მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და სოციალური სიდუხჭირე ძიმითში

დამატებულია: 2017-05-08
picture1

დიდი ტრადიციების მქონე სოფელი ძიმითი გურიის გულში მდებარეობს. იგი მხარის სამივე მუნიციპალიტეტის ცენტრებიდან თანაბარი მანძილითაა დაშორებული. სოფელს წარმატებებიც აქვს და პრობლემებიც. გაზეთი „ალიონი“ ამ სოფლის სოციალურად შეჭირვებული ოჯახების მდგომარეობით დაინტერესდა. თავდაპირველად თირის უბანი მოვინახულეთ.

ჟუჟუნა ცხადაძე-ტუღუში: _ადრე ამავე უბანში, სხვა ადგილას ვცხოვრობდით. შემდეგ აქ გადმოვედით. მეუღლე გარდამეცვალა, მყავს ერთი ვაჟი - ლევან ტუღუში. იგი 38 წლისაა, უცოლშვილო. თვალის კატარაქტა ჰქონდა. ნაწილობრივ პოლისი, ახლობლები დაგვეხმარა და გაიკეთა ოპერაცია.

სოციალურ დახმარებას რამდენიმე წელია ვიღებდი. 2013 წლის მონაცემებით სააგენტოსაგან თუ არ ვცდები, 46 ათასი ქულა მქონდა. სამი თვის წინ 60 წელი შემისრულდა, პენსია დამენიშნა. სოციალურიდან მოვიდა აგენტი, შეავსო დეკლარაცია და დახმარება მოგვიხსნეს. მივიდა ჩემი შვილი ოზურგეთში, სააგენტოს წარმომადგენლობაში. უთხრეს მაღალი ქულა გაქვთ და იმიტომ მოგიხსნესო. საბუთი რატომღაც არ გამოგვითხოვია.

როგორ უნდა გავიტანოთ თავი 180 ლარით. აქ 0.3 ჰექტარი მიწის ფართობი გვაქვს სადაც თხილის ნარგავებს ნაწილი აქვს დათმობილი. თხილი დაავადდა და შარშან მოსავალი მცირე და უხარისხო იყო. თხილის ფასი ძალიან დაბალია. თხილიდან მიღებული შემოსავალი საშუალოდ 500 ლარის ფარგლებში მერყეობს, შარშან 400 ლარამდე ავიღე. კი მაქვს 0,6 ჰექტარი ჩაის ფართობი, მაგრამ გავერანებული და შემოუღობავია. საერთოდ ჩვენს უბანში თიხნარი მიწებია, ამიტომაც ჰქვია ალბათ „თირი“, მცირე ბოსტანი, რამდენიმე ფრთა ქათამი, ორი გოჭი....

სახლი ძველია და საუკუნის იქნება. დიდი წვალებით გადავხურეთ. ჩვენს კითხვაზე, მიმართა თუ არა დახმარებისთვის ხელისუფლებას, გვიპასუხა:- არ მიმიმართავს იმიტომ რომ ადრე ჩემი უბნიდან ვინც მიმართა, არავის დახმარებიან; არც სოფლის ხელისუფლება შემიწუხებია...თუ ჩემი მდგომარეობით დაინტერესდებიან და მოვლენ, კარგი იქნება, თუ არადა ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს. თირის უბნიდან ახალგაზრდების ქალაქში მიდიან. გამოკეტილია სახლები. თანდათან იცლება სოფელი...ჩვენ კი კვლავ ამ ყოფაში განვაგრძობთ ცხოვრებას.

თირის უბნიდან სოფლის ცენტრში საპლანტაციო გზით გადავედით. გზადაგზა გვხდება გაველურებული ან ამოძირკვული ჩაის პლანტაციები. გვიმრა მძლავრობს. სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში შევდივართ. შესასვლელში ლურჯი საფოსტო ყუთი ჰკიდია, საიდანაც წერილების საშუალებით ძიმითელებს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ნინო წილოსანს შეუძლიათ მიაწვდინონ საკუთარი ხმა. მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი ორი თვის წინ შეხვდა სოფლის მოსახლეობას და მათი პრობლემები მოისმინა....

გელა სალუქვაძე, სოფლის რწმუნებულის თანაშემწე სოფელში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გვიყვება:

_სოფელში მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების პრობლემას ვაგვარებთ. თირის უბანში წყალი 50 ოჯახს მიეწოდება, კოხაში - 150, ფაფასკურში 150 ოჯახს ასევე გავუყვანეთ სასმელი წყალი.

თავად ნახეთ, სოფელში კლუბის კაპიტალური რემონტი მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ფირმა „DM-2016~ ასრულებს. აღნიშნული პროექტი დაახლოებით 250 ათასი ლარი ჯდება. სრულდება ფასადური, შიგა სამუშაოების და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ძიმითის მოსახლეობა საკმაო რაოდენობის საყანე ფართობს ფლობს. საგაზაფხულო ხვნა-თესვაში მოსახლეობას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ დაეხმარება. ისინი დაბალპროცენტიან სესხს მისცემენ მოსახლეობას. ხელშეკრულებების გაფორმება უკვე დაწყებულია. თანაშემწის კაბინეტიდან კიდევ ერთი სოციალურად შეჭირვებულ ქეთო კეშელავას ოჯახში გადავინაცვლეთ.

ქეთო კეშელავა: -სახლი ჩემი გარდაცვლილი მეუღლის ამირან კეშელავას სახელზეა. სულ 90 კვადრატული მეტრია და თავად ხედავთ ნახევარი დანგრევის პირასაა. მეწყერის გამო კედლები გახსნილია და რეალური საფრთხეა მთლიანი დანგრევის. სახურავიც დაზიანებულია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ და გოჩა აბაშმაძემ დახმარება შემომთავაზეს: 1500 ცალი ბეტონის ბლოკი, 3 ტონა ცემენტი, სახურავი, 5 კუბური მეტრი ხის მასალა. მართლაც კარგი წინადადება იყო, მაგრამ ჩემი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ შევძლებდი მაინც სახლის აშენებას და უარი ვთქვი. გოჩა აბაშმაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი: _დავიწყებ იმით, რომ 23 აპრილის სტიქიამ დიდი ზიანი მიაყენა, როგორც ბუნებას, ისე მოსახლეობას. მუნიციპალიტეტის 28 ტერიტორიული ერთეულიდან, გარდა სოფელ ვაკიჯვრისა და მთისპირისა, მეტ-ნაკლები ზიანი მაიდგა დანარჩენ ტერიტორიულ ერთეულებს. განსაკუთრებული მძიმე მდგომარეობა შეიქმნა დაბა ნარუჯასა და ლაითურში, სოფლებში - ნატანებში, ჯუმათში, გურიანთაში, შემოქმედში, მაკვანეთში... მთლიანად უნდა გადაიხუროს 104 შენობა-ნაგებობა. მათ შორის: საბავშვო ბაღები დაბა ნასაკირალში, სოფელ ნატანებსა და დვაბზუში, 7 საცხოვრებელი კორპუსი.

რაც შეეხება სოფელ ძიმითს, სხვა სპეციალისტებთან ერთად ადგილზე ვნახეთ ყველა დაზარალებული. სულ 12 საცხოვრებელი სახლია დაზიანებული. მარინე კბილინაშვილის, ეთერ ქართველიშვილის, გიორგი გაგლოშვილის საცხოვრებელ სახლებს მთლიანად შეეცვლება სახურავი, ხოლო დანარჩენებს მიეწოდებათ სახურავი და შესაბამისი მასალა სახურავების ნაწილობრივ შესაცვლელად.

ჩვენ, ძიმითის ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლებთან ერთად, მოვინახულეთ ქეთო კეშელავას საცხოვრებელი სახლი. ვიცი ამ ოჯახის მდგომარეობის შესახებ, მაგრამ აქ მიმდინარე პროცესები მეწყერს უკავშირდება, ამიტომ მათი პრობლემის გადაჭრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პრეროგატივაა. ამ ეტაპზე სამინისტრო იმ პირებს ეხმარება, რომლის განაცხადიც 17, 5 და მეტი ქულითაა შეფასებული.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან ქეთევან კეშელავამ ასეთი პასუხი მიიღო: „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ძიმითში მცხოვრებ ქეთო კეშელავას

თქვენი 15.03.2017 წლის # 122118/01 განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო სტიქიით დაზარალებული ( ეკომიგრანტი) ოჯახების დახმარებისას ხელმძღვანელობს მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის #779 ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნული ბრძანების თანახმად ეკომიგრანტ ოჯახს, განსახლების ერთ-ერთ კრიტერიუმის მიხედვით მიენიჭა 0,5 ქულა. იმ შემთხვევაში თუ სოციალურ პროგრამაში მინიჭებული აქვს 57 001 ნაკლები სარეიტინგო ქულა. შესაბამისად სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას გაითვალისწინოს თქვენ მიერ გამოგზავნილი ამონაწერი სოციალური ბაზიდან. დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენი განაცხადი შეფასებულია 16 ქულით, შესაბამისად სამინისტრო მზად არის, განიხილოს თქვენი ოჯახის დაკმაყოფილების საკითხი, როდესაც მინისტრის ბრძანებით შექმნილი კომისიის (სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტები) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია) მიერ მოხდება ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა და მიღებული იქნება 16-ქულიანი ოჯახების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება.“

სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე ვანო გოგოლაშვილმა ჟუჟუნა ტუღუშისა და ქეთო კეშელავას შესახებ ინფორმაცია ვერ მოგვაწოდა.

_მადლობა გვინდა გითხრათ ამ ოჯახების შესახებ ინფორმაციის მოწოდებისთვის, მაგრამ მათი პერსონალური მონაცემები კონფიდენციალურია და ინფორმაციის მოსაპოვებლად მხოლოდ მათ შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენი სერვისით. დეკლარაციის შევსებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ მათი მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტო კვლავ შეამოწმებს აღნიშნულ ოჯახებს, -გვითხრა გოგოლაშვილმა.

ავტორი: გაზეთი `ალიონი~;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.