ხათუნა ზუბაშვილს რამდენიმე წელია ვიცნობთ. იგი სხვა სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად რამდენიმე წელი ოზურგეთის ყოფილ ცენტრალურ საავადმყოფოს შენობაში ცხოვრობდა.
როდესაც ქალაქ ოზურგეთის მერიამ ოზურგეთის სამშობიარო სახლი გაარემონტა და 2015 წლის ბოლოს, საახალწლოდ, იქ ათეულობით სოციალურად დაუცველი ოჯახი ბინით დააკმაყოფილა, ხათუნა ზუბაშვილმა გარკვეული მოტივით უარი განაცხადა მისთვის შეთავაზებულ ფართზე და ამჟამად ქ. ოზურგეთში, დოლიძის ქუჩაზე, ე.წ. „უფასო სასადილოს“ შენობის მეორე სართულზე ორი მომცრო ოთახი უკავია.
რატომ განაცხადა მან შეთავაზებულ ფართზე უარი, რა მდგომარეობაშია ამჟამად მათი ოჯახი, ამაზე გაზეთ „ალიონს“ ხათუნა ზუბაშვილი ესაუბრა:
_ჩემი ოჯახი ქ. ოზურგეთში, ზვანში, #1 ჩაის ფაბრიკის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. იქ ოროთახიანი ბინა გვქონდა. მშობლები ფაბრიკაში მუშაობდნენ. მამა ნოდარ (ჯაბა) ზუბალაშვილი ზეინკალი იყო და კარგი ანაზღაურება ჰქონდა.
1992 წლის 14 ოქტომბერს, მამამ ახალშექმნილი ჩაის მიკროფაბრიკაში მაღალი ანაზღაურება მიიღო საკმაოდ დიდი თანხა. სახლში მოვიდა და დაღლილმა პირველ სართულზე დაიძინა. მამაჩემს რომ დიდი თანხა ჰქონდა მიღებული, ამის შესახებ მეზობელმა დედა-შვილმა ვ. და ი. ტ-მა იცოდნენ.. იმ ღამით აღნიშნული პირები მძინარე მამას თავს დაესხნენ, თავში ჩაარტყეს, გათიშეს, შემდეგ . საწოლზე დააკრეს, ცეცხლი წაუკიდეს, ფული წაიღეს და გაიქცნენ. კვამლმა გამოგვაღვიძა. მეორე სართულიდან სწრაფად ჩამოვირბინეთ. მამას ცეცხლი ეკიდა. ვერ შევძელით მისი გადარჩენა. ბინაც დაიწვა.
ზუსტად იმ დღეებში შემოვიდა ოზურგეთში ქობალიას რაზმი. პოლიციას ჩვენთვის არ ეცალა. თავად იყვნენ დასაცავები. მამაჩემის მკვლელებმა ისარგებლეს ამ არეულობით და სამშობლოში გაქცევით უშველს თავს. ლენინგრადში გადავიდნენ საცხოვრებლად. ყოველმხრივ განადგურებულები დავრჩით.
.
უკუღმა დატრიალდა ჩვენი ცხოვრების ბორბალი. დამწვარ ბინაში ვცხოვრობდით.
მე ამ წლებში დავქორწინდი. მეუღლე მალე რაღაც დანაშაულისთვის დააკავეს. ოჯახი რომ მერჩინა, თბილისში წავედი სამუშაოდ. დასუფთავების სამსახურში ვმუშაობდი, ხან ვვაჭრობდი და ასე გაგვქონდა თავი.
მამის სიკვდილიდან 9 წლის შემდეგ ახალგაზრდა ძმა დამეღუპა მიკროინფარქტით გარდაიცვალა. მეზობლის ბინიდან გავასვენეთ. დედა მალე ამ ტრაგედიის დარდს გადაჰყვა...
ამის შემდეგ სოციალური დახმარება დამინიშნეს. იმდენად ცუდად ვიყავი, აქ ვერ გავძელი და თბილისში წავედი. კვლავ დასუფთავებაში დავიწყე მუშაობა. სოციალური მომიხსნეს. მეუღლე ამნისტიით გაათავისუფლეს ციხიდან. 2013 წელს გარდაიცვალა. მე ოზურგეთში ჩამოვედი და რადგან საცხოვრებელი არ გამაჩნდა ყოფილ საავადმყოფოს დიდ კორპუსში შევედი. სოციალურმა 37 000 ქულა მომანიჭა და სოციალური კვლავ დამენიშნა, თუმცა მას შემდეგ, რაც თურქეთში წავედი სამუშაოდ, მომიხსნეს.
თქვენს კითხვაზე, თუ რატომ არ შევედი ქალაქის მერიის მიერ გარემონტებულ ოზურგეთის სამშობიარო სახლის კორპუსში, გიპასუხებთ, რომ პირველ სართულზე მაძლევდნენ ორ ერთმანეთან დაუკავშირებელ მომცრო ოთახს. ვთხოვე მერიას, ცოტა უფრო დიდი ოთახები მოეცათ სხვა სართულზე_ უარით მიპასუხეს. მეც უარი განვაცხადე აღნიშნულ ფართში შესვლაზე.
როგორც უბინაოს, ქ. ოზურგეთის მერია დამეხმარა და თვეში 160 ლარად ვიქტორ დოლიძის ქუჩაზე, უფასო სასადილოს თავზე ორი მომცრო ოთახი მიქირავეს. თავად ხედავთ, რა პირობებში ვართ, ჩვენი აქ მხოლოდ სანაგვეზე ნაპოვნი ძველი ტახტია. არანაირი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, შავ-თეთრი ტელევიზორიც კი არ გვაქვს. ჩემი ქალიშვილი ირინა ზუბაშვილი 16 წლის ასაკში გათხოვდა. სიძე - გიორგი ბარამიძე ახლა 21 წლისაა. არ მუშაობს. ოჯახური პირობების გამო ჩემთან არის. პატარა გაბრიელა 20 მაისს 2 წლის გახდება...
ქ. ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი თამარ დუმბაძე დაგვეხმარა და უფასო სასადილოს ბენეფიციარი გავხდი. იქედან მომაქვს ჩემი კუთვნილი კერძი და შვილიშვილს ვაჭმევ.
პრობლემები არ გტოვებს. ჩემმა შვილიშვილმა, გაბრიელამ შეშის ღუმელზე ხელი დადო და მძიმე დამწვრობა მიიღო. ექიმბაშთან მკურნალობის შემდეგ ხელზე სხვა პრობლემები შეექმნა. ამ გაჭირვების დროს კეთილმა ადამიანებმა გამიწიეს დახმარება. ღმერთმა კარგად ამყოფოს ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი. ბიუროს უფროსი ლაშა ჭელიძე არჩილ თალაკვაძეს დაუკავშირდა და დეპუტატი ჩვენთან მოვიდა ბინაში. მან იზრუნა, რომ გაბრიელა იაშვილის სახელობის თერმული დაზიანების და პლასტიკური ქირურგიის ცენტრში წაგვეყვანა და ოპერაცია გაეკეთებინათ. ეს ოპერაცია 4000 ლარი დაჯდა. თანხის უმეტესი ნაწილი არჩილის დახმარებით ჩაერიცხა კლინიკას, ნაწილზე კი ქ. ოზურგეთის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ნათია შარაშენიძე დაგვეხმარა.
ცალკე მინდა გამოვყო ქ. ოზურგეთის მერიის ყურადღება. სოციალურმა სამსახურმა, გარდა ბინის ქირისა, წელს ჯერ 250 ლარი ჩამირიცხა, ხოლო შემდეგ _ 400 ლარი. ქალაქის მერის პირველი მოადგილე ალეკო ბურჭულაძე რამდენჯერმე პირადი თანხით დამეხმარა. ასე იყო ამ დღეებში. ბავშვისთვის ნაოპერაციევი უნდა გადაეხვიათ. ალეკომ მომცა კლინიკაში გადასახდელი თანხა.
ახლახან სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსი თეა ლომჯარია დამიკავშირდა და დამლაგებლად სამსახურის დაწყებასაც შემპირდა. ყველას მადლობა, ვინც ჩემს გასაჭირს იზიარებს.
ლაშა ჭელიძე, მაჟორიტარი დეპუტატის ოზურგეთის ბიუროს უფროსი:
_ ვიცით ამ ოჯახის გასაჭირი. მაჟორიტარი დეპუტატი ოჯახში მივიდა და დახმარებას დაპირდა. 2373 ლარი არჩილის მეშვეობით სახელმწიფო პროგრამით ჩაერიცხა. დანარჩენი 1830 ლარი კი თავად არჩილმა მოიძია. ჩვენ გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსს თეა ლომჯარიასაც ვესაუბრეთ;
_ ხათუნა ზუბაშვილს, შვილიშვილის ოპერაციის დაფინანსებაში მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო დაეხმარა. ამჟამად გვაქვს განაცხადი საარსებო შემწეობის და სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭებაზე და სახელმწიფო დახმარების დანიშვნაზე.
ცალკე ამ ოჯახის წევრების დასაქმებაზე ვზრუნავთ. ხათუნა ზუბაშვილს დამლაგებლის ადგილს ვთავაზობთ, დავასაქმებთ სიძესაც, ხოლო ქალიშვილს პროფესიული გადამზადების ცენტრში ჩავრიცხავთ და შესაბამისად პროფესიის დაუფლების შემდეგ დავასაქმებთ. _ გვითხრა ლომჯარიამ.
ჩვენ ვთხოვთ ადგილობრივ ბიზნესმენებს, ქველმოქმედ ადამიანებს დაეხმარონ აღნიშნულ ოჯახს. დაუკავშირდით ტელეფონზე (551) 14 18 76. ან დაგვიკავშირდით გაზეთ `ალიონის~ რედაქციაში.