საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სოფელ ასკანელ ბავშვებს საქართველოს ნაკრების ფორმები გადასცა

დამატებულია: 2017-08-31
picture1

30 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში, სახალხო დღესასწაული „ასკანობა“ გაიმართა. აქ გამართულ სპორტულ ღონისძიებებში (ფეხბურთი, დოღი, მკლავჭიდი და ა.შ. ) ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფლის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

წელს ასკანლებს დიდი საჩუქარი გაუკეთა ბიზნესმენმა ზურაბ ჩხაიძემ, რომელიც სოფელში ღვინის საწარმოს „როიალ ასკანას“ აშენებს. სოფლის ცენტრში გაკეთდა შესანიშნავი სპორტული ბაზა, სადაც არის ბუნებრივსაფარიანი ფეხბურთის მოედანი და აქვე ფერნბურთის მოედანიც.

ასკანობის ყველაზე ხალხმრავალი ადგილი სწორედ სპორტული ბაზა გახდა. სადაც ამ დღეს გამართული ტურნირის ფინალში ძველი მეტოქეები ასკანისა და მთისპირის გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს. პირველ ტაიმში მასპინძლებმა დაჯაბნეს მეტოქე და ორი გოლი გაუტანეს. თუმცა მეორე ტაიმში მთისპირელებმა ჯერ გაათანაბრეს ანგარიში, ხოლო მატჩის მიწურულს გადამწყვეტი, მესამე გოლიც გაიტანეს და გარდამავალ თასსაც დაეუფლნენ.

ამ მატჩს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე ესწრებოდა, რომელმაც მატჩის შემდეგ ასკანელ ნორჩებს საქართველოს ნაკრების ფორმები გადასცა.

კახა ჭუმბურიძემ გაზეთ „ალიონთან“ აღნიშნა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დიდ მუშაობას ეწევა რეგიონებში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისათვის. ხელს უწყობს სხვადასხვა ტურნირების გამართვას.

¬¬_არაჩვეულებრივი სტადიონი აჩუქა ამ სოფელს ჩხაიძეებმა. აქ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას კარგი პერსპექტივა აქვს. ჩვენ უკვე გადავამზადეთ ბავშთა ფეხბურთის მწვრთნელებად ასკანელი აქვსენტი ქუთათელაძე და მთისპირელი რევაზ კალანდაძე. საქართველოს ნაკრების ფორმას კი სიმბოლურად ვჩუქნით პატარებს, რომ გაუჩნდეთ მისწრაფება სოფლის პატარა სტადიონიდან დიდი ფეხბურთისაკენ _ გვითხრა კახა ჭუმბურიძემ.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.