შოთა გოგიბერიძე: „ქართველი ხალხი მოტყუებული რჩება“

დამატებულია: 2017-06-23
picture1

ალიონი. გასულ პარასკევს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე შოთა გოგიბერიძემ ჟურნალისტებთან ბრიფინგი გამართა, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო რეფორმას მიუძღვნა.

„საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო რეფორმის განხილვის რამდენიმე თვიანი ეპოპეა ჩვენთვის მოსალოდნელი ფინალით დასრულდა. ხაზგასმით ვაცხადებთ-მსგავსი თაღლითური ქმედება ქვეყნის არც ერთ მმართველობას არ უკადრებია.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საკონსტიტუციო ე.წ. განხილვების დროს „ქართული ოცნება“ ცვლილებათა ძირითად პაკეტში პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გვთავაზობდა 2020 წლის არჩევნებისთვის და რაიმე სხვა ვადაზე ან მაჟორიტარული სისტემის დატოვებაზე საუბარი არ ყოფილა. შედეგად კი მივიღეთ ხალხის , ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის, ვენეციის კომისიის თაღლითური მოტყუება _ კონსტიტუციაში შერეული საარჩევნო სისტემის დატოვება, ისე, რომ ბარიერის დაწევას არანაირი აზრი არ რჩება, და რაც ყველაზე საგულისხმოა, საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების საფუძველზე დაგეგმილი საარჩევნო ადმინისტრაციის აბსოლუტურად ყველა რგოლის საკუთარ კონტროლზე დაქვემდებარება, ხელისუფლების უზურპაციის განმაპირობებელი საკანონმდებლო ცვლილებები.

მივმართავ გურიის მოსახლეობას და მოვუწოდებ: ფხიზლად მიადევნონ თვალ-ყური ამჟამად საქართველოს პარლამენტში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესებს. რადგანაც თუ ეს საკანონმდებლო თაღლითობა ერმა და საზოგადოებამ გაატარა, კვლავ ნაცარი წაიყარა თავზე და ნიჰილისტურად, გულგრილად მიუშვა თავის ნებაზე ხელისუფლება-მივიღებთ ვითარებას , როდესაც საარჩევნო პროცესი ყოველგვარ აზრს დაკარგავს, დაიწყება პოლიტიკური კრიზისი და სიტუაცია ბუნებრივად რევოლუციურ პრესპექტივებს შეიძენს.

ამას ემატება უმძიმესი ეკონომიკური ვითარება და სოციალური კრიზისი რომელსაც თავი ვერ გაართვა ქართულმა ოცნებამ. ხალხს კი ესპობა მთავარი უფლება-არჩევნების გზით მოიყვანოს უკეთესი, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, მივიღეთ სააკაშვილის სადისტური ხელისუფლების ჩანაცვლება „ქართული ოცნების“ თაღლითური ხელისუფლებით, რომელიც თავს უფლებას აძლევს 2024 წლისთვის განსაზღვროს მმართველობის ფორმები. ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ ჯერ ისაა საკითხავი, 2020 წლამდე მიიტანენ თუ არა ისინი თავს.“-განაცხადა ბრიფინგზე გოგიბერიძემ.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.