ალიონი. `ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს უახლოესი ბიუროს სხდომაზე ინიცირებული იქნება პროექტი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეკრეაციული და საზოგადოებრივი სივრცეების რეგულირების შესახებ დროებითი წესის მიღების თაობაზე~ _ ეს განცხადება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, რესპუბლიკელმა ნინო გოგუაძემ გასული კვირის ოთხშაბათს, 10 მაისს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, რომელსაც, ადგილობრივი მედიასაშუალებების ჟურნალისტებთან ერთად, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, ქალბატონი ხათუნა სამნიძე ესწრებოდა.
ნინო გოგუაძის თქმით, ეს წესი ძალაში იქნება მანამ, ვიდრე საკრებულოს მიერ მომზადებული გენერალური განაშენიანების გეგმა არ იქნება წარმოებაში მიღებული:
`ეს წესი ძალაში იქნება მანამ, ვიდრე ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს მიერ მომზადებული გენერალური განაშენიანების გეგმა არ იქნება წარმოებაში მიღებული. აღნიშნული დადგენილების პროექტი ამავე თემაზე შემოსული იყო პეტიციის სახით, მაგრამ პროექტის ავტორებთან ზოგიერთ საკითხზე შეუთანხმებლობის გამო იგი ვერ იქნა მიღებული. თუმცა, საკრებულომ გამოხატა სურვილი და მზადყოფნა, ეს დროებითი წესი ამოქმედებულიყო ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე.
რეკრეაციულ სივრცეებთან დაკავშირებით მე გამოვხატავ როგორც ჩემი, რესპუბლიკური პარტიის ასევე კოლეგიალური ორგანოს სურვილს და კვლავ გავიმეორებ, რომ ეს იქნება დროებითი წესი, რადგან საკრებულოს მიერ მომზადებული განაშენიანების გეგმა წარმოებაში არის მისაღები~. კითხვაზე _ რა განსხვავებაა არასამთავრობოების მიერ წარმოდგენილ პეტიციასა და თქვენ მიერ წარმოდგენილი დროებითი წესდების პროექტს შორის, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა:
`განსხვავება შინაარსთან დაკავშირებით საერთოდ არ არსებობს, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, როგორც ეს სხვა მუნიციპალიტეტებშია, მსგავსი საკითხების გადაწყვეტისას ვისარგებლოთ თვითმმართველობის კოდექსის 122-ე მუხლით~.
ოზურგეთში რესპუბლიკური პარტიის ლიდერის ჩამოსვლა და ბრიფინგზე გამოჩენა, ჩვენი აზრით, განპირობებული იყო პეტიციის შემქმნელი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მისდამი გაგზავნილი წერილით, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა (ნინო გოუაძემ) მხარი არ დაუჭირა პეტიციას და ხელისუფლების მხარე დაიჭირა.
`როგორც ჩვენი პარტია, ასევე ოზურგეთში ჩვენი წარმომადგენელი, ქალბატონი ნინო კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ მხარს ვუჭერთ რეკრეაციული ზონების რეგულირებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. ამ ინიციატივით, იმედი გვაქვს, რომ საკრებულოს უმრავლესობა, მხარს დაუჭერს პროექტს და დროებითი წესი მიღებული იქნება ახალი საკრებულოს არჩევამდე. პროექტში ჩვენ დავტოვეთ რა შესაძლებლობაც აქვს კოდექსს, ახალი არაფერი დაგვიწერია, გასხვისების წესი არის ისეთი, როგორიც არის თვითმმართველობის კოდექსში. წინა პეტიციაში კი ეწერა, რომ გასხვისება ჩატარდეს მხოლოდ აუქციონით~, _ თქვა ბრიფინგის შემდეგ ხათუნა სამნიძემ.
200-მდე მოქალაქის ხელმოწერილი, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული პეტიცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 26 აპრილის სხდომაზე განიხილა. იმის გამო, რომ პეტიციის ავტორები არ დათანხმდნენ პეტიციის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის რედაქტირებას და არ გაითვალისწინეს რამდენიმე შენიშვნა, 8 დეპუტატმა, მათ შორის ნინო გოგუაძემ წარმოდგენილ პეტიციას მხარი არ დაუჭირა. თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა იქვე, იმავე სხდომაზე განაცხადა:
`საკრებულოს წევრებს მიგვაჩნია, რომ მსგავსი დადგენილება მისაღებია, შემუშავებული გვაქვს კიდეც პროექტი, რომელსაც განვიხილავთ და და დავიწყებთ საჯარო ადმინისტრაციის წარმოებას შესაბამისი დადგენილების მისაღებად~.