საკრებულომ წარმოდგენილ პეტიციას მხარი არ დაუჭირა

დამატებულია: 2017-04-29
picture1

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 26 აპრილის სხდომაზე მხოლოდ ხუთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პეტიციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სარეკრეაციო ტერიტორიებსა და საზოგადოებრივ სივრცეებში განაშენიანების რეგულირების წესების განსაზღვრის შესახებ.

პეტიცია, 200-მდე მოქალაქის ხელწერით, წარმდგენმა სუბიექტებმა, ოზურგეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა _ თამაზ ტრაპაიძემ, თამარ ხომერიკმა, ირაკლი პაპავამ, ლევან ხინთიბიძემ, გრიგოლ მახარაძემ, თამარ კალანდარიშვილმა, სოფიო კალანდაძემ, ლევან მჟავანაძემ, ზვიად ერაძემ და ირმა შარაშიძემ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 6 მარტს ჩააბარეს. `ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არ არის განსაზღვრული, სარეკრეაციო ტერიტორიებსა და საზოგადოებრივ სივრცეებში განაშენიანების რეგულირების წესი. ამ სახის ნორმატიული აქტის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ, როცა არ არსებობს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და განაშენიანების რეგულირების გეგმა.

ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები მოვითხოვთ, საქართველოს ორგანული კანონის `ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის~ 86-ე მუხლის მე-4 პუნქტის `ა~ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად განიხილოთ წარმოდგენილი პეტიცია `ქალაქ ოზურგეთში მუნიციპალიტეტის სარეკრეაციო ტერიტორიებსა და საზოგადოებრივ სივრცეებში განაშენიანების რეგულირების წესის შესახებ~ დადგენილების პროექტი.~ _ ვკითხულობთ პეტიციაში.

როგორც დადგენილების პროექტზე თანდართული განმარტებითი ბარათი გვამცნობს, დადგენილების შემუშავება განპირობებულია ქალაქ ოზურგეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმების არარსებობით, რაც იწვევს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სარეკრეაციო რესურსის სამართლებრივი დაცვის ნორმების უკმარისობას და სარეკრეაციო რესურსისა და საჯარო სივრცეების შემცირებას.

დადგენილება მიზნად ისახავს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სარეკრეაციო რესურსის, პარკების, ბაღების, სკვერების და სხვა გამწვანებული ტერიტორიების დაცვას დროებითი სამართლებრივი რეჟიმით ქალაქ ოზურგეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცებამდე.

დადგენილების მიღება არ გამოიწვევს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას, ცვლილებებს ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილში.

დადგენილების მიღება არ ითვალისწინებს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას, არ იწვევს ფინანსურ ვალდებულებებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება დადგენილების მოქმედება. დადგენილება არ ითვალისწინებს მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.

დადგენილების მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, საკრებულოს სხდომამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ამ საკითხზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართეს შეხვედრა. საკრებულოს სხდომაზე კი ამ თემაზე ხმამაღალი დებატები და განხილვა თითქმის ორ საათს გაგრძელდა და დამთავრდა ისე, როგორც წინამდებარე სტატიის სათაურშია დაფიქსირებული.

ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც დისკუსიის დაწყებამდე გამოხატა თავისი პოზიცია, თემურ სალუქვაძე გახლდათ:

`ამ დოკუმენტის დამტკიცებით საკრებულო მიიღებს კარგ გადაწყვეტილებას, ისეთ გადაწყვეტილებას, რომლის პრაქტიკული რეალიზებით მომავალში იამაყებენ ოზურგეთელები~, _ თქვა თემურ სალუქვაძემ. დადგენილების მიღების აუცილებლობაზე ისაუბრეს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორმა გრიგოლ მახარაძემ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელმა თამაზ ტრაპაიძემ, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ხინთიბიძემ.

ლევან ხინთიბიძის თქმით, პეტიციის ამ ფორმით მიღება აუცილებელია, რადგან საკრებულო უნდა ითვალისწინებდეს მოქალაქეების აზრს, ინიციატივას. პეტიცია სწორედ მოქალაქეთა ინიციატივის საფუძველზე მომზადდა. ამიტომ საკრებულომ უნდა გააკეთოს პოლიტიკური არჩევანი, რადგან ამ პეტიციით შეუძლია განსაზღვროს ქალაქის პოლიტიკა როგორც ახლა, ისე მომავალში.

საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის იურისტის ირაკლი პაპავას აზრით, პეტიცია აბსოლუტურ თანხვედრაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და საკრებულოს აქვს უფლება მიიღოს აქტი. ხსენებულ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვეს საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ირინა საჯაიამ, დეპუტატმა ნანული ორაგველიძემ და საკრებულოს თანამშრომელმა გურამ ბერძენიშვილმა. დამოუკიდებლმა დეპუტატმა ლევან მგელაძემ კი ღიად განაცხადა თუ რატომ უნდა დაუჭიროს საკრებულომ მხარი პეტიციით წამოყენებულ მოთხოვნას:

`პირდაპირ ვამბობ, ეს განპირობებულია მერისა და მერიის სამსახურების უპასუხისმგებლო საქციელით. მიწის ნაკვეთებს, პირდაპირი განკარგვის წესით, ისე გასცემდნენ, არავითარი შემოსავალი ქალაქის მერიას არ რჩებოდა. ქალაქში თითქმის აღარ დარჩა ე. წ. სკვერები, პარკები, დაგეგმილია, რაც დარჩა, ისიც გაიცეს და გასხვისდეს. მე მაქვს ინფორმაცია, რომ კიდევ გავიდეს ანალოგიური საკითხები საკრებულოზე და უკვე ეჭვი არ გვეპარება, უმრავლესობა დაუჭერს მხარს, რადგან მერის ინიციატივაა. სამი წლის განმავლობაში ვითხოვდი არ გაეცათ განკარგვის წესით ტერიტორიები, მაგრამ ვერაფერს გავხდი~.

წარმოდგენილ პროექტს მხარი არ დაუჭირა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გოგუაძემ, რომელსაც მუხლობრივ კენჭისყრაზე, რედაქტირებასა და შენიშვნების გათვალისწინებაზე არ დათანხმდნენ პროექტის ავტორები.

`პეტიცია ადმინისტრაციული წარმოების პერიოდში შევისწავლეთ, მხარს ვუჭერდით, ვაპირებდით ნორმატიული აქტის მიღებას, რომლითაც კონკრეტულად განისაზღვრებოდა სარეკრეაციო ზონები და საზოგადოებრივი სივრცეები, რომელთა გასხვისება კანონით იზღუდება, ვიდრე არ დაკარგავს ფუნქციურ დანიშნულებას. ჩამონათვალსაც ვეთანხმებით, მაგრამ საჭიროდ მიგვაჩნდა დამატებით შეგვეტანა ბულვარებსა და პარკებში მსუბუქი კონსტრუქციის კაფე-ბარების ფუნქციონირების შესაძლებლობა. ჩვენი აზრით, ამ ტერიტორიებზე აღნიშნული ობიექტების არსებობა გამართლებულია. მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ისარგებლონ სრული სერვისით. ეს ყველა ქვეყანაში, ყველა ქალაქში ასეა და რატომ უნდა იყოს ოზურგეთი გამონაკლისი. უარი გვითხრეს.

გარდა ამისა, მოვითხოვეთ პეტიციის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის რედაქტირება, არა ამოღება, არამედ რედაქტირება, ამაზეც უარი მივიღეთ, რადგან თვითმმართველობის კოდექსის 122-ე მუხლით საკრებულოსთვის მონიჭებული უფლება, პირდაპირი განკარგვის წესთან დაკავშირებით, ჩვენვე უნდა გაგვეუქმებინა. პეტიცია ამ ნაწილში პირდაპირ ავალებდა საკრებულოს უარი ეთქვა კანონით მინიჭებულ უფლებაზე და დაეწესებინა თვითრეგულაცია. საკრებულოს დღევანდელი უმრავლესობა ელოდებოდა კონსესუსს და მზადაც იყო ამ კონკრეტული პეტიციის მისაღებად, მაგრამ არა ჩვენი დისკრედიტაციის ხარჯზე. სამწუხაროდ, როგორც უკვე ვთქვი, მუხლობრივ კენჭისყრაზე, რედაქტირებასა და ჩვენი შენიშვნების გათვალისწინებაზე პროექტის ავტორები არ დაგვთანხმდნენ. ამის გამო, რეგლამენტის მიხედვით, საკითხი სხდომაზე თავდაპირველი სახით გამოვიტანეთ.

საკრებულოს წევრებს მიგვაჩნია, რომ მსგავსი დადგენილება მისაღებია. შემუშავებული გვაქვს კიდეც პროექტი, რომელსაც განვიხილავთ და დავიწყებთ საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას შესაბამისი დადგენილების მისაღებად~ _ განაცხადა სხდომის დამთავრების შემდეგ ნინო გოგუაძემ.

P.S. სხდომის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ვერ ავიჩემებთ, რომ საკითხს დადებითად გადაწყვეტის პირი უჩანდა, მაგრამ პროექტის ინიციატორების რამდენიმე მკვახე გამონათქვამმა, ჩვენი აზრით, გარკვეულად იმოქმედა კენჭისყრის საბოლოო შედეგზე.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.