კურორტ გომისმთაზე წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს

დამატებულია: 2017-06-26
picture1

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კურორტ გომისმთაზე, ზღვის დონიდან 2200-2500 მეტრ სიმაღლეზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დაიწყო. სამშენებლო სამუშაოებს შპს „NDC მშენებლობა“ (დირექტორი ზურაბ გუგეშაშვილი) აწარმოებს. 25 ივნისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად მშენებლობა მოვინახულეთ და მშენებლებს ვესაუბრეთ.

შპს „NDC მშენებლობა“-ს სამუშაოთა მწარმოებელ ცეზარ ქერქაძის თქმით, პროექტის ჯამური ღირებულება 840 000 ლარს შეადგენს, აქედან მათ 550 000 ლარის სამუშაოები უნდა შეასრულონ. მშენებლობა შარშან დაიწყეს და 200 000 ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები შეასრულეს. ერთ-ერთი მთავარი ობიექტი, რომლის მშენებლობაც უკვე დასრულდა, ეს 300 კბ. მეტრი მოცულობის წყალშემკრები რეზერვუარია. აქვე შენდება საქლორეტარო, რომელიც კურორტის დამსვენებლების გაფილტრული სასმელი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს.

პროექტის მიხედვით აღნიშნული წყალსადენის სათავე, კურორტიდან 7,3 კილომეტრის დაშორებით, ჭინჭაოს ტბის მიდამოებში იღებს სათავეს. იქ მოეწყობა წყლის სათავე-მიმღები ნაგებობა, საიდანაც 89 მმ-იანი მეტალის მილებით წყალს წყალშემკრები რეზერვუარი მიიღებს. მშენებლები ჯერ-ჯერობით ჭინჭაოს ტბის მიდამოებში სამუშაოებს ვერ იწყებენ, რადგან აღნიშნული ტბის მიდამოებთან, ხევში დიდი თოვლი დევს.

_ ტრანსპორტით ჭინჭაოს ტბის მიდამოებში მისვლა ამჟამად შეუძლებელია. იქ დიდი თოვლი დევს. ფეხით გადავედით და პროექტით გათვალისწინებული სათავეს ადგილი მოვინახულეთ. ადგილობრივი მწყემსები გვეუბნებიან, რომ თოვლი 2-3 კვირაში დადნება და ტექნიკით მისვლა იქნება შესაძლებელი -გვითხრა ბრიგადირმა,სოფელ დვაბზუს მცხოვრებმა ვაჟა მახარაძემ.

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია დაინტერესდა იყო თუ არა დასაქმებული მშენებლობაზე ადგილობრივი მუშახელი, რაზედაც დადებით პასუხი მიიღო.

_ჩვენ ჩამოყვანილ სპეციალისტებთან ერთად ადგილობრივი მუშახელიც გვყავს დასაქმებული. მათი ყოველთვიური ანაზღაურება 1000 ლარს შეადგენს- თქვეს მათ. მათვე აღნიშნეს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე მშენებლობის მიმდინარეობას ხშირად ეცნობა.

შარშან მშენებლება კურორტ გომისმთაზე 18 ოქტომბრამდე, თოვლის დადაებამდე იმუშავეს. წელსაც აპირებენ ანალოგიურად მოიქცნენ. წელსვე დაიწყება დაქსელვის სამუშაოებიც.

ეს პირველი მასშტაბური პროექტია კურორტ გომისმთის ისტორიაში.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.