სახალხო ფილმი ექვთიმე თაყაიშვილზე

დამატებულია: 2017-06-13
picture1

ალიონი.ორ წელზე მეტია მიმდინარეობს მხატვრული ფილმის „ექვთიმე თაყაიშვილის“ გადაღებები. გადამღებმა ჯგუფმა უკვე გაირა ყველა ის გზა, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა გადაკვეთა. ესაა ლიხაური, თბილისი, საგურამო, პარიზი, ლევილი და ა.შ. ამ ფილმში მთავარ როლს წარმოშობით ოზურგეთელი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს..

ფილმის გადაღებებისახალხო შემოწირულობებით მიმდინარეობს, რადგან, როგორც გადამღები ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა გვითხრა, კულტურის სამინისტრომ უარი განაცხადა აღნიშნული ფილმის დაფინანსებაზე. უკვე გადაღებულია 4 საათზე მეტი მასალა. მონტაჟის შემდეგ ფილმის ხანგრძლივობა 2 საათი და 10 წუთი იქნება.

გასულ კვირას საქველმოქმედო ფონდის „ერთსულოვნება და თანადგომა“ ინიციატივით (ფონდს ნათია ღაჟონია ხელმძღვანელობს) სოფელ ლიხაურში საქველმოქმედო საღამო გაიმართა, რომელიც ფილმისთვის შემოწირულობების შეგროვებას ისახავდა მიზნად. საღამოზე მოწვეული იყო გადამღები ჯგუფის წევრები: ნიკოლოზ ხომასურიძე -მთავარი რეჟისორი; სცენარისტი ლაშა კანკავა, რომელიც ფილმში გალაკტიონ ტაბიძის როლს ასრულებს; ანა ბარჯაძე და მირზა ჩხიკვიშვილი.

ლიხაურლებს შემოწირულობების გაღების დიდი ტრადიცია აქვთ. ამას მოწმობს გასული საუკუნის დასაწყისში გამართული ალეგრო-საღამოები. ამჯერად ლიხაურლებმა თანასოფლელებს თავიანთი ხელოვნება უჩვენს და პარალელურად მიმდინარეობდა შემოწირულობების გაღება. საღამოზე 2000 ლარი შემოვიდა, რომელიც გადამღებ ჯგუფს გადაეცა. როგორც მირზა ჩხიკვიშვილმა გვითხრა, შემოწირულობების გამღები ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგები და ამ ღონისძიების დამსწრე მრავალი ლიხაურელი იყო.

ლიხაურის განვითარების ფონდმა კი ამ საღამოსთვის მხატვრული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოაწყო. წარმოდგენილი იყო ,მხატვარ ავთანდილ თავართქილაძის, სხვა მხატვრების და ოზურგეთის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები, ასევე ადგილობრივი შემომქმედების ნაქარგობა, თვითნაკეთობანი. რამდენიმე ნამუშევარი გაიყიდა და შეემატა საერთო ყულაბას.

კიდევ ერთი ექსკლუზივი: უახლოეს დღეებში ფილმ „ექვთიმე თაყაიშვილის“ გადამღები ჯგუფი სოფელ ლიხაურში კვლავ ჩამოვა და ფილმის დარჩენილ 3-წუთიან მონაკვეთს -ექვთიმეს ბავშვობას გადაიღებენ. გადაღებებში ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის მსახიობები დაკავდებიან. ფილმში გამოყენებული იქნება ლიხაურის მომღერალ ქალთა გუნდის (ირმა გორდელაძე) ერთ-ერtი სიმღერა.

გადამღები ჯგუფის ინფორმაციით, მათი მომდევნო ფილმი „დიგორის ბრძოლა“ იქნება.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.