ნოდარ დუმბაძის ხატია ოზურგეთში

დამატებულია: 2017-08-01
picture1

გურიაში, ჩოხატაურში ყოველ 14 ივლისს აღინიშნება ნოდარ დუმბაძის დაბადების დღე. ბოლო წლებია მწერლის ოჯახის წევრებიც ახერხებენ ამ თარიღის გურულებთან ერთად აღვნიშვნას. მიუხედავად შორი გზისა და ჯანმრთელობის პრებლემებისა, წლეულს, მწერლის მეუღლე, ქალბატონი ნანულიც ბრძანდებოდა თავის მონატრებულ და მისი მეუღლის საყვარელ გურიაში.

იგი ოზურგეთის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ქალბატონ მარინა ჯაფარიძესთან ბრძანდებოდა სახლში ოზურგეთში ღონისძიების `ცოცხალი წიგნები~ დაწყებამდე. ამ ორი ქალბატონის თანხმობით მომეცა საშუალება მათ გავსაუბრებოდი და ჩემს ფეისბუკგვერდზე პირველი ცოცხალი ეთერიც გავაკეთეთ. პირდაპირ ეთერში ოპერატორად და წამყვანად მუშაობის გამოცდილება არც მე მქონდა, არც ქალბატონი ნანული ყოფილა აქამდე ღია ეთერის სტუმარი და მას ეს არც ეტყობოდა ჩემგან განსხვავებით. იგი უბრალოებით და დახვეწილობით საინტერესოდ გვესაუბრებოდა...

მადლობა მას და მადლობა ქალბატონ მარინას. იმედია მომავალში მეც დავხვეწავ „ხელობას“ და ტელეფონის კამერასაც უკეთ მოვიმარჯვებ.

-ქალბატონი ნანული ნანული დუმბაძედ გაგვეცნო: - უნივერსიტეტი როცა დავამთავრე, ვიყავი გუგუნავა. კათედრაზე დარჩენას მირჩევდნენ, მაგრამ ერთხელ უნივერსიტეტის კიბეებთან გავიცანი ახალგაზრდა, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა... ნოდარი მოსკოვში წასასვლელად ემზადებოდა, როგორც წესი, მე ყველგან დავყავდი. ჩემი პასპორტი, რომელიც სასტუმროში აუცილებელი იყო, ვადაგასული აღმოჩნდა და შესაბამის სამსახურში ის და ჩემი ქორწინების მოწმობა მივიტანე. იქედან კი ნანული დუმბაძის პასპორტი გამომატანეს. როგორც აღმოჩნდა, ქორწინებისას გვარის შეცვლაზე თანხმობა განმიცხადებია! ვიტირე, ვაპროტესტე, ნოდარმა კი ღიმილიანი სახით მითხრა: ნანული, შენ კი არა, შენი `ტრიპაჩი~ თავადი მამა დღეს ცოცხალი რომ იყოს, ისიც დუმბაძე გახდებოდაო. საქმე ის არის, რომ დედაჩემი, ვეკუას ქალი, რომელიც გუგუნავაზე იყო გადასული, გახდა გუგუნავა-დუმბაძე და ასე შევძელით მას მიეღო `ლეჩკომბინატის~ (საბჭოთა საქართველოში პრესტიჟული კლინიკები) მომსახურება. სიმართლე რომ გითხრათ ჩემი `თავადობის~ დაკარგვა ადვილად გადავიტანე და დღემდე სიამოვნებით ვატარებ დუმბაძის გვარს.

- როდის გაიცანით გურია?

- დაოჯახების შემდეგ, ზაფხულში ჩვენ გულრიფშში დავდიოდით, ერთხელაც გურიის გავლით წავედით და ნოდარის მამიდას, დარეჯანს ვესტუმრეთ.

თუმცა, დედის მხრიდანაც, გუგუნავებიც გურიიდან ვართ. ძალიან მიყვარს ნოდარის გურია, მის წიგნებში დანახულიც და რეალურიც. მას ძალიან ბევრი რეალური ისტორია აქვს აღწერილი, რეალურია პერსონაჟების სახელები...

ერთხელ ვუსაყვედურე - ოჯახის წევრების გარდა ყველაზე წერ, მე რატომ არსად ვჩანვარო. მაშინ მითხრა, აბა, ხატია ვინ არისო...

- თქვენ ხართ ყველასათვის საყვარელი მწერლის მეუღლე, მისი ოჯახი როგორ გრძნობს თავს ამ გადმოსახედიდან?

_ ნოდარის კაბინეტში საკმარისად ლამაზად გაკეთებული მუზეუმი გვაქვს. ძალიან ბევრი ხალხი დადის ჩვენთან, რაიონებიდანაც, სხვა ქვეყნებიდანაც. ჩვენთან, ამ მუზეუმში მოსვლა ნებისმიერს შეუძლია. რამდენიმე თვის წინ ყაზახეთიდან იყვნენ ჩამოსულები, მთაწმიდაზე, საფლავზეც ავიდნენ. სიარული მიჭირს, მაგრამ მეც გავყევი. თან წითელი ღვინოც აიტანეს. ნოდარმა სიკვდილის წინ მთხოვა რამაზ ჩხიკვაძემ სასაფლაოზე მიმღეროსო. მან ეს ვერ შეძლო და რესტორანში შეკრიბა მეგობრები. ეს ისტორია საკმაოდ ცნობილი იყო და სცოდნიათ ამათ. მე ჩემი მღვდელი გამოვიყვანე, ისინი კი თავაინთი მაჰმადიანური წესით მიაგებდნენ ნოდარს პატივს. სხვადასხვა რწმენის ადამიანები ასე გაგვაერთიანა ნოდარმა სიყვარულით.

- ქალბატონო ნანული, მკითხველებისათვის ხალისის, პოზიტიურობის სინონიმად ქცეული მწერალი ნოდარ დუმბაძე როგორი იყო ოჯახში?

- ნოდარი ძალიან ნაღვლიანი კაცი იყო. მას ძალიან დიდი ტკივილი ჰქონდა გულში თავისი შვილის, ზაზას დაკარგვის გამო. ხშირად ერთ ოთახში, გვერდიგვერდ ვისხედით და ვტიროდი, რადგან ის არ იყო ჩემთან. დღე არ იყო სასაფლაოზე რომ არ ასულიყო, ხან გვიან ღამემდე რჩებოდა იქ. ამაზე ერთი მოთხრობაც აქვს მას. ჰგონიათ, ნოდარის გარშემო სულ სიცილ-ხარხარი იყო. არა, ბატონო, ჩვენ ჩვენი დარდი გვქონდა.

- ქალბატონო ნანული, თქვენის ნებართვით გავამხელ რომ ბრძანდებით 88 წლის, თქვენი სილამაზის საიდუმლოს გაგვანდობთ?

- სულაც არ ვგრძნობ, რომ ლამაზი ვარ. მაგას ნუ ამბობთ. დედა ძალიან ლამაზი მყავდა, მართლა თავდიშვილი იყო.

- ანუ გენეტიკა თუ კარგი გვაქვს, მშვიდად ვიყოთ. მარინა ჯაფარიძე: `ქალბატონ ნანულის რომ ვუყურებთ გვაქვს იმედი, რომ ქალი ნებისმიერ ასაკში არის მომხიბვლელი, მშვენიერი, საინტერესო. თქვენ არაჩვეულებრივი მეუღლე, დედა და პიროვნება ბრძანდებით.~

ქალბატონო ნანული, გურია, სამეგრელო, თქვენ - ამის შესახებ ბევრი დაგრჩათ სათქმელი, ვიცით, რომ ჯანმრთელობა არ გაძლევთ მოგზაურობის საშუალებას, მაგრამ ძალიან მოინდომეთ დღეს გურიაში ყოფილიყავით.

- წარმოშობით გურიიდან ვართ. გადმოცემით ჩემს წინაპარს შემოაკვდა ერთ-ერთი გურიელი და სამეგრელოში შეეკედლა ნიკო დადიანს. მან ერთი სოფელი -კიწია - აჩუქა და 5 გლეხი ყმად გაუხადა. ეს საბუთები გაანადგურეს, მაგრამ 1924 წელს მამაჩემი მაინც დააპატიმრეს, რეპრესიები ნოდარისა და ჩემს ოჯახს შეეხო. თავისი ბავშვობის რეალური ფაქტები აქვს მიმობნეული თავის ნაწერებში... მოკლედ, ვერ გავიგე, გურული ვარ თუ მეგრელი...

- მარინა ჯაფარიძე: - თქვენ ხართ ძალიან მაგარი ქართველი.

- ეს ასეა, იმიტომ რომ დავიბადე სოხუმში, ორი წლის ვიყავი, როცა ბიძაჩემმა იქ დაარსა პირველი ქართული სკოლა, რომელსაც ახლაც ვეკუას სკოლას ეძახიან...

რადგან დროში შეზღუდული ვიყავით ასე დასრულდა ჩვენი საუბარი იმ დაუსრულებელი სიყვარულითა და ტკივილით, რაც ადამიანისა და ქვეყნის არსებობას გასდევს, მოიხაზა ეპოქის კონტურებიც... ასეა, დიდი მწერალი ყოველთვის იმას განაზოგადებს, რასაც ხედავს და რასაც ხედავს ეს... ჩვენი ცხოვრებაა...

ავტორი: ლია კილაძე;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.