საქართველოს საპატრიარქოს გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის სამრევლო სკოლაში პედაგოგ ხათუნა გულბიანის სადამრიგებლო მე-4 კლასის გამოსაშვები საღამო გაიმართა. ორიოდ სიტყვით სამრევლო სკოლის წარმატებების შესახებ: წელს გამოსაშვებ გამოცდებზე აღნიშნულ სკოლაში არცერთი მოსწავლე არ ჩაჭრილა, რაც საუკეთესო შედეგია რეგიონში.
სამრევლო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე საბა სირაძემ წარმატებით განვლო სამოქალაქო ოლიმპიადის 2 ტური და რესპუბლიკურ დასკვნით ტურში პირველი ადგილი დაიკავა. საბა სირაძე ერთვიან სტაჟირებას ინგლისში, კემბრიჯის უნივერსიტეტში გაივლის. საბამ გამოსაშვები გამოცდებზეც მაღალი შედეგი აჩვენა. ქართულ ენასა და ლიტერატურაში 10-იანი შეფასება დაიმსახურა, ხოლო დანარჩენ საგნებშიც მაღალი შედეგი აჩვენა.
რაც შეეხება მე-4 კლასს, წელს განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, მათ ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით „ბულბულის იუბილე“ წარმოადგინეს. ამის შემდეგ, აღნიშნული დადგმა, როგორც წარმატებული სპექტაკლი, გორში აჩვენეს. პედაგოგებმა და მოსწავლეებმა საღამოს საინტერესო სცენარი „მომავლის გზებზე“ შესთავაზეს დამსწრე საზოგადოებას.
ამ კლასის ყველა მოსწავლე მუსიკალური ნიჭითაა დაჯილდოებული და საუკეთესოდ მღეროდნენ და ქორეოგრაფიულ ნომრებსაც ასრულებდნენ.
მათი ოცნების კარაველამ დიდი გზა გაიარა სკოლაში მისვლის პირველი დღიდან, ვიდრე ამერიკის კონტინენტს მიაღწევდნენდა გურულ ჩაუქ ცხენოსნებად მოგვევლინებოდნენ. „ზღვაში“ მეკობრე ჯეკის ხომალდსაც შეხვდნენ და ინგლისური სკეჩიც წარმოადგინეს.
ბევრი კარგი ნომერი ჰქონდათ, მაგრამ მაინც გამოვყოფდით გუგა კანდელაკისა და ლუკა მურადაშვილის მიერ შესრულებულ „ო, სოლე მიო“.
ჯერ წინ დიდი გზა აქვთ გასავლელი, მაგრამ უკვე იციან, რომ: „შორს რომ არ წახვიდე, არ გავცდე ბასიანს, ღმერთი მყავს ჯვარცმული და მზეზე ნათელი, სულაც არ მადარდებს ევროპაც, აზიაც..
მე ისიც მეყოფა, რომ მქვია ქართველი“...
შემოდგომაზე მე-5 კლასის კარს შეაღებენ: ლიზი ნაკურაძე, ელენე ბაღიშვილი, ერეკლე გორდელაძე, ლიზა ერაძე, საბა ვასაძე, გუგა კანდელაკი, მარიამ კეკელიძე, დავით კვაჭანტირაძე, ანა მაღლაფერიძე, ლუკა მურადაშვილი, ილია ნაკაიძე, თამარ სირაძე, ანი სიხარულიძე, ზვიად ფასიეშვილი, სერგი ქვილორია, გიორგი ქუტიძე, გიორგი ჩხარტიშვილი, ელენე ხინთიბიძე, ნოდარ ცინცაძე.(მუსიკის მასწავლებელი თამილა ბურჭულაძე; ქორეოგრაფი სოფო ღლონტი; მხატვარი ნატო სალუქვაძე.)