ალიონი. გურიის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გია სალუქვაძე თანამდებობიდან გადადგა.
გუბერნატორის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, გია სალუქვაძემ თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ორი დღის წინ მიმართა.
თანამდებობიდან კიდევ ერთი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე გადადგა. ამის შესახებ დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა. პრემიერმა მადლობა გადაუხადა გია სალუქვაძეს და პაპუნა მარგველიძეს კარგი მუშაობისთვის:
„ჩვენ შევდივართ ფაზაში, როდესაც არის ახალი გამოწვევები, გვაქვს სივრცითი განვითარების ძალიან ამბიციური გეგმა და ასეთი ცვლილებები ძალიან ბუნებრივია. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებს გია სალუქვაძესა და პაპუნა მარგველიძეს ძალიან კარგი მუშაობისთვის. ისინი არიან ძალიან კარგი ადამიანები, ჩვენი გუნდის წევრები და დარწმუნებული ვარ, განაგრძობენ ჩვენს გუნდში უკვე სხვა პოზიციებზე მუშაობას. რამდენიმე დღეში წარმოგიდგენთ ახალ რწმუნებულ-გუბერნატორებს ამ ორ რეგიონში“, - განაცხადა პრემიერმა.
ჯერჯერობით გია სალუქვაძე სამსახურში იმყოფება.ნინო ლომჯარიას თქმით, იგი ამ საკითხზე არ აპირებს ადგილობრივ ჟურნალისტებთან ბრიფინგის გამართვას, მხოლოდ ტელეკომპანია „იმედს“ უპასუხა რამდენიმე კითხვაზე. ბატონ გიას ჟურნალისტები ინდივიდუალურად უკავშირდებიან.
აქტიურად საუბრობენ გურიის გუბერნატორის პოსტზე ოზურგეთის თემების მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის დანიშვნის შესახებ, თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ის ამ საკითხზე პრემიერს ჯერჯერობით არ შეხვედრია.