იუბილე

დამატებულია: 2017-05-01
picture1

თემურ მარშანიშვილი 65 წლისაა

ჩვენი გაზეთის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს, ჟურნალისტსა და პოეტს თემურ მარშანიშვილს 28 აპრილს 65 წელი შეუსრულდა. ვულოცავთ ბატონ თემურს იუბილეს და გთავაზობთ, მის რამდენიმე ლექსს კრებულიდან `ბოლო ასეული~, რომელსაც მალე მიიღებს მკითხველი.

კაცი მანამ ხარ...

უთენიაა, ყავა და შოკო მივირთვი,

ჟანგბადის ნაცვლად, ფილტვებში ბოლიც მივირტყი,

ახლა ავდგები, კრიალოსანის მძივის თვლით,

ერთ პატარა ლექსს _ მისაღებ თავანს მივითვლი.

სიმართლისათვის მეცალა და სულ მივიცლი,

ტყუილი დამცდეს? ორივე ყურს ძირს მივითლი:

მზესასწაულად კივილს კი არა, ყივილს ვთვლი,

კაცი მანამ ხარ, სანამ სამღერლად მიილტვი!

გზა მომეცითო, _ არ უყვარს ვიწრო ბილიკი, _

შრიალებს ფიქრი, როგორც ცივ ქარში ფინიკი,

რამაც მომკლა, მან მომარჩინოსო, _ ძლივს იტყვი:

კაცი მანამ ხარ, სანამ ღვინისკენ მიილტვი!..

კბილებით ვწიწკნი ჩიბუხის მაგვარ მინის წკირს,

რაც გვიხარია და გვტკივა, მხოლოდ `მისსით~ გვჭირს,

ერთ ჭკუაზეა მეეზოვე და მინისტრი:

კაცი მანამ ხარ, სანამ ქალისკენ მიილტვი!..

მუხამბაზი დროს

სალექსეში მიმოვფანტე

სტრიქონები, დავკალმე,

რაც ვარგოდა, შენ მოგანდე,

უვარგისი დავკალ მე.

ორიგინალს მპარავ, ასლებს

მჩუქნი ისეთს, იმიჯს ჰკლავს,

გულზე ვსკდები, რომ ვერ ვასწრებ,

რაც დავთესე, იმის მკას.

ყველაფერი დამიწუნე,

რაც კი თითქოს დავქარგე,

ვეღარასდროს დაგიბრუნე,

რამდენჯერაც დაგკარგე.

შეგაბერდი... წლის ძერები

ძვლებს მკორტნიან ხანდიხან,

ვეღარ ვზიდე ეს ბგერები,

ვერ ვატარე კარიკარ.

ალბათ, ყელში ამოგიხველ,

სახრეს მირტყამ _ ჰარიჰა!

გაცურებულს მწარედ მიმხელ:

`შენ ღვინია ხარი ხარ!~

ვიყო, ვერ გაგეჯიბრები,

წავიდა დრო ქორწილის,

ყელში არ გაგეჩხირები,

როგორც ძვალი ქორჭილის.

შეგეშალა, მე რას მცეხვავ

ცულით? აპე ურემი,

ოღონდ სანამ გადამჩეხავ,

შემხსენ აპეურები...

ბოლო მზერას ვესვრი ასლებს,

ვხედავ აჭმევს იმიჯს ფლავს,

გული მწყდება, რომ ვერ ვასწრებ,

რაც დავთესე, იმის მკას...

რას გაუგებ წუთისოფელს

სიცივია, ფიქრს აბოდებს,

სტრიქონს ვერ იზეპირებს,

გათოშილი მიაბოტებს,

ანგრევს ლექსის ჯებირებს..

.

ყელზე ვიხვევ ფაფუკ მოხერს,

გავცქერ თეთრ ქვაფენილებს,

უთოვია წუხელ ოხერს,

ვითვლი გადაპენტილებს...

ქარი ბღავის, იკრავს კოპებს,

იგინება კეთილებს,

შემოახევს ტანზე ჩოხებს,

თეთრგულა მთაგრეხილებს...

ნერვს დაგაგლეჯს, აღგაშფოთებს,

ჭკვიდან აგაწევინებს,

რას გაუგებ ქარაშოტებს?

ცხვირით ძმარს გადენინებს...

რას გაუგებ წუთისოფელს,

რას არ ჩაგადენინებს?!

წყაროსწყალზე ჭკუათმყოფელს

საცრით ჩაგარბებინებს...

გათამაშებს ბანქოს, პოკერს,

კოშკებს აგაგებინებს,

საუკუნის ტოლ ჯეკპოტებს

წუთში წაგაგებინებს...

რას გაუგებ წუთისოფელს

და ამ სოფლად ცვენილებს?

ორივ ზღვაში, თვით ზღვის მპყრობელ

ვეშაპს მოგაწველინებს...

გაურანდავ ქუჩის პროზებს _

ბედისწერის წერილებს

აყვითლებს და უცვლის პოზებს,

სისხლით დაგაწერინებს...

რას გაუგებ გალაქტიკებს,

წელს რომ გაგათრევინებს?

დანტესს ისე გაგაბრიყვებს,

პუშკინს მოგაკვლევინებს...

რას გაუგებ წუთისოფელს?

ქვესკნელს ჩაგარღვევინებს,

დუშმანის ქალს, სიკვდილს რომ მღერს,

ცოლად შეგართვენინებს...

ქარი ბღავის, გორგლავს კოპებს,

ეხეთქება სველ მინებს.

რას გაუგებ ბორბალს, ოხერს?

თავბედს დაგაწყევლინებს...…

დამიღამე... გამითენე...

კაფე-თესემ დააფეთა

ციპერბლატი და ისრები.

ლექსო, გარეთ არ გახვიდე,

ტალახია, დაისვრები.

მარტის ქარში ბაგეხსნილი

ჭკუიდან ნუ შაიშლები,

თორემ მარტივ მამრავლებად

აპრილშივე დაიშლები.

აღარ გვინდა დროშიანი,

წვიმიანი მაისები...

შარშანდელიც გვერდზე გასწი,

დავითრიოთ გაისები.

იადონმა დააწყნარა

ციპერბლატი და ისრები.

ლექსო, ჩადექ სალექსესა,

ლექსო, სულ მზით აივსები.

ჯერ ახალი კოკორი ხარ,

ძველ მთვარეზე გაივსები,

თუ იშლები, გაიშალე,

სანამ მოვა დაისები.

მაჩხვლეტინე, მაწოვინე

ნექტრები ტკბილ აისების,

რომც მომშხამოს, არაუშავს,

თაფლს დავტოვებ მაისების.

ლექსო, ჩადექ სალექსესა

,

ფიგურებით, კაისებით,

დამიღამე... გამითენე...

შენი აის-დაისებით.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.