შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული პროფესიული თეატრის საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობას საერთაშორისო რეზონასი მოჰყვა. რა და როგორ – ამის შესახებ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე გვესაუბრა:
ჩემი აზრით, ყველაფერი ერთ კონტექსტშია განსახილველი, დაწყებული ჩვენი თეატრის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან, რაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, გაგრძელებული საქართველოს რეგიონებში გასტროლებითა და საზღვარგარეთული ტურნეებით.
როგორც იცით, მომავალ წელს თეატრი იუბილარია, 150 წელი უსრულდება, ნოდარ დუმბაძის დაბადების 90 წლისთავია და საერთაშორისო ფესტივალია ჩასატარებელი. რაღაცნაირად ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოვჩნდით და სასწრაფოდ მოხდა გეგმების გადაწყობა. რადგანაც ერთხანს მცირე სცენა დაგვრჩა, შევეცადეთ, პირველ კვარტალში, ანუ პირველ სამ თვეში გამოგვეშვა ოთხი პრემიერა, რათა გვქონოდა რაღაც გარკვეული მასალა. იდეალური ვარიანტი იყო ჩოხატაურში კულტურის სასახლის აშენება, სათეატროდ შეიძლება რაღაც ხარვეზები ჰქონდეს, მაგრამ თქვენ ნახავთ, ერთობლივი ძალებით, როგორ ფესტივალს ჩავატარებთ იქ გაისად.
ჩოხატაურში უკვე ვითამაშეთ `ბოშები~ გაიმართა შესანიშნავად, `ანტიგონე~ და `სამი ასულიც~, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ყველა ტიპის სპექტაკლის თამაში შეიძლება.
2017 წელს ყველა ფესტივალში უნდა მიგვეღო მონაწილეობა, ეს გეგმა არსებობდა და ამას მყარად მივყევით. მოვიგეთ გრანტი საქართველოს მასშტაბით თეატრის საგასტროლო ტურნეზე, სამინისტრომ დაგვიჭირა მხარი, რა თქმა უნდა, ჩვენი თანადაფინანსებით და დავიწყეთ სამეგრელოდან. გავწერეთ მთელ წელზე და არა მარტო მთელ წელზე, ალბათ, 2018-იც გაგრძელდება.
სამეგრელოში გასტროლების დროს უკვე დაგეგმილი გვქონდა ტრაპიზონის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა, ალბათ, იცით, რეჟისორი ზურაბ სიხარულიძე გარკვეული წლების განმავლობაში მუშაობდა აქ. ვაპირებდით მის მიერ ჩვენს თეატრში დადგმული `მაკბედის~ წაღებას. ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ეს ტურნე არ შედგა. უცებ შევცვალეთ გეგმა და გერასუნის ძალიან საინტერესო საერთაშორისო ფესტივალზე წარვსდექით, 22 თეატრი. ირანის, მოსკოვისა, ბაქოსა და ჩვენს თეატრებთან ერთად, ამ თეატრალურ სანახაობაში მონაწილეობდა 18 თურქული თეატრი. ჩვეულებრივად, როგოც ყველამ, მივიღეთ მონაწილის დიპლომი, საჩუქრები. სპექტაკლის შემდეგ მოხდა საოცრება: დაგვაჯილდოვა ქალაქის მერმა, სცენაზე ჩვენი პატივისცემის ნიშნად ამოვიდნენ მოსკოვისა და აზერბაიჯანის თეატრების მსახიობები. ბოლოს სცენაზე ამოიჭრა (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) გერასუნის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ძალიან პოპულარული თურქი მსახიობი, რომელმაც თქვა, რომ ქართველებმა ჩაგვიტარეს მასტერკლასი თუ როგორ უნდა იმუშაონ მსახიობებმაო.
წამოვედით სახლში და დაახლოებით 10-12 დღის შემდეგ, გრანპრის სახით, მივიღეთ ძალიან ძვირფასი საჩუქარი, ქალაქ კერასუნის სიმბოლოს სპეციალურად ჩვენთვის დამზადებული ასლი შესაბამისი წარწერით. სიმბოლო კი ასეთია: მამაკაცი და ქალი დგანან ზურგშექცევით, ხელებიაპყრობილებს უჭირავთ ხილით სავსე კალათი. ეს სიმბოლო დგას ქალაქ გერასუნის მერიის წინ.
რაც შეეხება საბერძნეთის ფესტივალს, დიდი ხანია ვგეგმავდით მასში მონაწილეობას, მაგრამ შევცვალეთ ერთი რამ, ფესტივალი გადავაქციეთ გასტროლად. იცით, ალბათ, რომ ფესტივალზე ჩვეულებრივად ერთი სპექტაკლით გადიხარ, თან საფესტივალო პროგრამაში იღებ მონაწილეობას.
ფესტივალი ჩატარდა სალონიკიდან, 75 კილომეტრით დაშორებულ კურორტ კატარინი პარალეაში, რომელიც საუკეთესოა საბერძნეთის ამ ნაწილში. ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ ნიუ-იორკში მოქმედი ქართული თეატრის ამერიკელი ხელმძღვანელი.
აქ იყო ბერძნული და სომხური თეატრები. ეს ფესტივალი ეტაპობრივად ტარდება. ჩვენ თავიდან ვთქვით, წაგვეღო ორი სპექტაკლი, რადგან იქნებ სალონიკში მოხდეს შეხვედრა ქართულ დიასპორასთან. შემდგომ როცა შედგა ეს შეხვედრა, სადაც ვნახეთ ჩვენი უსაყვარლესი ქალბატონი ნანა ფაჩუაშვილი, გადავწყვიტეთ გვეჩვენებინა `ნეტავი დამბადებელო~. ეს იყო, რასაკვირველია, ფესტივალის ფარგლებს გარეთ. საოცრად ემოციური შეხვედრა იყო. აღტაცებულები დარჩნენ მონოსპექტაკლით. ფესტივალზე კი, ორგანიზატორებთან შეთანხმებით, წარვსდექით ორი სპექტაკლით `ანტიგონეთი~ და `სამი ასულით~. `ანტიკონე~ ფესტივალის პროგრამაში თავიდან იყო შეტანილი. ორგანიზატორებმა სიამოვნებით მიიღეს `სამი ასულიც~, რომელიც ჩვენი შოთიკოს შვილის, მამუკა ბაბილოძის ძალიან კარგი ნამუშევარია. სხვათა შორის, ჟიურიში ნიკა წულიკიძეს იყო საქართველოდან.
ეს ფესტივალი ფაქტიურად ჩვენ გავხსენით `სამი ასულით~ და დავხურეთ `ანტიგონეთი~.
ფესტივალი ჩატარდა ღია ცის ქვეშ, სპეციალურად მოწყობიილ სცენაზე. ეს არის სცენა-ამფითეატრი, დაახლოებით ასეთი, სადაც ხალხი ისვენებს, ყავას მიირთმევს, წვენებს სვამს, თან სპექტაკლს, კონცერტს უყურებს.
რა თქმა უნდა, ჩვენთვის სასურველი იყო, სათეატრო სივრცე ყოფილიყო უფრო სხვანაირი, სპეციალური განათებით და სხვა აქსესუარებით, მაგრამ ასეთ სივრცეში თამაში გახდა ძალიან საინტერესო. თანაც შენ ხომ არ თამაშობ მარტო, ასე თამაშობს ყველა სხვა. ფაქტიურად სრულიად გაშიშვლდა და წინა პლანზე წამოვიდა შემოქმედება. ასეთი წარმატებით ჩვენი სპექტაკლები იშვიათად მინახავს, მე ვიძახი მსახიობების მხრიდან. ძალიან მეშინოდა, როგორ მოეყრება თავი, როგორი იქნებოდა. იცით, რომ `ანტიგონეშიც~ და `სამ ასულშიც~ არის რაღაც ეფექტები, მაგრამ ყველაფერი კარგად წავიდა. ძალიან მოხარული ვარ, რომ ფესტივალის ამერიკელი დამფუძნებელი აღფრთოვანებულია ჩვენით და დიდი სურვილი აქვს ჩავიდეთ ამერიკაში, რაც შეიძლება ვერ შედგეს ფინანსური თუ სხვა სიტუაციების გამო. ჟიურის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ჩვენი მსახიობები, როგორც ქალები, ისე მამაკაცები არ დარჩენილან სპეციალური პრიზის გარეშე. მეუხერხულა კიდეც ამდენჯერ ამოძახება `ოზურგეთის თეატრი, ოზურგეთის თეატრი~.
კატარინი კალარეაში ყოველ ჩვენს სპექტაკლზე ჩამოდიოდა საქართველოს გენერალური კონსული.
ყველაზე აღსანიშნავი მაინც ქართულ დიასპორასთან შეხვედრა იყო, ჩემი თანაკლასელი ლეილა ლომთათიძე შეგვხვდა. წარმოიდგინეთ რამხელა სიყვარული იყო, ვიღაც ქალბატონი გეძებთო და ამდენი ხნის უნახავი თანაკლასელი რომ დავინახე. ასეთი რამდენი ახლობელი ვნახეთ.
ბაქოდან გვაქვს მიწვევა, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერ ფინანსურადაც უნდა ყველაფერს გათვლა. ყაზახეთიდანაც არის ძალიან სერიოზული მიწვევა, თუმცა, შორსაა და სოლიდურ თანხებს მოითხოვს. აუცილებლად მინდა ბაქოში გავიდეთ, მითუმეტეს, ჩვენ ელჩინის პიესაც გვაქვს დადგმული, ვფიქრობთ ამაზე, მაგრამ ახლა ცოტა ღრმად უნდა ჩავისუნთქოთ, შევეცადოთ, გავაკეთოთ მობილიზება და მხოლოდ ამის შემდეგ გავთვალოთ ფინანსურად და შემოქმედებითად, სად წავიდეთ და რა წავიღოთ.