ქ.ოზურგეთში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე 12-სართულიანი კორპუსის მცხოვრებლები ხელისუფლებიდან დახმარებას ითხოვენ

დამატებულია: 2017-04-20
picture1

წუხელ, დაახლოებით ღამის 12 სათზე, ქ. ოზურგეთის, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე12-სართულიანი კორპუსის 200-მდე მცხოვრები ბუნებრივი აირის მძაფრმა სუნმა შეაწუხა.იმდენად მძიმე მდგომარეობა იყო, მოსახლეობამ ბავშვები ქალაქის სხვა უბნებში და მახლობელ სოფლებში ახლობლებთან გახიზნეს.

მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიცია, საპატრულო, სამაშველო სამსახურების, „სოკარ-გაზის“ წარმომადგენლები.

დღეს, გაზეთი „ალიონი“ აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდა და მათი პრეტენზიები ჩაიწერა.

პირველი მამა კვირიკე იყო, რომელმაც მღვდლისთვის დამახასიათებელი მორიდებული საყვედური გამოთქვა:

_ასე როგორ შეიძლება, ხალხმა ღამე ქუჩაში გაატარა. ხელისუფლების თანადგომას ველოდებით.

ოლეგ მუჯირი:_ დაახლოებით ღამის 12 საათზე, ბუნებრივი აირის მკვეთრი სუნი ვიგრძენით. შევამოწმე გაზის გამათბობელი, გაზქურა, ორთავე წესრიგში იყო. ფანჯარა გამოვაღეთ. ისეთი მკვეთრი სუნი შემოვიდა, მივხდით რომ ვიწამლებოდით. სასწრაფოდ ბავშვები გავხიზნეთ.შემდეგ მეზობელს, იოსკა მურადიანს ვუთხარით, ბუნებრივი აირის მკვეთრი სუნი ჩვენი კორპუსის წინ მდებარე გაზგასავსებიდან მოდის, დარაჯს ეტყობა სძინავს, არ გაიგუდოს, უნდა გადავარჩინოთო. გავაღვიძეთ....

ლალი ჩხარტიშვილი:_შვილი და შვილიშვილი გავაღვიძე. გავხიზნეთ. მე დღეს სუნთქვის პრობლემა მაქვს.

ლიანა ბერძენიშვილი: _ 48 ოჯახი დილის 4 საათამდე ქუჩაში ვიყავით.ბავშვები კი გახიზნეს, მაგრამ ყველას ხომ არ აქვს ახლოს სოფელი. თამუნა სალუქვაძე სოფელ ძიმითიდანაა. ორი შვილის დედაა და მალე მესამეს ელოდება.შიშში გაატარა ღამე..შეიძლება გაზის გასამართი სადგური ბინიდან 20 მეტრში დაედგათ?

გულიკო კვირჩილაძე:_ 11 საათსა და 30 წუთის შემდეგ სუნთქვა ჭირდა.აირის ძლიერი სუნმა თეატრალური მოედნის მიმდებარე კორპუსის მცხოვრებლებიც შეაწუხა. ძლიერი შიში ვნახეთ. მართალია გაზსავსები „სოკარს“არ ეკუთვნის, მაგრამ დილამდე იყვნენ აქ „სოკარის“ წარმომადგენლები ილია ვაშაყმაძე და გია ელიაძე. სპეციალისტი მდგომარეობის განსამუხტად ქ. ფოთიდან ჩამოიყვანეს.

შარშან, რამდენჯერმე მივმართეთ განცხადებებით ქ. ოზურგეთის საკრებულოს, მერიას, ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატს არჩილ თალაკვაძეს. (გაგზავნილი წერილების ასლებს და ქალაქის მუნიციპალიტეტიდან მიღებულ პასუხებსაც გვაცნობენ.) არჩევნებამდე გვპირდებოდნენ, რომ 12-სართულიანი კორპუსის წინ გაზის გასამართ სადგურს არ ააშენებდნენ და ალტერნატიულ ფართს მოძებნიდნენ, მაგრამ 2016 წლის 4 დეკემბერს, ღამით, ძლიერ წვიმაში,დაჩქარებული წესით დამონტაჟდა საგური.

როგორც გვითხრეს, ტერიტორია, სადაც სადგური დგას, ადრე ქალაქის საკუთრება იყო და კედელზე საინტერესო პანოც არის ამის დასტურად. ამჟამად ზალიკო ჩხაიძეს ეკუთვნის.ახლა იგი იძახის, რომ ამიაკი ჩაგვისხესო და აქეთ გვემუქრება...თურმე შპს „ინსელტ გრუპს“ საქართველოს მთავრობისაგან 2009 წელს მიუღია ნებართვა აღნიშნული გაზსავსების ოზურგეთში განთავსების შესახებ, მაგრამ ქალაქის მერიიდან მიღებულ პასუხში არ ჩანს, გაზსავსები საცხოვრებელი კორპუსიდან რა მანძილზე უნდა დადგმულიყო იგი. დღეს ქალაქის მერი მოვიდა და გვირჩია, რადგან გაზსავსები კერძო ტერიტორიაზეა განთავსებული, სასამართლოს მიმართეთო.

გთავაზობთ ქ. ოზურგეთის ვიცე-მერის წერილს:

„მოქალაქე ლეილა ჩხარტიშვილს,

მცხოვრები: ქ. ოზურგეთი, ფარნავაზ მეფის #1 ქალბატონო ლეილა,

თქვენი, ქალაქ ოზურგეთის ფარნავაზ მეფის #1-ში მდებარე 12-სართულიანი კორპუსის მცხოვრებთა, 2016 წლის 7 დეკემბრის #7070 წერილის პასუხად, რომელიც ეხება ქალაქ ოზურეთში, გურიის ქ.#-20-ში გაზსავსები პუნქტის განთავსების საკითხს, გაცნობებთ, რომ აღნიშნული გაზსავსები პუნქტის განთავსების ნებართვა გაცემულია საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 „მშენებლობის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ დადგენილების შესაბამისად.“ გაზეთი „ალიონი“ კომენტარისთვის ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა. გთავაზობთ აღნიშნულ კომენტარს:

„ქალაქის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა აღნიშნული ტერიტორია შეისწავლეს. ქალაქის მერი ადგილზე შეხვდა მოსახლეობას და განაცხადა, რომ ყველა შემთხვევაში, პრიორიტეტი მოსახლეობის ინტერესსა და უსაფრთხოებას მიენიჭება. შესაბამისად, ქალაქის მერია აღნიშნული საკითხის გარკვევისთვის ყველა აუცილებელ ზომას მიმართავს.

რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, გაზგასამართი სადგურის წარმომადგენლები კატეგორიულად აცხადებენ, რომ აღნიშნულ ინციდენტთან გაზგასამართ სადგურს კავშირი არა აქვს. რეზერვუარი წუხელ ღამესვე შემოწმდა და გაჟონვა აქედან არ მომხდარა. სტაციონარიდან 7-8 მეტრის მოშორებით აღმოჩენილ იქნა ბალახზე დიდი რაოდენობით დასხმული სითხე, რომელიც სავარაუდოდ გახლავთ ნივთიერება, რომელიც ბუნებრივ აირს ერევა სპეციფიკური სუნის ქონის მიზნით. გაზგასამართი სადგურის წარმომადგენლები სასწრაფოდ გამოძიებას ითხოვენ.“

გაზეთი „ალიონი“ კომენტარისათვის შპს „ინსელტ გრუპის“ წარმომადგენელს იური ჯიბუტსაც დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.