• ზაფხულის სეზონისთვის ურეკი - შეკვეთილის სანაპირო ზოლი ინტენსიურად დასუფთავდება. 18 კილომეტრიან სანაპირო ზოლს 3 თანამედროვე ნაგავმზიდი მოემსახურება.
დასუფთავების სამუშაოების მიმდინარეობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე გამგეობის „მომსახურების ცენტრის“ დირექტორთან - შალვა კონჯარიასთან ერთად გაეცნო. მიმდინარეობს 18 კილომეტრიანი მონაკვეთის დახვნითი სამუშაოები, რაც სანაპიროს 20 სანტიმეტრის სიღრმიდან მყარი ნარჩენების შეგროვებასა და პლაჟის საფუძვლიან წმენდას ითვალისწინებს.
„ვემზადებით საკურორტო სეზონისთვის. იმისთვის, რომ დამსვენებელს კომფორტული პირობები შევუქმნათ, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით დასუფთავების მასშტაბურ სამუშაოებს პერმანენტულად განვახორციელებთ,“- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
ნაგავმზიდებით სანაპირო ზოლი კვირაში რამდენჯერმე დასუფთავდება.