ბედის საძებრად გადახვეწილთა უბედობა

დამატებულია: 2017-04-03
picture1

ტრეფიკინგის საფრთხეებზე სტატიის მომზადება დღევანდელმა რეალობამ გადამაწყვეტინა. არაერთი ახლობელი თუ მეზობელი, უცხოეთში ბედის საძებრადაა გადახვეწილი: ვინ შვილის სწავლის ფულის დასაფარად, ვინ ბანკში დაგირავებული ბინის დასახსნელად, ვინ ჯიბის ფულის ძიებაში და ა.შ.

ტრეფიკინგის ისტორია საუკუნეებს ითვლის. ჩემი თვლთახედვით, საქართველოში ტრეფიკინგს მაშინ დაედო სათავე, როცა თვისტომი ურცხვად ჰყიდდა ნარჩევ გოგო-ბიჭებს აღმოსავლეთის ქვეყნებში, სადაც მამაკაცები მძიმე სამუშაოებზე მიჰყავდათ, ხოლო ქალები_ჰარამხანებში. მამლუქთა ესოდენ ხმაურიანი ისტორიებიც სწორედ ტრეფიკინგიდან იღებს სათავეს.

თანამედროვე მსოფლიოში ადამიანებით ვაჭრობა არალეგალურ შემოსავლებს, ნარკოტიკებითა და იარაღით უკანონო ვაჭრობას უტოლდება. ერთ-ერთ მედიასაშუალებაში წავიკითხე, რომ მსოფლიოს რამდენიმე დიდ ქვეყანაში ორგანოს გადანერგვაზე დაახლოებით 500 000 ადამიანი დგას რიგში. რაც შეეხება საროსკიპოებს, აქ ხშირად ხვდებიან საშოვარზე წასული არალეგალური მიგრანტები.ტრეფიკინგის თემა დღევანდელი მსოფლიოსთვის კვლავ მძიმედ რჩება.

არალეგალურ მიგრაციას ყოველთვის ახლავს საფრთხეები. ერთი ჩემი ახლობელი საბერძნეთში წავიდა სამუშაოდ რამდენიმე წლის წინ, რა თქმა უნდა არალეგალურად. იგი ქ. თბილისში სტამბული-სალონიკის ხაზზე მომუშავე მძღოლს დაუკავშირდა და ავტობუსით თავდაპირველად თურქეთის დედაქალაქში ჩავიდნენ, ხოლო შემდეგ -სალონიკში. ამ მოგზაურობის სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ ქალბატონ ლ-ს მგზავრობის გარკვეულ პერიოდი ავტობუსის საბარგულში, სპეციალურ ყუთში უნდა გაეტარებინა. ეს ხდებოდა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე და სხვა „საშიშ“ ადგილებში. ასეთ მდგომარეობაში კიდევ ორი ქალბატონი იყო. როგორც აღნიშნული ქალბატონი ყვებოდა, სარფის საზღვარზე შედარებით „მშვიდობიანად“ გადავიდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა თურქეთი-საბერძნეთის საზღვარზე.აქ მესაზღვრეები უფრო „ფხიზელი“ აღმოჩნდნენ და ავტობუსის საბარგულში, ყუთებში რამდენჯერმე გაატარეს სპეციალური „შტირი“.

_„წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით? _გვიყვება იგი

_ლითონის ალესილი „შტირი“ ოდნავ ასცდა ჩემს სხეულს. ამას დაუმატეთ უჰაერობა, სიციცე. ჩვენ კი გადავრჩით ცოცხლები, მაგრამ იყო შემთხვევა, როცა ავტობუსის საბარგულში ქართველი ქალბატონი, სამი შვილის დედა -გაიგუდა.

ავტობუსის მძღოლმა სალონიკში, ერთ-ერთ ბინაში მიგვიყვანა, გაგვაფრთხილა, ბინიდან არ გამოვსულიყავით დამსაქმებლის მოსვლამდე და დაგვტოვა. აქ დამთავრდა მისი „მომსახურება.“ შიშსა და კანკალში სამი დღე გავატარეთ აღნიშნულ პატარა ბინაში. როგორც იქნა მოვიდა ჩვენი შემდგომი ბედის გადამწყვეტი . ჩვენ არანაირად არ შეგვეძლო გადაგვემოწმებინა შემოთავაზებული სამუშაოს პირობები. ვიცოდით ის, რომ მისთვის დასაქმების სანაცვლოდ სამი თვის ხელფასი უნდა გადაგვეხადა.

მე გამიმართლა. კარგ ოჯახში მოვხდი. მართალია სამუშაოს ხანგრძლივობა 24-საათიანი იყო, მაგრამ აქ არანაირი საშიშროება არ მელოდა, მაგრამ ჩემთან ერთად მყოფი ორი ქალბატონი უმძიმეს სამუშაო პირობებში მოხვდნენ, მაგრამ ბანკის ვალი ჰქონდათ და ბედს დამორჩილდნენ....“

მეორე ეპიზოდი ოზურგეთელ ქალბატონს ეხება, რომელმაც შემთხვევით დააღწია მოსალოდნელ იძულებით შრომას და სხვა დამცირებას თავი. ქალბატონს აქვს უმაღლესი განათლება,იყო პედაგოგი. ოჯახურმა მდგომარეობამ აიძულა სტამბულში წასულიყო სამუშაოდ, რაშიდაც მას იმ პერიოდში ოზურგეთში მოქმედი ერთ-ერთი ტურისტული ფირმა დაეხმარა.

_„ ძლივს მოვუყარე თავი თურქეთში გასამგზავრებელ თანხას. ოზურგეთელი შუამავლები კარგ სამუშაო პირობებს მპირდებოდნენ, მომვლელად უნდა მემუშავა ერთ-ერთ ოჯახში. სტამბულში ოზურგეთელთა ტურისტული ფირმის წარმომადგენელთან მივედი. კარგად მიმიღო, სამი დღე კარგ პირობებში ვყავდი. მომდევნო დღეს მან მითხრა, რომ კარგ ანაზღაურებადი სამუშაო იშოვა ჩემთვის, სტამბულის გარეუბანში. ოღონდ, მე მისთვის პასპორტი უნდა ჩამებარებინა. თავიდან არ ვთანხმდებოდი, მაგრამ შემდეგ „დამარწმუნა,“რომ სხვაგვარად არ გამოვიდოდა. მას ჩემგან პირველი თვის ანაზღაურება უნდა მიეღო.

სტამბულის გარეუბანში მოხუცისთვის უნდა მომევლო.პირველსავე დღეს მივხდი, რომ სხვა განზრახვა ჰქონდათ. თავდაპირველად ტელეფონით დავუკავშირდი სტამბულში ოზურგეთელების ტურისტული ფირმის წარმომადგენელს, რომ სხვა სამუშაო გამოეძებნათ, მაგრამ მან ამაზე უარი მტკიცა. ამის შემდეგ იმაზე დავიწყე ფიქრი, როგორ დამეხსნა თავი მოსალოდნელი საშიშროებისაგან. ჩემს მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ პასპორტი ტურისტული ფირმის წარმომადგელს ჰქონდა და არ იყო გამორიცხული, ტრეფიკინგის მსხვერპლი გავმხდარიყავი...

რამდენიმე დღის შემდეგ, ღამით მოვახერხე „დამქირავებლის“ ბინა დამეტოვებინა და ტაქსით სტამბულში ჩამოვედი. ტურისტული ფირმის წარმომადგენელთან მივედი. პასპორტი მოვთხოვე.

უარი მივიღე. თან დამემუქრა, თუ ჭკუით არ ვიქნებოდი, ზოგიერთი არალეგალური მიგრანტის ბედს გავიზიარებდი.თურქეთში უნდა დავრჩენილიყავი და მემუშავა.

მე საქართველოს საკონსულოს ცხელი ხაზის ნომერიც კი არ ვიცოდი. დავა კონფლიქტში გადაიზარდა. ამ ფირმასთან ურთიერთობაში მყოფმა თურქებმა, რომლებიც ამ კომფლიქტს დაესწრნენ, ურჩიეს „დამსაქმებელს“, რომ არ გაემწვავებინა მდგომარეობა და პასპორტი გადმოეცა ჩემთვის.

სტამბულში წასვლისას, პალტოს სარჩულში 90 ლარი ჩავაკერე, ყოველ შემთხვევისთვის.

აქაც კეთილი ადამიანები დამეხმარნენ (სამეგრელოდან იყვნენ). ავტობუსში ავედი. ჩემი გადამჩენებს ავტობუსის დაძრამდე ფეხი არ დაუძრავთ, რომ კვლავ ახალი პრობლემა არ შემქმნოდა.“ ქალბატონს ამ ამბის შემდეგ ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და მკურნალობდა.

ჩვენი მეზობელი შ--ა ჯიბის ფულის ძიებაში რამდენჯერმე იყო თურქეთში.საზღვარს ლეგალურად კვეთდა, მაგრამ საკმაოდ ცუდ პირობებში უწევდა საზღვრისპირა სოფლებში მუშაობა, მაგრამ ანაზღაურებას აძლევდნენ და კმაყოფილი იყო, მით უმეტეს, სახლში ავადმყოფი მამა ელოდებოდა.

შემდეგ სტამბულში გადაწყვიტა წასვლა.

_„ჯინსების ფაბრიკაში მიმასწავლეს. ნაცნობებთაგან ბევრს უმუშავია ჯინსების ფაბრიკაში და ამიტომ საშიშროება არ მიგვრძნია.პასპორტის ჩაბარება მომთხოვეს, ჩავაბარე. მითხრეს, რომ ფაბრიკის ტერიტორიას ვერ დავტოვებდი და სარდაფში მიმიჩინეს ბინა. ფაბრიკაში ჩემი თანამემამულე რამდენიმე ბიჭი იყო. მათ მითხრეს: -არ იფიქრო, რომ ამათ ხელფასი მოგცენ. საჭმელს კი გვაჭმევენ, მაგრამ აქედან თავს ვერ დააღწევო. მაგალითი თვითონ იყვნენ. მართლაც ასე იყო. ხმას ვერავის ვაწვდენდი. თვეების განმავლობაში დილიდან საღამომდე ვმუშაობდი. ძალიან გავხდი. სამედიცინო მომსახურება არ იყო. შარშან, დეკემბრის ბოლოს ერთ ბედს ქვეშ მყოფ გორელი მეგობრის დახმარებით (მას მობილური დამალული ჰქონებოდა) ერთ-ერთ ახლობელს დავუკავშირდი.

_სად დაიკარგე, მამა გარდაგეცვალა, 3 დღეშია დაკრძალვა და სასწრაფოდ ჩამოდიო_ მიყვიროდა ტელეფონში.

რა უნდა მეღონა. ვინ გამომიშვებდა. ცრემლად ვიღვრებოდი. ცალკე მშობლის დაკარგვას ვწუხდი და თან ჩემს ბედს. ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდებოდა, ვეღარ ვმუშაობდი. ერთი თვის წინ საამქროს უფროსმა დამიბარა, პასპორტი დამიბრუნა და თავისუფალი ხარო მითხრა.

ღმერთს მადლობას ვწირავდი, რომ ცოცხალი გამომიშვეს. სარფამდე წვალებით მოვედი. მესაზღვრეებმა „დეპორტი“ ჩამირტყეს და ოზურგეთში ჩამოვედი....ახლა სამკურნალო თანხა უნდა ვეძიო...“ _გვითხრა შ-მ.

მ. ბ-ძე თბილისში ერთ-ერთი ცნობილი ოჯახიდანაა. მეუღლე ოზურგეთელია. ბანკის ვალებმა აიძულა ჯერ ბინა გაეყიდა თბილისში ვალის დასაფარად, ხოლო შემდეგ თურქეთში წასულიყო სამუშაოდ. მისი სამუშაო პირობები კარგია და არც ტრეფიკინგის საფრთხე ემუქრება 60 წელს გადაცილებულ ქალბატონს. იგი აქ უკვე რამდენიმე წელია მუშაობს ერთ-ერთ ოჯახში. მას სტამბულში სოციალური ქსელით დავუკავშირდი:

_„რაც ვიცი, ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს-გვითხრა მან.

_ბევრ ახალგაზრდას ექმნება პრობლემა, რადგან აქ იაფ მუშახელს ეძებენ. სამუშაოს დაწყებისას პასპორტების ჩამორთმევა ხომ ჩვეულებრივი ამბავია.ბიჭებს ძირითადად ჯინსების ფაბრიკებში ამუშავებენ დაბალი ანაზღაურებით . ჩემი ვაჟიც მუშაობს ასეთ ფაბრიკაში, მაგრამ იქ შედარებით კარგად უხდიან. არის ხშირი შემთხვევები, როცა (ძირითადად ქალებს) აუშაირდებიან ხელფასის მიცემის დროს და ანაზღაურების გარეშე უშვებენ ფაბრიკიდან.

კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან: ჩემი ახლობელი ქალბატონი ერთ-ერთ ოჯახში უვლიდა ბავშვებს. ერთ-ერთი ბავშვი ნერვიული იყო და მომვლელს სცემდა. ამ ქალბატონმა ერთხანს აიტანა ცემა, შემდეგ მშობლებს მიმართა (მშობლებმა ისედაც იცოდნენ). სამსახურიდან დაითხოვეს ანაზღაურების გადახდის გარეშე. სად უჩივლებდა, შრომითი ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული?

__ჩაწერა როგორ ხდება?

_ისე არ წარმოიდგინო, რომ აქ ჩამოსულს ყველას პრობლემა აქვს. თუ ოჯახს მოეწონე, ჩაწერასაც გიკეთებენ და ფულს თვითონ იხდიან, მდიდრები დაზღვევასაც უკეთებენ.

არის შემთხვევები, როცა აქ ქართველების მიერ შექმნილი დასაქმების ბიუროები ცუდად ექცევიან თანამემამულეებს. ერთს რომ დაასაქმებენ, ორი თვის შემდეგ ეუბნებიან _არ მოსწონხარ დამქირავებელს და ანაზღაურების გარეშე ტოვებენ, შემდეგ მეორეს უშვებენ.ტრეფიკინგის მსხვერპლნი ძირითადად სოფლებში დაქირავებულები ხდებიან. კანონით სამი თვე აქვთ ჩამოსულებს თურქეთში ყოვნის უფლება, მაგრამ არც თუ იშვიათად რჩებიან და შემდეგ საკმაოდ სოლიდურ ჯარიმას იხდიან.

ჩვენ, ვინც ოჯახებში ვმუშაობთ, ძირითადად ქალაქში არ გავდივართ. ისე, როცა ონკოლოგიურში ვინმე მოხვდება, ფულს ვკრეფთ და ვეხმარებით...“.

თურქეთში დროებით სამუშაოდ წამსვლელთა 90 პროცენტზე მეტი სამედიცინო დაზღვევას მოკლებულნი არიან და დიდი პრობლემები ექმნებათ ავადმყოფობის დროს.

შარშან რიზეს ერთ-ერთ სოფელში ჩაის საკრეფად წასულ ბოხვაურელ ვ-ა-ს ინსულტი დაემართა. მართალია, დამქირავებელმა იგი გადაიყვანა საავადმყოფოში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ასეთი შემთხვევებიც ხდება.

თუ როგორ აშუქებს ადგილობრივი მედია ტრეფიკინგის თემას, ამაზე გაზეთ „ალიონის“ რედაქტორს ნუგზარ ასათიანს დავუსვით კითხვა.

_ „ტრეფიკინგის თემა არაერთხელ გავაშუქეთ ჩვენი გაზეთის ფურცლებზე. რამდენიმე კონკრეტული ფაქტიც შევისწავლეთ, მაგრამ სამართალდამცავები გაზეთში გამოქვეყნებული მასალებით არ დაინტერესებულან. ტრეფიკინგის საკითხებზე „ალიონის“ თანამშრომელი თ. ბ-ძე მუშაობდა.წლების წინ თავად მონაწილეობდა ტრეფიკინგის მოსალოდნელი მსხვერპლის დახსნის საქმეში. შემდეგ იმდენი ფაქტი დაუგროვდა, რომ ამ თემის შესასწავლად თურქეთსა და საბერძნეთში გაშვება ითხოვა. დავუკავშირდით შესაბამის უწყებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაგრამ ყველა მოსალოდნელი რისკების შესახებ გვაფრთხილებდა. მივლინებით გაგზავნაზე უარი ვუთხარი. შემდეგ მან შვებულება აიღო და თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაემგზავრა, სადაც მისი ახლობლები მუშაობდნენ. მისი ეს „კვლევა“ იმით დამთავრდა, რომ რელიგიურ ფანატიკოსთა ჯგუფმა იგი ჯვრის ტარების გამო ქალაქგარეთ გაიყვანეს და სასიკვდილოდ სცემეს. ძლივს გადაურჩა სიკვდილს. საქართველოში დაბრუნებული, ფსიქოლოგიური ტრავმის გამო 2 წლის განმავლობაში ბოლნისის რაიონში, ერთ-ერთ მამათა მონასტერში იმყოფებოდა...“

თუ რამდენად შეამცირებს ევროპის ვიზალიბერალიზაცია ტრეფიკინგის საფრთხეებს, ამაზე კომენტარი ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის გურიის რეგიონალური კომიტეტის ხელმძღვანელმა მაია ბერიძემ გააკეთა:

_„ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, რასაც ვიზალიბერალიზაციის შედეგებიდან ველოდებით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაა.

ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის თანახმად, საქართველო ვალდებულია ქვეყანაში შექმნას ისეთი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომ ემიგრაციაში წამსვლელთა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდეს. ქვეყანას ეკისრება ვალდებულება, ზედმიწევნით განახორციელოს ტრეფიკინგთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია, რაც გულისხმობს სახელმწიფო ორგანოების კოორდინირებულ მუშაობას ტრეფიკინგის პრევენციის და აღკვეთის მიზნით, ეფექტიანი სადამსჯელო ღონისძიებების ჩატარებას ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების მომხმარებელთა მიმართ, მსხვერპლთა ღირსების და მათი უფლებების დაცვას.

ვფიქრობ, შენგენის ზონაში ჩვენი მოქალაქეები გაცილებით უფრო დაცულად იგრძნობენ თავს, ვიდრე თუნდაც მეზობელ, თურქეთის რესპუბლიკაში, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, ვიზალიბერალიზაცია არ ნიშნავს დასაქმებას. არალეგალური დასაქმება უკვე კანონდარღვევაა და ამ შემთხვევაში,რა თქმა უნდა არსებობს ტრეფიკინგის საფრთხე.“

სტატია მომზადდა ყოფილ და პოტენციურ მოზარდთა დასაქმებისა და ბიზნესსაქმიანობის ხელშემწყობი პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის ( DYY internacional ) საქართველოს ოფისთან და ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბთან პარტნიორობით.

ავტორი: გიორგი ასათიანი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.