ქ. ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაერთიანებას დაუჭირეს მხარი

დამატებულია: 2017-05-22
picture1

დღეს, ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების გაერთიანების საფუძველზე ახალი მუნიციპალიტეტის შექმნის შესახებ წინადადებები განიხილეს. სხდომას 14 დეპუტატიდან არ ესწრებოდნენ დეპუტატები ნანული ორაგველიძე და ნათია შარაშენიძე.

სხდომის დასაწყისში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გოგუაძემ კენჭისყრაზე დააყენა არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადება საკრებულოს სხდომის გადადების შესახებ. დეპუტატების უმრავლესობამ წინადადება არ მიიღო.

ნინო გოგუაძემ სხდომაზე წაიკითხა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტროს მიერ ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაერთიანების საფუძველზე ახალი მუნიციპალიტეტის შექმნის შესახებ წინადადება _ მუნიციპალიტეტის გაერთიანების საჭიროების დასაბუთება. კამათი ურთიერთდაპირისპირების ფონზე წარიმართა. მთავრობის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას თავიანთ გამოსვლებში მხარს უჭერდნენ: ქ. ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე, დეპუტატები თემურ სალუქვაძე, ლავრენტი ბიგვავა,ლევან თოიძე, მედეა მახარობლიძე,ხოლო გაერთიანების წინაღმდეგი იყვნენ ლევან მგელაძე, გოჩა ძიმისტარიშვილი.

სხდომაზე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. ისინი თავიანთ არგუმენტებს სთავაზობდნენ დეპუტატებს გაერთიანების თაობაზე. სიტყვებით გამოვიდნენ თამაზ ტრაპაიძე,ოთარ რევიშვილი, ლევან მჟავანაძე, ირაკლი პაპავა,მარეხი გობრონიძე, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი მადონა ბერიძე. საბოლოოდ ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაერთიანებას მხარი დაუჭირეს: ლავრენტი ბიგვავამ, ლევან თოიძემ, ვასილ ჩოგოგიძემ, კახა კვაჭაძემ, მედეა მახარობლიძემ, ნინო ტაბატაძემ, ირინა საჯაიამ, თემურ სალუქვაძემ.

გაერთიანების წინააღმდეგ მისცეს ხმა: ლევან მგელაძე, თამარ ნადირიძემ, გოჩა ძიმისტარიშვილმა.ამავე პოზიციაზე იყო საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გოგუაძე. ვრცელ სტატიას აღნიშნული სხდომის შესახებ იხილავთ გაზეთ „ალიონში.“

ავტორი: ავტორი გაზეთი „ალიონი“;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.