საოლქო კომისიის ორმა წევრმა პროტესტი სხდომის დატოვებით გამოხატა

დამატებულია: 2017-09-04
picture1

დღეს N60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში გაიმართა სხდომა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ. სხდომას საოლქო კომისიის და ორი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ.

სხდომაზე საოლქო კომისიის წევრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ანდრო ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ ბევრი საუბნო კომისიის თავმჯდომარე ვერ უზრუნველყოფს კომისიაში კანონის მოთხოვნების მინიმალურ დაცვას და ითხოვდა გასაუბრებას საუბნო კომისიების დასანიშნ წევრებთან. ნიკოლაიშვილის წინადადება საოლქო კომისიის უმრავლესობამ არ მიიღო, რის შემდეგაც მან პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. სხდომა დატოვა ასევე ქრისტიან დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა მზია წერეთელმა. ამ საპროტესტო სვლას კომისიის წევრობის კანდიდატების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის დავით მჟავანაძის განცხადება მოჰყვა:„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლება ემზადება არჩევნების ტოტალურად გაყალბებისთვის, ამისათვის მათ ესაჭიროებათ უბნებზე პირები, რომლებიც შეასრულებენ სახელისუფლებო პარტიის დანაშაულებრივ დაკვეთას.

მოსალოდნელი გაყალბების მცდელობის თავიდან აცილებისა და ამ პირების გამოაშკარავების მიზნით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დანიშნულმა ოლქის წევრმა დღეს გამართულ განხილვაზე, კანონით მინიჭებული უფლებით, მოითხოვა კომისიის წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება.

აღნიშნულ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა ოლქის არცერთმა წევრმა და გარკვეულმა ოპოზიციურმა ძალებმა, რამაც სახელისუფლებო პარტიას მისცა საშუალება, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, მათთვის სასურველი პირებით დააკომპლექტონ საარჩევნო უბნები. მოვუწოდებთ ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიას, არ შეასრულონ სახელისუფლებო პარტიის დანაშაულებრივი დაკვეთა, რადგან არც ერთი დანაშაულებრივი გარიგება და ქმედება არ დარჩება რეაგირების გარეშე.“_ნათქვამია დავით მჟავანაძის განცხადებაში.

დღის ბოლოს #60 ოზურგეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად თენიეშვილმა ჟურნალისტებთან ბრიფინგი გამართა.

„2017 წლის 4 სექტემბერს N60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში გაიმართა სხდომა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ. შემოსული იყო 494 განაცხადი, აირჩა 372 კონკურსანტი. არჩეულთაგან 80 არის საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების მონაწილე, 6 არის საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებული, ხოლო 280 გამოცდილების მქონე ყოფილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი. ვიხელმძღვანელეთ რა ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეკომენდაციით, პირველ რიგში სწორედ კონკურსანტების ამ გამოცდილებას ვითვალისწინებდით - მათ შორის მათ მონაწილეობასაც საარჩევნო ადმინისტრაციის სასწავლო კურსებში.

კომისიის სხდომის დაწყებისთანავე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ქრისტიან კონსერვატორების კომისიის წევრებმა საოლქო კომისიაში კონკურსანტთა არჩევაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს და პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომა.

სხდომამ ჩაიარა მშვიდ გარემოში, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ ორი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები - სამართლიანი არჩევნები და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საოლქო საარჩევო კომისიის საქმიანობაში ხდება ჩარევა საუბნო-კომისიის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, რეალობისგან შორს დგას და ასეთი განცხადებები საფუძველს არის მოკლებული. დღეს ერთ-ერთი პარტიის მიერ მედიაში გავრცელებული მონაცემები არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან ამ მონაცემებში მოყვანილი პირების უმეტესობა არ არის არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად.“ -განაცხადა ზვიად თენიეშვილმა.

მანვე პასუხი გასცა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.