გიგი უგულავა: „ჩვენი პარტია არის გამაერთიანებელი და არა გამყოფი. კარგად გვესმის, რომ საერთო პლატფორმის შეუქმნელად ვერ დავამარცხებთ ადამიანს, რომელსაც 5 მილიარდი აქვს“...
დღეს ოზურგეთში, „დემორატიული ჩართულობის ცენტრში“ „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი კრება გაიმართა, რომელსაც აღნიშნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, მოძრაობის აქტივისტი ირმა ნადირაშვილი და ამ მოძრაობის სხვა ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
„ევროპულ საქართველოს“ ოზურგეთში მიხეილ გოგოტიშვილი უხელმძღვანელებს.
შეხვედრა, გიგი უგულავას საპროგრამო გამოსვლისა და პარტიის ადგილობრივი ლიდერების არჩევა-დამტკიცების შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრის მონაწილეებთან დიალოგში გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ ევროპული საქართველოს გვერდით იქნებიან მხოლოდ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არ აფრიალებენ რუსეთის დროშებს, მანვე არ გამორიცხა, რომ კოალიციაში (თუ შეიქმნა ასეთი) „ნაციონალური მოძრაობაც“ აღმოჩნდეს:
„ჩვენს გვერდით იქნება მხოლოდ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არ აფრიალებს რუსეთის დროშას. აქ შესაძლებელია „ნაციონალური მოძრაობაც გამოჩნდეს. თუმცა ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, პირველ რიგში იმაზე, დღევანდელი ხელისუფლება გააუქმებს თუ დატოვებს ბლოკების შექმნის შესაძლებლობებს.
საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ „ქართული ოცნება“ ბოლო ორ არჩევნებზე ბლოკის სახით იყო წარმოდგენილი. დღეს კი, საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად, საქართველოში მოქმედ სხვა პოლიტიკურ პარტიებს ართმევს ამის შესაძლებლობას და უსინდისოდ და უარგუმენტოდ გვიმტკიცებს, რომ წინასაარჩევნო ბლოკები ცუდია. ჩვენი პარტია არის გამაერთიანებელი და არა გამყოფი. კარგად გვესმის, რომ საერთო პლატფორმის შეუქმნელად ვერ დავამარცხებთ ადამიანს, რომელსაც 5 მილიარდი აქვს და რომელსაც ემორჩილება მთელი სახელმწიფო აპარატი, პოლიცია, სუს-ი, ადგილობრივი თვითმმართველობები და სხვა“, - თქვა შეხვედრაზე გიგი უგულავამ.