როგორ წურავენ ღვინოს ქართული წესით ნიუ-ჯერსში

დამატებულია: 2017-08-31
picture1

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში გამართულ სახალხო დღესაწაულ „ასკანობას“ არაერთი სტუმარი დაესწრო როგორც ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან, ისე უცხოეთიდან.

სტუმარს ვერ დავარქმევთ, მაგრამ ასკანელი რეზო ჟღენტი ათი წელია აშშ-ში, შუა ატლანტიკურ რეგიონში, ნიუ-ჯერსის შტატში ცხოვრობს.

_აქაური ვარ. წლების მანძილზე სოფელ მზიანის (ფიჩხიჯვარი) კოლმეურნეობის თავმჯდომარე ვიყავი. ასკანა და მზიანი რომ გააერთიანეს, გაერთიანებულ კოლმეურნეობაში აგრონომად ვმუშაობდი. ცხოვრებამ მოიტანა ასე, ქალიშვილი ქეთევანი თავისი ოჯახით ნიუ-ჯერსის შტატში ცხოვრობს. უკვე 10 წელია იქ ვარ.. სამშობლოში 2 წელიწადში ერთხელ ჩამოვდივარ. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მოქალაქე ვარ, ჩემი სამშობლო ასკანა-მზიანია. მიხარია, რომ სოფელში წყლის სისტემა გაკეთდა, მოასფალტებული გზა სოფელ მთისპირის საზღვრამდე მიდის. აგერ ცნობილი ბიზნესმენი, აქაური მკვიდრი ზურაბ ჩხაიძე სოფელში ახალ საწარმოს აშენებს. „როიალ-ასკანა“ უძველესი გურული ჯიშის ვაზიდან მიღებულ ყურძენს გადაამუშავებს. უცხოელი ტურისტები ჩამოვლენ ასკანაში და აქაურ ღვინოსაც დააჭაშნიკებენ. კარგი საქმეა გურული ვაზის ჯიშების აღდგენა..

_ამერიკაში თუ მოგყავთ ყურძენი?

_ ყველა მეღვინემ იცის ამერიკელი მხატვრის, ახლა უკვე ცნობილი მეღვინის ჯონი უორდემანის სახელი. მას ზვარი აქვს კახეთში და იქედან ქართულ ღვინოს ამერიკაში აგზავნის. წავიკითხე, რომ ყველაზე მეტ ღვინოს კალიფორნიელები სვამენ, შემდეგ ნიუ იორკელები და ნიუ-ჯერსელები მოდიან. უღვინოდ როგორ გავჩერდები და შემოდგომაზე აქაურ ყურძენს ვწურავ ჩვენებური წესით. ეგ არის, რომ საწნახელი არ მაქვს, მაგრამ მაქვს კასრები რომელშიც ღვინოს ვინახავ. პერიოდულად აქაური ქართველები ვიკრიბებით და ჩემს მიერ დაწურულ ღვინოს ვაგემოვნებთ. 78 წლის ვარ, მაგრამ თამადობა ჯერ კიდევ შემიძლია _გვითხრა რეზო ჟღენტმა.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.