ბაირამის დღესასწაული და მთის პრობლემები

დამატებულია: 2017-06-25
picture1

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კურორტ გომისმთაზე, ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე ჯიპ-ტური ჩატარდა. დამსწრეთა შორის მთაში სეზონურად მყოფი მეცხოველეებიც იყვნენ. ჩვენ მათ ბაირამის დღესასწაული მივულოცეთ და მთის პრობლემებზე ვისაუბრეთ:

_ავთანდილ ბოლქვაძე, სოფელი ჩაისუბანი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი:_ მადლობა მოლოცისთვის. ეს ბაირამი ერთ-ერთია მუსლიმანურ სამყაროში ორ უდიდეს დღესაწაულს შორის. იმდენად მნიშვნელოვანი, რომ სადღესასწაულო დღეებში ომიც კი შეჩერებულა ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის.

ჩვენი სეზონური სალოცავი აი იქ არის, ხარიათაღში (სამხრეთ-აღმოსავლეთით გაგვახედა), კაპიტალური შენობაა, 300 კაცს იტევს, მაგრამ დღეს მესამედი თუ იქნებოდა. აქ სეზონურად შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილების ჯამეს იმამი მევლუდ ბერიძე ამოდის.რატომ არაა მეტი მლოცველი? უფროსი თაობა ან აღარ არის, ან არ შეუძლია აქ ამოსვლა. ახალგაზრდები კი ამჯობინებენ თურქეთში წავიდნენ ჩაის საკრეფად.

ელგუჯა რიჟვაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი: _გადახედეთ, კურორტის მიმდებარე სეზონურ დასახლებში 75 სახლი დგას. წელს მხოლოდ 30 სახლიდან ამოდის კვამლი. იგივე მდგომარეობაა ხარაითაღში, ჭვანას ხეობისკენ მიმავალ დასახლებებში. ახალგაზრდები არათუ მთის საძოვრებზე ამოდიან, არამედ სოფელშიც აღარ ჩერდებიან. მიგრაცია დიდი პრობლემაა. თუ ასე გაგრძელდა, მთის საზაფხულო იალაღებზე ზაფხულში ერთეულები თუ ამოვლენ.

დავით ბოლქვაძე, დაბა ნარუჯა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი:

_თავად შეგიძლიათ დარწმუნდეთ, მსხვილფეხა პირუტყვის როგორი მცირე რაოდენობაა მთებზე შეფენილი. ჩვენ ადრე აქ ათეულობით სული პირუტყვი ამოგვყავდა. ახლა ავთანდილს 7 სული ჰყავს, ელგუჯას _6, ხოლო მე 7 სული. აღარაა საძოვრების პრობლემა, მაგრამ სამაგიეროდ დოვლათის პრობლემაა. ნამეტი პროდუქცია: ყველი, კარაქი, „კაიმაღი,“აქ მოყვანილი კარტოფილი ხომ ჩვენს ბაზარს ავსებდა. ძალიან დასაფიქრებელი საკითხია, რაც მომავალში უფრო იჩენს თავს.

__ისე არ იფიქროთ, მთაში ბედის ანაბარა ვართ მიტოვებული?

შუახევიდან ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟი მიმდინარეობს, ხოლო ოზურგეთის მუნიციპალიტეტს სასმელი წყალი გამოჰყავს, რაც სასიკეთოდ წაადგება გომისმთას _გვითხრეს მათ.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.