დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნათია შარაშენიძის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის, როგორც საკრებულოს წევრი, არ თავისუფლდება მოსაკრებლის გადახდისგან და კანონი ასლის მოსაკრებლის შესახებ ყველა მოქალაქეზე, მათ შორის, საკრებულოს წევრზეც თანაბრად ვრცელდება.
ქალბატონი ნათია მიზანმიმართულ პროვოკაციას ეწეოდა ქალაქის მერიის მიმართ. მას თავიდანვე შესაძლებლობა ჰქონდა, მისთვის საჭირო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით გამოეთხოვა, რაც მოსაკრებლის გადახდას არ ექვემდებარება, ასევე, შარაშენიძეს შეეძლო ინფორმაციას გაცნობოდა დედანში. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის აღნიშნული ფორმებით მან არ ისარგებლა, ხოლო ქალაქის მერიის მიერ, კანონის მიხედვით დაწესებული მოსაკრებლის გადახდაზე უარი განაცხადა. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შარაშენიძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
შარაშენიძემ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გზით, არაერთხელ სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თითქოს ქალაქის მერიამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პროცესი წააგო, თუმცა ეს გახლდათ დეპუტატის ფანტაზიის ნაყოფი, რადგან აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამართულ სხდომაზე გამოიტანა.