ცენტრალური, საოლქო და საუბნო-საარჩევნო კომისიებისადმი ნდობის ხარისხს, უპირველეს ყოვლისა, მათი საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა განაპირობებს.
პარტიული გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატის შოთა გოგიბერიძის აზრით კი, „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული საარჩევნო კანონმდებლობა ხელისუფლების უზურპაციისა და საარჩევნო პროცესზე ძალადობის საფუძველს აყალიბებს.
„მიუხედავად დაპირებებისა, არ გადადგმულა არც ერთი ნაბიჯი ნაციონალური რეჟიმის დროს არსებული საარჩევნო კანონმდებლობის ლიბერალიზაციისა და დემოკრატიზაციიისაკენ. პირიქით, შემოთავაზებული კანონები სახელისუფლებო ძალას ცალსახად უტოვებს ყველა საარჩევნო მანიპულაციის ბერკეტს.
საარჩევნო კომისიის 13 წევრიდან 11 ხელისუფლების ინტერესის გამტარებელი და კონტროლს დაქვემდებარებული იქნება. არ გაითვალისწინეს ოპოზიციის შეთავაზებული არც ერთი საკითხი. არც ის, რომ კომისიები სამართლიანი პარიტეტის პრინციპით ჩამოყალიბებულიყო და არც ის, რომ საჭიროების შემთხვევაში, გაზრდილიყო კომისიის შემადგენლობა.
მუნიციპალიტეტის გამგებელს (მერს) მიანიჭეს უფლებემოსილება ოფიციალურად გამოითხოვოს საარჩევნო კომისიიდან ამომრჩეველთა დაზუსტებული სიები და, კარგად მოგეხსენებათ, რისთვის იქნება ეს ინფორმაცია გამოყენებული.
კიდევ ერთი ახალი რეგულაცია, რომელიც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ანუ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელისუფლებო გუნდის ხელმძღვანელს აძლევს უფლებას არჩევნების დღეს კომისიიდან გააძევოს ნებისმიერი არასასურველი კომისიის წევრი, ყველაფერთან ერთად, საკანონმდებლო, იურიდიული და სამართლებრივი აბსურდის გამოხატულებაა. თუ საარჩევნო სუბიექტს თავისი კვალიფიკაციის ხარისხის შესაბამისად, უფლება აქვს იყოლიოს წევრი საარჩევნო კომისიაში, ნორმატიული აქტების შესახებ კანონმდებლობის სრულ შეუსაბამობად მიმაჩნია კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების შეჩერება ან შეწყვეტა ადმინისტრაციული აქტით (კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით).
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, კვლავ დაურეგულირებელი დატოვეს არჩევნების დღეს საარჩევნო აგიტაციის საკითხი, რომელიც შეეხებოდა კომიიის შენობიდან 100 მეტრის რადიუსში სააგიტაციო საქმიანობის აკრძალვას. ე.ი. კვლავ ვიხილავთ საარჩევნო კომისიების შესასვლელებში სიებით „ხელდამშვენებულ“ მთავრობის კოორდინატორებს.
ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ე.წ. „შესწორების ოქმის“ საკითხიც, რომლის მეშვეობით კომისიის უმრავლესობას უფლება აქვს შემაჯამებელ ოქმში შეიტანოს სასურველი ცვლილებები.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ამ პროცესის მიმართ რა ნდობის ხარისხზე შეიძლება იყოს საუბარი?!“- ამბობს შოთა გოგიბერიძე.
გოგიბერიძისგან განსხვავებით, საოლქო საარჩევნო კომისიებს ნდობას უცხადებს მიხეილ გოგოტიშვილი ოზურგეთში მერობის კანდიდატი „ევროპული საქართველოდან“:
„ჩემი დამოკიდებულება საოლქო საარჩევნო კომისიებისადმი არის დადებითი, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ფიქსირდებოდეს პატარა ხარვეზები, რადგან პარტიებს შესაძლებლობა გვაქვს როგორც საოლქო, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიაში დავნიშნოთ წევრი, რომელიც გააკონტროლებს მიმდინარე მოვლენებს.
წინა პრაქტიკებიდან გამომდინარე, საარჩევნო პროცესი უფრო გამჭვირვალეა, მოდიან უცხოელი დამკვირვებლები, არასამთავრობო ორგანიზაციები. ასე რომ, ჩვენი ნდობის ხარისხი მეტია საარჩევნო კომისიის მიმართ.
საარჩევნო კანონში ცვლილებების შეტანა დემოკრატიის ხარისხის კუთხით, უკან გადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია, თუ არის საუბნო საარჩევნო კომისიაში 13 წევრი, ჩამოდის 12-ზე. შესაბამისად მმართველ პარტიას აქვს გაცილებით მეტი უპირატესობა. ეს შეეხება მომავალ 2018 წლის არჩევნებს.
ოზურგეთის მერობის კანდიდატი „თავისუფალი საქართველოდან“, გოჩა ძიმისტარიშვილი აცხადებს, რომ საჯარო ადმინისტრაციისადმი მისი ნდობის ხარისხი ნულის ტოლია:
„საჯაროდ ვაცხადებ, ჩემი ნდობის ხარისხი ნულის ტოლია. არის სერიოზული ეჭვი, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციის სხვადასხვა მანიპულაციით „ქართული ოცნების“ კანდიდატს გაამარჯვებინეს.
არჩევნების გაყალბების პროცესი იყო სხვადასხვა: მაგალითად, დაბა ლაითურში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანში არჩევნების მიმდინარეობისას, ხდებოდა მოქალაქეების გადაბირება უშუალოდ საარჩევნო კომისიის შენობაში. ისინი შეჰყავდათ ერთ-ერთ ოთახში და ხდებოდა ფინანსური წახალისება.
სოფ. დვაბზუში #25 საუბნო-საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი მთვლელი ჩემს სახელზე ამოსულ ბიულეტენს კითხულობდა, როგორც „ქართული ოცნების“ კანდიდატისას და დებდა მის „ყულაბაში“.
სოფელ გურიანთაში #24 საარჩევნო უბანში ხმების დათვლის შემდეგ, საუბნო კომისიის შენობაში შევიდნენ უცნობი პირები და კომიიის წევრებს ჩემი ხმებიდან 30 ბიულეტენი ჩაადებინეს „ქართული ოცნების“ კანდიდატის „ყულაბაში“. ასე დავკარგე სოფელ მელექედურში #34 საარჩევნო უბანში 18 ხმა, ხოლო სოფელ ლიხაურში (## 31,32 საარჩევნო უბანი), 169 ხმის ნაცვლად, 49 ხმა დამიწერეს. ქ. ოზურგეთის, ანასეულის საარჩევნო უბანში ამომრჩევლებს სამარშრუტო მიკროავტობუსებში აკითხავდნენ და ხმების სანაცვლოდ 50-50 ლარს აძლევდნენ.
რა არის ამის მიზეზი? საუბნო კომისიებში წამყვან პოზიციებზე რჩებიან ის პირები, რომლებიც არჩევნებს აყალბებდნენ, როგორც შევარდნაძის ხელისუფლების, ისე „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს“. საარჩევნო ადმინისტრაციას ასევე არ ენდობა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ოზურგეთის რაიონის კოორდინატორი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი, დავით მამალაძე:
„საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის ფაქტორი ნულია, რადგან საოლქო და საუბნო კომისიები წარმოადგენენ ცესკოს ერთიან ორგანიზმს, პრაქტიკულად, კრიმინალურ დაჯგუფებად არიან ქცეულნი და ასრულებენ ერთი კაცის, ერთი ოლიგარქის ხუშტურს. არ არის დაცული პარიტეტი კვალიფიციურ სუბიექტებს შორის და უკვე ათეული წლებია, იქცნენ არჩევნების ტოტალური გაყალბების ორგანიზაციად.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხემძღვანელის თამაზ ტრაპაიძის აზრით, კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ცვლილების შეტანას საქართველოს ორგანულ კანონში „საარჩევნო კოდექსში“, აქვს თავისი პლუს-მინუსები:
„5 ივნისს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილების შეტანას საქართველოს ორგანულ კანონში- „საარჩევნო კოდექსში“.
აღნიშნული ცვლილებებიდან დადებით შეფასებას იმსახურებს ის რეგულაციები, რომლითაც მარტივდება საარჩევნო სუბიექტიების, სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციების საარჩევნო ადმინისტრაციებში რეგისტრაცია (შემოდის ნებაყოფლობითი ხასიათის ელექტრონული რეგისტრაცია). აგრეთვე პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს ის რეგულაციები, რომელიც ემსახურება საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესის გაუმჯობესებას (მათ შორის კოორდინაციას სახელმწიფო უწყებებს შორის, საარჩევნო სუბიექტებისგან განახლებული ინფორმაციის მიღებას და სხვა.). თუმცა, აღნიშნული ცვლილებების პარალალურად, უარყოფით შეფასებას იმსახურებს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ახალი წესი, აგრეთვე რეგულაციები, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს ადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით (ცვლილებები მედიის მიერ საარჩევნო კომისიების სხდომების გაშუქების, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით)“.
ოზურგეთის #60 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად თენიეშვილი ამბობს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და ობიექტურად:
„საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის სამართლიანი და ობიექტური არჩევნების ჩასატარებლად. საამისოდ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არაერთი პროექტი განახორციელა. ჩვენი პროექტი- „ვესაუბრებით ამომრჩეველს“ განხორციელდა როგორც რაიონში, ასევე ოთხ თემში.შევხვდით დაახლოებით 800 ამომრჩეველს. მათ გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, რომელიც დამუშავდა და გადაიგზავნა ცესკო-ში. ასევე გვქონდა პროექტი „საზაფხულო სკოლა“, სადაც ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია არჩევნების შესახებ. უშუალოდ კენჭისყრის დღეს მიეძღვნა პროექტი „საარჩევნო ადმინისტრაციის კურსები“ სულ გადავამზადეთ 120 ადამიანი, რომლებიც არჩევნების დღეს ჩაერთვებიან საარჩევნო პროცესში.
ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში ცესკო-ს მიერ დანიშნული წევრების სია უცვლელია და დღეს ასე გამოიყურება: ზვიად თენიეშვილი (თავმჯდომარე); ელგუჯა ჩხატარაშვილი (მოადგილე); ნათია ცეცხლაძე (მდივანი); თეიმურაზ კაჭარავა, თამთა გიორგაძე (წევრები).
გიორგი ასათიანი,
გაზეთი „ალიონი,“ ოზურგეთი
სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.