თუ ქმედითი ღონისძიებები არ გატარდა, დანარჩენსაც იგივე ბედი ელის `10 ივნისის კოკისპირულმა წვიმამ ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში მთლიანი ფონდის 40 პროცენტი დააზარალა. ეს არის ძირითადად მუზეუმში დაცული ხელნაწერები და ფოტომასალა, ასევე მუყაოს ყუთები, რომელშიც განთავსებული იყო არქეოლოგიის ძირითადი ნაწილი. ამინდს კარგი პირი არ უჩანს და თუ ქმედითი ღონისძიებები არ გატარდა, დანარჩენსაც იგივე ბედი ელის~, _ გვითხრა შემთხვევის ადგილზე მისულებს მუზეუმის დირექტორმა გოგა ტრაპაიძემ.
როგორც ცნობილია, მუზეუმის შენობის მარცხენა ფლიგელში შპს `კომფორტი -2005~ ფოლკოლორის ცენტრის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს. პარასკევს, 9 ივნისს მშენებლებმა, შენობაზე ბეტონის სახურავის ზედა შრის მოხსნამდე, ფონდის მასალები რომ ინახებოდა, ის ადგილი გადახურეს, თუ როგორ _ სურათზე ჩანს. თუმცა, ესეც რომ არ გაეკეთებინათ, ზარალი გაცილებით დიდი იქნებოდა. ვერაფერი ნუგეშია ისიც, რომ სახურავზე ახალი ბეტონის მოსხმა თითქმის დაასრულეს, რადგან ვერავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ სრულყოფილად დამთავრებამდე მასში წყალი არ გაატანს.
ოზურგეთში ფოლკლორის ცენტრის აშენებით დიდი საქმე კეთდება, მაგრამ ისე არ უნდა მოხდეს, რომ ერთი დიდი საქმის გაკეთებას, მეორე, უკვე გაკეთებული დიდი საქმე შეეწიროს.
ნურავინ გვიწყენს, მაგრამ, ასეთ სიტუაციაში, ალბათ (ალბათ კი არა, აუცილებლად) მეტი სიფრთხილე მართებდათ და მართებთ, როგორც სამინისტროსა და ქალაქის ხელისუფლებას, ასევე მშენებლებს, რადგან ეს მუზეუმია, ჩვენი კულტურაა, ჩვენი ისტორიაა და არა ჩემი სახლი ანასეულში ბოლო, მეხუთე სართულზე, სადაც ხან სახურავზე ვარ და ქარიშხლისაგან დაგლეჯილ თუნუქს ვასწორებ, ხან კიდევ ტაშტებით დავრბივარ ოთახ-ოთახ, ქვემო სართულზე მეზობლებს წვიმის წყალი რომ არ ჩაუვიდეს და ზემოთ არ ამომივარდნენ.