და ეკერება მანამ, სანამ სასამართლო არ დაადგენს და არ გამოიტანს საბოლოო განაჩენს.

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 7 მარტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015-2016 წლებში ქალაქ ოზურგეთის მერიამ შპს „პირამიდას“ საქართველოს ფილიალთან გააფორმა ხელშეკრულებები ქალაქ ოზურგეთის დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაციისა და მდინარე ,ბჟუჟის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით. კომპანიამ ვერ შეძლო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოების დასრულება, რის გამოც დღის წესრიგში დადგა მასთან ხელშეკრულებების შეწყვეტის საკითხი.

ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე შეხვდა შპს „პირამიდას“ საქართველოს ფილიალის ტექნიკურ მენეჯერს და თავისი თანამდებობის გამოყენებით, დაპირდა ზემოხსენებული ხელშეკრულებების ვადების გაგრძელებას და უკვე შესრულებულ სამუშაოებზე მისაღები დაახლოებით 150 000 ლარის ჩარიცხვას, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით, მოთხოვა და აიღო ფულადი თანხა 50 000 ლარის ოდენობით, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11 - დან 15 წლამდე).

ოზურგეთელთა უმეტესობისათვის ეს ინფორმაცია მოულოდნელი, შოკისმომგვრელიც კი აღმოჩნდა, ნაწილისთვის - მოსალოდნელიც და ლოგიკურიც. სამწუხაროდ, აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც ზარ-ზეიმით შეხვდნენ ამ ინფორმაციას, არად ჩააგდეს უდანაშაულობის პრეზუმპცია, განაჩენიც გამოუტანეს ბრალდებულს და ზედ ქალაქის მერიც მიაყოლეს.

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე, რომელსაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ვიდეომასალაში დაფიქსირებული ფულის გადაცემის კადრები ქრთამის აღებას არ ნიშნავს, პირს, რომელსაც ფული გამოვართვი, ჩემი ვალი ემართაო. ამის შესახებ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი ნატო გოგელია ბრალდებულის ადვოკატ ხათუნა კეჭაყმაძის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

გოგელიას ინფორმაციით, საქმის დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ საქმე ძალიან მყარია, რასაც არ ეთანხმება კობალაძის ადვოკატი, რომელიც აღნიშნავს, რომ კითხვის ნიშნები ბევრია. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როცა არსებობს დოკუმენტი, რომელიც შპს „პირამიდამ“ ქალაქ ოზურგეთის მერიას დაახლოებით ერთი თვის წინ გაუგზავნა, რომლის თანახმადაც, ცინცაძე მათი კომპანიის თანამშრომელი აღარ არის.

„გურია ნიუსის“ ახალგაზრდა ჟურნალისტს მეტად საინტერესო და, ჩვენი აზრით, გამოძიებისათვის საჭირო, გადამოწმებული ინფორმაციები უდევს წერილში „თაღლითობაში ბრალდებული მთავარი მოწმე და ბევრი თეთრი ძაფი კობალაძის საქმეში“:

„... ის, რომ კობალაძე კარიერებს ნამდვილად ფლობდა, ჩვენთან საუბრისას დაადასტურა კახა გაგუამ, რომელსაც კობალაძემ თანამდებობაზე არჩევის შემდეგ კომპანია გადაუფორმა.

გაგუა ამბობს, რომ ბიზნესის მართვაში არასდროს ჩარეული და მისთვის უცნობია, რა ურთიერთობა ჰქონდა ცინცაძესთან, თუმცა, როგორც კობალაძის ახლობლები ამბობენ, აუღებელი ვალის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე ხშირად საუბრობდა.

ამ საქმეში იკვეთება კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - სერგი ცინცაძე, როგორც პროკურატურის, ასევე სუს-ის და ანტიკორუფციული სამსახურის მიერ წარმოებულ საქმეებში მოწმედ ხშირად გამოსულა. ჩვენი წყაროს თქმით, მისი დახმარებით აღნიშნულ სამსახურს რამდენიმე საქმე აქვს გახსნილი და მას, როგორც მოწმეს, ხშირად იყენებენ.

იგი ამ კონკრეტულ საქმეში მთავარი მოწმეა, რომელიც გამოძიებასთან 2 თვე თანამშრომლობდა და საუბრების ჩაწერებს ახორციელებდა. თუმცა, ის არ არის პიროვნება, რომელმაც საგამოძიებო ორგანოს გამოძიების დაწყება სთხოვა _

სუს-ს გამოძიების დაწყების მოთხოვნით, 2017 წლის 23 იანვარს მოქალაქე გურამ მონიავამ მიმართა, რომელიც კომპანია „პირამიდას“ წარმომადგენელია. სწორედ ამის შემდეგ დაიგეგმა საგამოძიებო მოქმედებები და საქმეში სერგი ცინცაძე ჩაერთო. ჩვენ შევეცადეთ დეტალები მონიავასთანაც გადაგვემოწმებინა, თუმცა, მას ტელეფონი გამორთული აქვს.

ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციით ირკვევა, რომ იგი ყოფილი პარლამენტარია - 2004 წელს პარლამენტში „აღორძინების“ სიით მოხვდა. ამჟამად ბიზნესმენია და არა ერთ კომპანიას ფლობს.

კითხვები აღნიშნულ პირებთან გელა კობალაძის უფლებადამცველსაც აქვს - ხათუნა კეჭაყმაძე ამბობს, რომ საქმეში ბევრი თეთრი ძაფია და გამოძიების პროცესში ბევრი რამ კიდევ გაირკვევა. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ კობალაძის უდანაშაულობის დამტკიცებას შეძლებს“.

საკრებულოს თავმჯდომარის სინდისიერებასა და უდანაშაულობაში დარმუნებული არიან საკრებულოს წევრებიც. აქვე ვბეჭდავთ მათ საგანგებო განცხადებას.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.