რელიგიის როლი და გავლენა პოლიტიკურ პროცესებში

დამატებულია: 2017-08-02
picture1

დღეს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა დისკუსია თემაზე: რელიგიის როლი და გავლენა პოლიტიკურ პროცესებში.

დისკუსაში მონაწილეობდნენ დეკანოზი ვახტანგი (თოხაძე), სოფ. მაკვანეთის წმინდა ხარების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, პადრე გაბრიელე ბრაგანტინი, წმ. სტეფანეს სახელობის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი და თემურ გორგაძე, მუსლიმთა სამმართველოს მუფთის მრჩეველი, თეოლოგი.

დისკუსიას ესწრებოდნენ საზოგადოების წარმომადგენლები,ოზურგეთის მუნიციპალიტეტების დეპუტატები, ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა და ქალთა კლუბის წევრები, ჟურნალისტები. დისკუსიას დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის მოადგილე თამარ კუპრაძე უძღვებოდა. შეხვედრა საარჩევნო მედიაცენტრის ფარგლებში წარიმართა.

შეხვედრის დასაწყისში ამ თემაზე მოკლე ისტორიული ექსკურსი ისტორიკოსმა კახა ვასაძემ გააკეთა.

დისკუსია საინტერესოდ წარიმართა .

ერთ-ერთი კითხვა სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთან ასეთი გახლდათ: როგორ უწყობენ ისინი ფეხს თანამედროვე მოთხოვნებს?

პადრე გაბრიელეს აზრით, მხოლოდ ტრადიციებით და ფუნდამენტური საეკლესიო ლიტერატურით (ბიბლია, ყურანი), ხედვას რელიგია ფუნდამენტალიზმამდე მიჰყავს, ამიტომ მათ გაზეთიც უჭირავთ ხელში და გარკვეულად ერევიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აღნიშნა ისიც, რომ ხშირად, პოლიტიკური ჯგუფები ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაპირებებს არ ასრულებენ მათთან მიმართებაში.

პადრეს აზრით, იდეოლოგია გახდა გენდერული. თუმცა არასწორი. ქალებზე ზრუნვა კი სხვა საქმეა.

თეოლოგ თემურ გორგაძის აზრით, ის, რომ ხელისუფლებას მიაქვს საარჩევნო ხმები მუსლიმი თემებიდან, ეს გახლავთ რელიგიური უმეცრობის, პოლიტიკური გაუნათლებლობის შედეგი. მათ ეზარებათ წაიკითხონ პოლიტიკური გაერთიანებისა და დეპუტატობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამა და ურჩევნიათ მოლას თუ იმამის აზრი გაიზიარონ. მუსულმანურ რელიგიაში სასულიერო პირი არის მეჩეთში და არ უნდა ერეოდეს პოლიტიკაში.

მამა ვახტანგმა თავისი აზრი დააფიქსირა და ნაადრევად დატოვა შეხვედრა:_ ჯვრის დაკიდება და ნათლობა არ ნიშნავს, რომ ადამიანი ქრისტიანია. ფემინისტების პოზიციას, საზოგადოების გახლეჩა ჰქვია- ქალს თავისი ფუნქცია აქვს, მამაკაცს _ თავისი. სადაც ჰარმონია არაა, იგი ყველაფერს დაანგრევს _აღნიშნა მან.

ოთარ რევიშვილი, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი: _ საქართველოს ყველა მოქალაქეს იცავს ქართული კანონმდებლობა; სახელმწიფოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან გაფორმებული აქვს კონკორტადი; თუმცა რეალობაში სხვაგვარად გვხვდება. პოლიტიკაში გვჭირდება ქალი ლიდერები! ძალიან ცუდი სტატისტიკაა, ნაადრევი ქორწინების და ოჯახური ძალადობის, სელექციური აბორტების თვალსაზრისით!

ნინო გოგუაძე, ქ. ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი: _საქართველოს მოქალაქეებს სრული უფლება უნდა ჰქონდეთ, რომ ილოცონ; საარჩევნო სიებში აუცილებელია ქალთა კვოტები; ფემიციდის კანონი რომ ჩავარდა საქართველოს პარლამენტში, მის შედეგს აშკარად ვხედავთ.

ეკა ნინიძე, ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭო: არა მგონია საქართველოში რელიგიური ნიშნით მოქალაქეებს პრობლემა ექმნებოდეთ. მაგრამ რა თქმა უნდა სხვადასხვა რელიგიური კონფესიების გავლენა არის საარჩევნო პროცესზე. ჩვენ გვახსოვს ახლო წარსულიდან ოზურგეთის სინამდვილე. გვქონდა სოფლები, რომლებსაც ე.წ. ,,ხმების ბეღელ ს“ უწოდებდნენ. ეს იყო ცუდი გამოცდილება, დღეს-დღეობით ეს გამოცდილება ოზურგეთისთვის დავიწყებულია, ამის მაგალითად ნასაკირალის შუალედური არჩვევნების გახსენებაც გვეყოფა. რაც შეეხება ქალთა როლს პოლიტიკაში, ერთმნიშვნელოვნად, მათ სჭირდებათ მეტი მოტივაცია, მეტი წახალისება და უფრო მეტი ქალი უნდა მოვიდეს პოლიტიკაში, თუმცა მე პირადად ეკა ნინიძე არ ვეთანხმები ქალთა კვოტირების საკითხს, ეს სხვა შეხვედრის თემაა და ამ თემაზე არა ერთი აქტივობა ქონდა გენდერულ საბჭოს, მე პირადად არ ვეთანხმები. რადგან ქალი ვარ ამიტომ არ მეკუთვნის კვოტა,თუმცა ეს. თემა სხვა დროს უფრო ღრმად და დეტალურად განსახილველია. ინგა სირაძე, პედაგოგი: _არასამთავრო ორგანიზაციები გენდერული თანასწორობის თემებს აშუქებენ ისე, როგორც მათ აწყობთ, რადგან დონორები მათ კარგად აფინანსებენ. ძალადობა სოციალური ფონიდან გამომდინარე არის ფსიქოლოგიური დარღვევა.

წინა ხელისუფლების ბოლო არჩევნების დროს, იმჟამინდელმა მმართველმა პარტიამ არჩევნები წააგო გუბერნატორის სოფელ შემოქმედში და გამგებლის სოფელ ლიხაურში. ამ დროს მოიგეს ეკომიგრანტებით დასახლებული დაბები. ერთ-ერთი ამომრჩეველი შეეკითხა ლაითურელებს: _შემოქმედში და ლიხაურში გზაც აქვთ, წყალიც და გაზიც,მმართველმა პარტიამ იქ წააგო არჩევნები, თქვენ _ არცერთი გაქვთ, თქვენთან კი _მოიგეს ?!

პოლიტიკური ელფერი ჰქონდა ნასაკირალის მაჟორიტარი დეპუტატის ბესო ქათამიძის გამოსვლას, რომელმაც აღნიშნა, რომ დაბაში მეჩეთის მშენებლობაზე ჯერ თანხმობა იყო ხელისუფლებიდან, ხოლო შემდეგ შუალედური არჩევნებისას -ხელშეშლა.

გაზეთ „ალიონის“ კითხვაზე, დაესახელებინა ხელისშემშლელთა გვარები, ქათამაძემ თავი შეიკავა. მანვე აღნიშნა, რომ დაბის ცენტრში ჯერ თანხმობა მისცენ ეკლესიის მშენებლობაზე მამა ნიკოლოზ სვანიძეს. ხოლო შემდეგ მიწის ნაკვეთის გადაცემაზე უარი უთხრეს.

დისკუსიაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ოზურგეთის სამხატვრო სკოლის დირექტორი კახა ვასაძე, გაზეთ „ალიონის“ რედაქტორი ნუგზარ ასათიანი, თემების მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე ლადო ვადაჭკორია, სტუდენტი ნიტა ცერცვაძე, საზოგადოების წარმომადგენელი ირინა გიგინეიშვილი.

როგორც ითქვა, არჩევნების დასრულების შემდეგ მსაგვსი შეხვედრა კვლავ გაიმართება.

ავტორი: გაზეთი ალიონი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.