გვინდა გამოვეხმაუროთ იმ საგაზეთო წერილებს, რომლებიც გასულ კვირას გამოქვეყნდა ქ.ოზურგეთის კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრთან დაკავშირებით. გვინდა ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ გათავისუფლებული თანამშრომლების მხრიდან ჩვენს მიმართ წამოსულ ბრალდებებთან დაკავშირებით.
ჩვენთვის სრულიად გასაგებია ის ემოციური მდგომარეობა, რომელშიც სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს. თუმცა ეს არ შეიძლება გახდეს ყოფილი თანამშრომლების შეურაცხყოფის და ცილისწამების მიზეზი.
საუბარია ჩვენს ყოფილ თანამშრომელზე, მანანა ვაშაყმაძეზე, რომელმაც პრესის საშუალებით თითოეულ ჩვენგანს შეურაცხყოფა მოგვაყენა და, რბილად რომ ვთქვათ, საქმისადმი არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაში დაგვადანაშაულა. საკითხავია, ქალბატონ მანანას მაშინ რატომ არ გაუჩნდა პროტესტი, როდესაც ასეთი „უწესრიგო“ ხალხის გვერდით მუშაობდა. ნამდვილად არ შეიძლება იყოს ზნეობრივი საქციელი იმ ადამიანების საჯაროდ ლანძღვა, ვისთან ერთადაც წლების მანძილზე მუშაობდა. მით უმეტეს, რომ თავად ძალიან კარგად მოეხსენება, რამდენად დატვირთული და მრავალი მიმართულების მქონეა ცენტრის საქმიანობა და არ შეიძლება ასეთი საპასუხისმგებლო საქმის მქონე ადამიანები უსაქმურობაში დაადანაშაულო.
თუ ჩვენი ყოფილი კოლეგა თვლის, რომ მისი გათავისუფლება უსამართლოა და თუ აქვს საკუთარი შესაძლებლობების იმედი, შეუძლია გაიაროს კონკურსი და კომპეტენტურ კომისიას დაუმტკიცოს საკუთარი პროფესიონალიზმი. საკუთარი ინტერესებისთვის სამართლიანი ბრძოლა სწორედ ეს გახლავთ და არა პრესის საშუალებით ყოფილი თანამშრომლების შეურაცხყოფა.
რაც შეეხება ცენტრს, ვფიქრობთ, რომ ჩვენი საქმიანობა ნამდვილად წარმატებულია. ჩვენთან არსებული ანსამბლები - „შვიდკაცა“, ‘’ვახტანგური“, „ედელვაისი“, „დილა“ და „მარულა“ მუდმივად მონაწილეობენ სხვადასხვა დონის საერთაშორისო თუ ადგილობრივ ფესტივალებში, ყოველთვის ხდებიან გრან-პრისა და I ადგილის მფლობელები. წარმატებულად ფუნქციონირებს თეატრალური სტუდია „ჯუნიორი“, რაც ნამდვილად ნოვაციაა ჩვენი ქალაქის რეალობაში. ასევე, ფუნქციონირებს ლიტერატურის, მათემატიკის, ინგლისური ენის, გიტარის, ჭადრაკის, ფორტეპიანოს, ქორეოგრაფიისა და თანამედროვე ცეკვების შემსწავლელი წრეები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ წრეებში უფასოდ სწავლობს 400-ზე მეტი მოსწავლე.
ცენტრის თანამშრომლების დაუღალავი შრომის შედეგია ის, რომ ბოლო პერიოდში, ორ საერთაშორისო პროექტში მივიღეთ მონაწილეობა და გრანტები მოვიპოვეთ. ამგვარ შედეგს კი მხოლოდ „ყავის სმითა და ტახტზე კოტრიალით “ ვერავინ აღწევს, ჩვენო ძვირფასო ბრალმდებელო!