ჩემი ნება რომ იყოს, მაიას ყოველი ლექსის ბოლოს, წერტილის ნაცვლად, უსასრულობის ნიშანს დავსვამდი
თემურ მარშანიშვილი
მხატვარი, რომ ვიყო, უმალ მოლბერტს გავშლიდი და ველად გალაღებულ, ფაფარაშლილ და გავადამშვენებულ, წმინდა სისხლის ფაშატს დავხატავდი, უბელო, დედის წინ არამორბენალი კვიცით; კომპოზიტორი, რომ ვიყო, შესაბამისი მუსიკის შექმნაზე ვიფიქრებდი; კრიტიკოსიც რომ ვიყო, ერთ კარგ რეცენზიას გავაშანშალებდი, მაგრამ რადგან ერთი რიგითი ჟურნალისტი ვარ, ამ წერილს ასე უბრალოდ დავიწყებ: 15 მაისს ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დედაშვილის, მაია ღლონტისა და ნიკოლოზ შაფაქიძის პოეტური ბენეფისი შედგა!
გასულ ორშაბათზე კაცი რომ იტყვის, წვიმიანი ამინდი იყო და ციოდაო, იმას სინოპტიკისა ნამდვილად არაფერი გაეგება, მით უფრო, არც პოეზიისა. აი, ბიბლიოთეკაში რომ შემოეხედა, მზითაც გათბებოდა, მზის შვილითაც და ჰარმონიული ქართული სიტყვით მროკავი პოეზიის რამდენიმე შედევრსაც ეზიარებოდა.
_ ბევრს ვერაფერს გეტყვით, ჩემს სათქმელს ჩემი ლექსები ამბობენო, _ თქვა პოეტმა ქალმა, მიუშვა წისქვილზე წყალი და სულ მინდი ჩამოფქვა. დარბაზი? დარბაზი ერთხანს არ სუნთქავდა მგონი, მერე, მათრობელა ლექსებით დამტვერილი, მოსკდა ტაშად და ოვაციად. ასე დიდ სიყვარულს გამოხატავენ მხოლოდ!
არ გამკვირვებია, მეტიც, დარწმუნებული ვიყავი, ასე მოხდებოდა, რადგან ვიცოდი, როგორი იყო მაიკოს პოეზია: ენით ამოჰარმონიულებული და კალმით ნაქარგი, სპეტაკი, ფაქიზი, მბორგავი, რიტმითა და რითმით დახუნძლული, უხვი, მდიდარი, ნაკადულად მდინარი...…ჩემი ნება რომ იყოს, მისი ყოველი ლექსის ბოლოს, წერტილის ნაცვლად, უსასრულობის ნიშანს დავსვამდი.
რაც შეეხება `ცხოვრების მორფოლოგიას~, რომელიც ყველაზე რეზონანსული გამოდგა საღამოზე წაკითხული ლექსებიდან: ქართულ პოეზიაში თეთრ ლექსს, ანუ ვერლიბრს იმდენად ვერ ვიტანდი, რომ წლების წინათ ერთ-ერთ ჩემს ლექსში ასეთი ფრაზაც კი მოვიქნიე: `გადააფარეს მუზის ტევრს ლიბრი და გაამეფეს უფხო ვერლიბრი~. მაიკომ შეძლო და თეთრ ლექსს ლიბრიც მოაშორა და ფხაც მისცა. ამ ფორმით გადაწყვეტილი `ცხოვრების მორფოლოგია~ აშკარად ცდება ლექსის ჩარჩოებს და ფილოსოფიურ მოძღვრებას უტოლდება. გივი გეგეჭკორის პოეზიის შემდეგ, მე ასეთი ვერლიბრი არ წამიკითხავს, არ მეშინია იმის თქმაც, რომ მაიკო ამ ჟანრში თვით გიომ აპოლინერსაც არაფრით ჩამორჩება.
ერთი ამბავი უნდა გავიხსენო: შარშან, ქართველი პოეტები სტუმრობნენ ოზურგეთს, თეატრში შედგა ღონისძიება. მოკლედ, ლექსთა შეჯიბრებას დაემსგავსა საღამო. მაიკომაც თავის სტილში წაიკითხა იქ ერთი საკუთარი ლექსი. პარტერის პირველ რიგში ვიჯექი და შევამჩნიე, აღფრთოვანებულმა სტუმრებმა როგორ გადახედეს ერთმანეთს, ბოლოს კულისებში იკითხეს კიდეც, ვინ არის ეს ქალიო. იცით, რატომ ვამბობ ამას? მაიკოს პოეზიას რომ ქვეყნის მასშტაბით უკეთ იცნობდნენ, დარწმუნდებიან, სხვებზე ნაკლებად არც გურიაში ხელეწიფებათ ლექსების თხზვა.
მაია რომ მრავალმხრივი და ფართო დიაპაზონის შემოქმედია, ამის საილუსტრაციოდ, მოდით, ექსპერიმენტებს მივმართოთ, იმიტირებულად, რასაკვირველია, და წარმოვიდგინოთ რა მოხდება: პირველი _ ჩამოვაშოროთ მეორე საჯარო სკოლას ეს არაორდილალური სიტყვიერების მასწავლებელი. ხატზე გადაგვცემენ ამ სახელდებული სასწავლებლის ხელმძღვანელობა, პედაგოგები და მოსწავლეები; მეორე _ ჩვენი თვალთახედვიდან დღევანდელი ქართული პოეზიაც დავტოვოთ მაიკოს ლექსების გარეშე. უწყლო ხევი ხომ გინახავთ, იმას დაემსგავსება; მესამე _ თუ გნებავთ, მწერლობის ისეთი ურთულესი ჟანრიდანაც `მოვტეხოთ~ ჩვენი წერილის გმირი, როგორიცაა დრამატურგია. დაგვჭამენ, ტვინს გაგვიბურღავენ თეატრალები, რომლებმაც რამდენჯერმე უკვე დააჭაშნიკეს მაიკოს სცენარები და ახლა შეპირებული, ახალი პიესის მოლოდინში არიან. ასე რომ, მაია მხოლოდ პოეზიაში არ არის ფენომენი.
ნიკას ჯერიც დადგა!
`დედისგან შვილზე გადასული ღვთიური ნიჭი~ _ მომეწონა ეს უზუსტესად გარტყმული ფრაზა, რომელიც მოსაწვევ ბარათზე დაუტანიათ ორგანიზატორებს.
მეთერთმეტეკლასელი ნიკოლოზ შაფაქიძე დიდი ხანია ჩემი დაკვირვების სუბიექტია. ვცდებოდი, როცა ვამბობდი მომწონს-მეთქი მისი პოეზია, ახლა როცა მოვუსმინე და შემდეგ გადავიკითხე, მომწონს კი არა, მიყვარს ძალიან. ახალგაზრდა შემოქმედთან თითქოს ასე არ უნდა გაიხსნა, მაგრამ არ არის ნიკა ის ბიჭი, ქება რომ ზედმეტად გაათამამებს.
ცოტა ლექსი წაგვიკითხაო, გულისტკივილით დაცდა რამდენიმეს, ახლა მაგი ისეთ ასაკშია, შეიძლება ლექსისთვის არ ცხელოდესო, ასეც თქვა ზოგიერთმა. არც ერთია სიმართლესთან ახლოს და არც მეორე, ნიკა მოიქცა ისე, როგორც მას და თავის დედას ეკადრებოდა _ ტაქტიანად, რაინდულად და თავის საფიცარ დედასთან შედარებით დაბალ ტონალობაში გაგვაცნო თავისი რამდენიმე ნამუშაკარი. ამიტომ ვაფასებ ამ ბიჭს, ამიტომ არის ის ჩემი ფალავანი და ამიტომ ვარ დარწმუნებული, მისი სახით საინტერესო კალმოსანი მოდის ქართულ პოეზიაში. ერთიც, უნდა აღვნიშნო: სიტყვას `დედაშვილობა~ არც ტევადობა აკლია და არც გრძნობადობა, მაგრამ ამ შემოქმედებით საღამოზე მაია ღლონტმა და ნიკოლოზ შაფაქიძემ კიდევ მეტი ელფერი შემატეს მას.
ღონისძიება ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში UNDP-ს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. პროექტის თანადამფინანსებელია ქალაქ ოზურგეთის მერია.
ცხოვრების მორფოლოგია
ვიწყებთ ცხოვრებას და
ვგავართ არსებით სახელებს.
სტატუსს გვანიჭებს ჩვენი
რუტინული ყოფა
და ვიყოფით ადამიანები
ვინ და რა ჯგუფებად.
როცა აღმოვაჩენთ
საკუთარ სამყაროს,
ვგავართ ზედსართავ სახელებს
და ისევ გვყოფს ცხოვრება
დადებით,ოდნაობით და
უფროობით ხარისხებად.
მერე ხვდები, რომ ხარ
რიცხვითი სახელი –
ვიღაცისათვის ერთი,
ვიღაცისათვის–მეასიათასე
და მაშინ ემსგავსები ნაცვალსახელს,
შენსავე ჩრდილს ამოფარებულს.
თუკი თავი გამოყავი ჩეროდან,
ემსგავსები ზმნას –
და შენ გარშემო არიან შენნაირები:
ზოგი – ერთპირიანი გარდაუვალი,
ზოგიც – ორ და სამპირიანი
და მაინც გარჩევენ ქცევის მიხედვით:
სათავისოდ, სასხვისოდ და საარვისოდ.
სათავისო ქცევა იგივეა, რაც საარვისო,
თუმცა ვერც სასხვისოდ გამოდგები,
თუ სათავისო არ ხარ...
და იყოფა შენი ცხოვრება
სერიებად და მწკრივებად.
თუ ფუძედრეკადი ზმნა ხარ,
გულს გაუწყალებს ადამიანებს შენი ამოცნობა,
შენ კი მიიწევ მწვერვალისაკენ,
რათა დაემსგავსო ზმნიზედას,
რომელიც განსაზღვრავს ზმნას
ადგილის, დროის, ზომა-ოდენობისა
და ჯერობის მიხედვით
და ამ პერიოდში ხარ სრულმნიშვნელობიანი,
მაგრამ ფორმაუცვლელი მეტყველების ნაწილი.
შემდეგ თანდათან კარგავ მნიშვნელობას
და ემსგავსები თანდებულს,
სიტყვასთან მიერთებულს ან ცალკე მდგომს...
(და გეცინება:თან ცალკე მდგომი ხარ, თან თანდებული)
თუმცა გასულდგმულებს ერთი იმედი –
მაინც სჭირდები ჯერ კიდევ ვიღაცას –
და მზად ხარ, იქცე კავშირად:
(მაჯგუფებელ, მაპირისპირებელ
და ხანაც მაცალკევებელ კავშირებად)
და მოგწონდეს შენი როლი...
თუმცა კავშირიდან ნაწილაკობამდე
მხოლოდ ერთი ნაბიჯია...
რაღა გქვია შენ?
– მნიშვნელობას მოკლებული,
გასაცოდავებული, ნ ა წ ი ლ ა კ ი...
და ცხოვრების მინდვრის გადაღმა
როცა დაინახავ დიდ სინათლეს,
ვეღარ იპოვი სიტყვებს.
მაშინ დაემსგავსები შორისდებულს,
თუმცა შენს ხმას არავინ მოუსმენს
ისე, როგორც შენ არ გესმის
მონადირის ქუსლით გასრესილი
სოკოს ხმა და
შორისდებულად ქცეული დაასრულებ
ცხოვრების ათფეროვან კრიალოსანს.
მაია ღლონტი
ლექსის შობა
დილა მოწრუპა საათმა ისევ,
ცას დაფლეთილი ჰქონია გული
და როგორც წვიმით დაღლილი ძაღლი,
ამატებ ღამეს ერთ ეულ ყმუილს...
სისხლისფერია თოვლი ამაღამ,
რადგან ამ თოვლზე იმშობიარე
და გააჩინე ლექსი პატარა,
წვიმიან ღამეს რომ მიაბარე...
პატარა ხელებს ერთ თითზე გხვევდა,
ჯერ უშობელი ლექსი პირველი.
თვითონ ავსებდა კიჩოს და გემბანს,
როგორც დაღლილი, სუსტი ფრინველი...
მთვარე გიყურებს მუქი ფანჯრიდან,
თან ცხვირს გიბზუებს ავად და ურცხვად.
აინტერესებს რა საჭიროა
ლექსის საშობად ამდენი კრუნჩხვა?!
ფიქრობ და საბანს იხუტებ გულში,
დაადე კედელს ერთი აგური
და გიცდის სადღაც უშობი ლექსი,
მდუმარე სევდით, ვით ნავსადგური...
ნიკოლოზ შაფაქიძე