ოზურგეთში ფაშიზმზე გამარჯვების 72 წლისთავი იზეიმეს

დამატებულია: 2017-05-09
picture1

დღეს, როგორც, მთელ ქვეყანასა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ისე ოზურგეთშიც, ფაშიზმზე გამარჯვების 72 წლისთავი იზეიმეს.

გმირთა მოედანზე აინთო მარადიული ცეცხლი, ცოცხალი ყვავილებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად აღმართული მემორიალი, შეკრებილ საზოგადოებას და საბედნიეროდ დღემდე შემორჩენილ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მიესალმნენ გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ბეგლარ სიორიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია.

ღონისძიებაზე მხედრული სიმღერები შეასრულა ადგილობრივ ვეტერანთა საზოგადოებასთან არსებულმა ანსამბლმა „აბჯარი“. ოზურგეთელ ვეტერანებს მიუძღვნეს რამდენიმე სიმღერა ანსამბლ „შვიდკაცას“ წევრებმა.

ვეტერანებმა მადლიერება გამოხატეს მათ მიმართ ხელისუფლების მხრიდან გამოჩენილი გულისხმიერებისა და ყურადღებისათვის. ფაშიზმე გამარჯვების 72-ე წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის თითოეული ოზურგეთელი ვეტერანი, ჯილდოს სახით, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისაგან 300, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისაგან 400, ხოლო ვეტერანთა დეპარტამენტისაგან 600 ლარს მიიღებს.

ვერ გეტვით რამდენად გადაუდებელი იყო, მაგრამ გმირთა მოედნის მეორე მხარეს წუთითაც არ შეუჩერებიათ ჯიხურის გადახურვითი სამუშაობი, საიდანაც წამოსული ხმაური დროდადრო ხელს უშლიდა ღონისძიების ნორმალურად მიმდინარეობას, განსაკუთრებით მუსიკალური ნომრების შესრულებისას, რასაც ჩვენი აზრით, უნებლიე კი არა, შეუგნებელი ქმედება ჰქვია.

მეორე მსოფლიო ომს 60 მილიონ ამდეადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის მხოლოდ საქართველოდან 300 ათასამდე მოქალაქე დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.