დაუშვებელია თვითმმართველი ერთეულების გაუქმება

დამატებულია: 2017-03-31
picture1

თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს განცხადებით მიმართავენ. ნიუპრესი განცხადებას სრულად გთავაზობთ:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს; საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების მიმართვა 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის შესაძლო გაუქმებაზე

ეფექტიანი თვითმმართველობის ჩამოყალიბება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა - 2013 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები“, სადაც რეფორმის მიმართულებები და ეტაპებია გაწერილი, ხოლო 2014 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „თვითმმართველობის კოდექსი“. რეფორმის პირველ ეტაპზე მოხდა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდა და მერების/გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა. სწორედ ეს ცვლილებები ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეაფასეს ევროსაბჭომ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რაც „Freedom House“-ის 2015 წლის მოხსენებაში საქართველოს რეიტინგის ზრდაზეც შესაბამისად აისახა (იხ. მოხსენება https://freedomhouse.org/report/nations-transit/2015/georgia). აქედან გამომდინარე, ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ მთავრობა თანმიმდევრულად განახორციელებდა მის მიერვე შემუშავებული თვითმმართველობის სტრატეგიით განსაზღვრულ საქმიანობებს, მათ შორის, მუნიციპალიტეტების ტერიტორიულ ოპტიმიზაციასაც.

მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმამ იმედი გააჩინა, რომ ქვეყნის ძირითადი კანონის დონეზე თვითმმართველობა ინსტიტუციურად კიდევ უფრო მეტად განმტკიცდებოდა. თუმცა, ნაცვლად ამისა, ბოლო დროს ვისმენთ მმართველი პარტიის წარმომადგენლების ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ იგეგმება 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმება, რაც, ერთმნიშვნელოვნად, რეფორმის დეკლარირებული პრინციპებიდან გადახვევაა.

თვითმმართველი ქალაქების განვითარება - ეს არის თანამედროვე სამყაროს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი ტენდენცია. საქართველოსთვის თვითმმართველი ქალაქების ჩამოყალიბების ხელშეწყობა კი, არა მარტო სახელმწიფოს ურბანული, სოციალური და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა, არამედ ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელია ქვეყნის მართვის ევროპულ მოდელზე გადასასვლელად. ამავდროულად, თვითმმართველი ქალაქების გაუქმება და მათი კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანება შეაფერხებს როგორც ქალაქის, ისე სოფლის განვითარებასაც.

გარდა ამისა, ქალაქი, რომელსაც არ ჰყავს მოსახლეობის მიერ არჩეული და მის წინაშე ანგარიშვალდებული ადგილობრივი ხელისუფლება, არ აქვს საკუთარი შემოსავლები, ქონება და ბიუჯეტი, კარგავს განვითარების სამომავლო პერსპექტივებსაც.

ამ და სხვა არგუმენტებიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც თვითმმართველობის რეფორმის, ისე, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის. რაც მთავარია, ეს ნაბიჯი დააშორებს მოსახლეობასა და ხელისუფლებას, შეაჩერებს მიმდინარე პროექტებს და შეამცირებს ადგილობრივი დემოკრატიის სტანდარტს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ ყოვლად დაუშვებელია 2014 წლის შემდეგ შექმნილი თვითმმართველი ერთეულების გაუქმება. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მკაფიოდ ჩამოაყალიბოს პოზიცია და არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეაჩერებს განვითარების დაწყებულ პროცესს.

ხელს აწერს 120 არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.