ალიონი. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 7 ივნისის სხდომაზე სულ სამი საკითხი განიხილეს და აქედან მესამე _ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე ნატანების მიმდებარედ ინერტული სამშენებლო მასალების მოპოვებასთან დაკავშირებული პრობლემის შესწავლის მიზნით დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ, _ იმდენად რეზონანსული გამოდგა, რომ წინა ორი ძალაუნებურად ჩრდილში მოექცა.
რასაკვირველია ვიცოდით, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კარიერების მთელი კასკადია, რომელიც ღიად რომ ვთქვათ, მდინარე ნატანების მიმდებარე სოფლებსა და მოსახლეობას ყოფნა-არყოფნის რეჟიმში, ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აყენებს და ამ პრობლემის შესახებ კომპეტენტური პირების დასკვნებიც არაერთხელ გამოგვიქვეყნებია, მაგრამ ინერტულ მასალას თუ ქალაქის ტერიტორიაზეც მოიპოვებდნენ, ამას ნამდვილად ვერ დავიჯერებდით, არადა, დეპუტატ ლევან მგელაძის მიერ საკრებულოს სხდომაზე გასაჯაროებული დოკუმენტები ცხადყოფს, რომ კარიერების გადამკიდე, შესაძლებელია ქალაქსაც არანაკლები საფრთხეები შეექმნას.
საკითხით დაინტერესებული ქალაქის მერი ბეგლარ სიორიძე არ ფლობს არანაირ ინფორმაციას ქალაქის ტერიტორიაზე მოქმედი კარიერის შესახებ: `არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ ქალაქის ტერიტორიაზე მოქმედი კარიერის შესახებ, მაგრამ თუ ეს სინამდვილეს შეესაბამება და კანონდარღვევით მსგავსი რამ ხდება, აუცილებლად უნდა გატარდეს ადეკვატური ღონისძიებები და დასასჯელი დაისაჯოს კიდეც. დროებით სამუშაო ჯგუფს შექმნით თუ შესაბამისი კომისია შეისწავლის ამ საკითხს, ეს თქვენი გადასაწყვეტია. დღეს თბილისში მივდივარ, რამდენიმე დღეში დავბრუნდები და აქვე ვავალებ მერიის შესაბამის სამსახურს ამ დროში, ამ საკითხზე მოამზადოს სრულყოფილი დოკუმენტური ინფორმაცია.~
როგორც ქალაქის მერიის ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა მერაბ წივწივაძემ განმარტა, მდინარე ნატანების ის ადგილი, რომელზეც საუბრობს ლევან მგელაძე, ნაწილობრივ შედის ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრებში: `მდინარე ნატანების ის ადგილი, რომელზეც საუბრობს ლევან მგელაძე, ნაწილობრივ შედის ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში. ამ ადგილას ქალაქს სოფელი მელექედური ესაზღვრება და თუ მდინარის ორივე ნაპირზე მიმდინარეობს ინერტული მასალის ამოღება, გამოდის, რომ ქალაქის ტერიტორიიდანაც გააქვთ ქვიშა.~
ფრაქცია `ოზურგეთის მომავლისათვის~ წევრის, დეპუტატ ლევან მგელაძის ინფორმაციით, ქალაქის ტერიტორიაზე ნამდვილად ხდება ინერტული მასალის მოპოვება და რამდენად კანონიერად ხდება ეს, ფრაქციამ ამ მიზნით ითხოვა საკრებულოში დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა.
`მე შემიძლია წარმოგიდგინოთ მასალა, რომლის გაცნობის შემდეგ არანაირ ეჭვს არ იწვევს ის, რომ ჩვენი ქალაქის ტერიტორიაზე ხდება ინარტული მასალის მოპოვება, მაგრამ ვერ გეტყვით, რამდენად კანონიერად ხდება ეს. ამიტომ გამოვიტანეთ ეს საკითხი საკრებულოს სხდომაზე და ამიტომ ვითხოვეთ საკრებულოში შესაბამისი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა~.
საკრებულომ კი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნას არჩია საკითხი შეისწავლოს საკრებულოს ქონებისა და ბუნებრივი რესურსების კომისიამ, რომელშიც ფრაქცია `ოზურგეთის მომავლის~ დეპუტატებიც ჩაერთვებიან. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ლევან მგელაძეს გასულ პარასკევს შევხვდით.
დეპუტატი ამბობს, რომ ფრაქცია საკითხით მოქალაქეებიდან შემოსული ინფორმაციის შემდეგ დაინტერესდა:
`მოქალაქეებიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ თავიანთ საყანე ფართობებში თავდაპირველად შეიყვანეს ტრაქტორი, დაიწყეს გრუნტის სინჯების აღება და მონიშვნები, შემდეგ კი გამოჩნდა მძიმე ტექნიკა და დაიწყეს ინერტული მასალის მოპოვება. ეს ხდება მდინარე ნატანების სანაპიროზე ქალაქის ჩრდილოეთ აღმოსავლეთით, სადაც მას ესაზღვრება სოფელი მელექედური.
მართალია, ამ მოქალაქეებს არ გააჩნდათ მიწის ნაკვეთის ელექტრონული ვერსიები, ჰქონდათ მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტები, რომელიც საფუძველია იმისი, რომ დაირეგისტრირონ ეს სავარგულები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მიწის ნაკვეთები არის სახელმწიფო საკუთრებაში, თან ახალდარეგისტრირებული. სახელმწიფოს უნდა მოეძია დოკუმენტაციები, ვინმეს სახელზე თუ იყო გაცემული, მაგრამ ასეთი არ მომხდარა და პირდაპირ დაარეგისტრირა. თუ ადგილზე მიხვალთ, ნახავთ, რომ მოსახლეობის მიერ შეღობილი ნაკვეთებიც დარეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრებაში. ამ მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, რომ დაერეგისტრირებინათ ეს მიწის ნაკვეთები, მაგრამ საჯარო რეესტრში შეხვდათ წინააღმდეგობა და ვერ დაირეგისტრირეს. საჯარო რეესტრმა ითხოვა ორთვიანი ვადა სიტუაციაში გასარკვევად. ამ ეტაპზე, დღესდღეობით ქვა-ღორღის მოპოვება არ მიმდინარეობს, მაგრამ ინერტული მასალის დიდი ნაწილი გატანილია. ვერ ვიტყვი, ეს კანონიერია თუ არაკანონიერი, იმიტომ, რომ ქალაქის მუნიციპალიტეტს არ გააჩნია ინფორმაცია წიაღისეულისა და ინერტული მასალის მოპოვების შესახებ. თუმცა, გვაქვს არაოფიციალური ინფორმაცია, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს სამ იურიდიულ პირზე გაცემული აქვს ლიცენზიები ქალაქის ტერიტორიაზე ინერტული მასალის მოპოვების შესახებ, მაგრამ არ არის მითითებული სად არის განლაგებული ეს მიწის ნაკვეთები, მოსაპოვებელი ინერტული მასალის რაოდენობა, ვადა – რამდენი წლით არის გაცემული და მეპატრონის ვინაობა.
ვერ ვიტყვით, რომ დიდი რაოდენობა არის ამოსაღები, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, იმას, რომ ლიცენზიის მოქმედების ვადა სავარაუდოდ 5 წელი მაინც იქნება, წელიწადში 200 სამუშაო დღეა და ყოველდღიურად ფაქტობრივად გააქვთ 30-50 მანქანა ინერტული მასალა. იმასაც ვიტყვი, რომ ჩვენი ქალაქის საზღვრები ჩადის სოფელ მერიის ხიდამდე, ფაქტობრივად მდინარის კალაპოტს მიყვება. ჩემის აზრით, იქაც ხდება უკანონო ამოღებები, მაქვს ეს ინფორმაციაც. ყოველივე ამის შემდეგ ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს რა ეკოლოგიურ კატასტროფასთან გვექნება საფრთხე, რა საშიშროების წინაშე დადგება ორივე მუნიციპალიტეტი.
ჩვენი ფრაქცია არ არის ქვიშის მოპოვების წინააღმდეგი, მაგრამ ვითხოვთ იმას, რომ ყველაფერი მოხდეს კანონის ფარგლებში, გეგმაზომიერად, ისე, როგორც კანონდებლობითაა გათვალისწინებული. ამიტომ მოვითხოვეთ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა. საკითხი მოიწონეს ქონებისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომაზე, თუმცა, საკრებულომ სხვანაირად გადაწყვიტა. ვეთანხმებით იმაზეც, რომ ქონების მართვის და ბუნებრივი რესურსების კომისიამ, მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, შეისწავლოს ეს საკითხი, რომელსაც რეგიონისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს~.
P.S-ის მაგიერ თითო შეკითხვა ხელისუფლებას, გარემოს დაცვის სამინისტროსა და ლიცენზიანტებს:
_ ხორციელდება თუ არა ინერტული მასალებისა და წიაღისეულის მოპოვებაზე სახელმწიფო კონტროლი, თუ მოარულ ჭორებს უნდა დავუჯეროთ, რომ ამ სფეროში ყველაფერს გავლებიანი პირები აკონტროლებენ?
_ ლიცენზიების გაცემისას გარემოს დაცვის სამინისტრომ გაითვალისწინოს უნდა თუ არა ადგილობრივი ხელისუფლების აზრი და ლიცენზიის გაცემის შესახებ უნდა აცნობოს თუ არა მას, რატომ არ არის ამ საკითხებზე კომუნიკაცია სამინისტროსა და მუნიციპალიტეტების თვითმმართველობებს შორის?
_ ლიცენზიანტებო, სანამ მოპოვებით სამუშაოებს შეუდგებოდეთ, ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, ხომ არ აჯობებს შეხვდეთ და აცნობოთ ამის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებას? სურათებით