დღეს, ქ. ოზურგეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გურიის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარადგინა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მერობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიალზე განაცხადა:
მოგესალმებით მეგობრებო!
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქართველ შემსრულებლებს, ასეთი მშვენიერი განწყობის შექმნისთვის. გურულებთან სტუმრობა და თანაც პოლიტიკაზე საუბარი არ არის მარტივი, თქვენ ძალიან კარგად იცით სწორი არჩევანის გაკეთება. 2012 წლიდან მოყოლებული ეს არის მეხუთე არჩევნები და წინა ოთხ არჩევნებში გაიმარჯვა ,,ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“. ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. და მე დარწმუნებული ვარ, რომ გურულებს, კიდევ ერთხელ, აუცილებლად მოუწევთ ჩვენთან ერთად, ყველას ერთად გაერთიანება. ჩვენ ჩვენი ქვეყანა სწორ გზაზე დავაყენეთ და მივდივართ იმ გზით, რომელიც ჩვენი მომავალი თაობების, თითოეული ჩვენი ოჯახის, თითოეული აქ მყოფი ადამიანის კეთილდღეობას განაპირობებს. აუცილებლად, კიდევ ერთხელ გავერთიანდებით და ამ გზას დავუჭერთ მხარს.
პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძელით ყველაზე მთავარი - მშვიდობის შენარჩუნება და ადამიანზე ზრუნვა. ამ ოთხ წელიწადში ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა. სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით, ადამიანებს აღარ ეშინიათ, რომ უსახსრობის გამო ვერ შეძლებენ სამედიცინო მომსახურების მიღებას. თითოეული ადამიანის გადარჩენილი სიცოცხლე, არის ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის. ჩვენი ბავშვებისთვის მოწესრიგდა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა - აშენდა და რეაბილიტირდა საბავშვო ბაღები და სკოლები. ეს პროცესი, ახლაც აქტიურად მიმდინარეობს, და რა თქმა უნდა, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარეთ გლეხებს, ფერმერებს, მეწარმეებს. გურიაში, სახელმწიფოს მხრიდან, საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობით, ყოველწლიურად სარგებლობდა 50 ათასამდე გლეხი და ფერმერი, რომლებმაც ჯამში, თითქმის 20 მილიონი ლარის სარგებელი მიიღეს. ამ პროგრამების შედეგად, გავააქტიურედ დაუმუშავებელი სასოფლო სამეურნეო მიწები და აქტივად ვაქციეთ ის. ამას გარდა, დღევანდელი მდგომარეობით, გაცემულია 11 მილიონ ლარზე მეტი სესხი, რაც მოხმარდა მესაქონლეობის, მეფუტკრეობისა და მებაღეობის დარგების ხელშეწყობას. ასევე მნიშვნელოვანია, მიკროგრანტების პროგრამა რომელმაც მნიშვნელოვნად შეუმსუბუქა ყოფა ჩვენს სოფლად მაცხოვრებელ ადამიანებს. პროგრამა ,,დანერგე მომავლის“ ფარგლებში, დამტკიცდა 20 პროექტი, რომლებიც ითვალისწინებს 100-ზე მეტ ჰექტარზე თხილის, ლურჯი მოცვის, კაკლისა და ვაშლის გაშენებას. ძალას იკრებს ასევე, ჩაის კულტურის რეაბილიტაციის პროგრამა, რომლისთვისაც ამჟამად 300 ათასზე მეტი ლარია გაცემული.
ჩოხატაურსა და ოზურგეთში, გაიხსნა 7 ახალი საწარმო, გაფართოვდა ხილის გადამამუშავებელი 2 საწარმო და გადაიარაღდა 10 არსებული საწარმო.
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება, რომელიც მსოფლიოში ცნობილი სავაჭრო ნიშნების შემოსვლას ითვალისწინებს. ეს არის: ზარა, მანგო, მასიმო დუტი და სხვა მსოფლიოში ცნობილი ბრენდები. საწარმოში დასაქმდება 300-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდა 180-მდე პროექტი, რომლითაც 300-მდე მეწარმემ ისარგებლა.
ამ 5 წლის განმავლობაში, გურიაში 130 კმ გზის საფარი დაიგო. მოწესრიგდა ქალაქების ქუჩებისა და სოფლებთან დამაკავშირებელი გზების დიდი ნაწილი. აღდგა და აშენდა ხიდები, მათ შორის, მერია-ლაითურის 150 მეტრი სიგრძის ხიდი. ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში განხორციელდა წყალმომარაგების ქსელისა და სათავე ნაგებობების რეაბილიტაციის სამუშაოები.
დაწყებულია სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც იქნება ახალი, კომფორტული, და უსაფრთხო ევროსტანდარტის გზა. ეს გზა უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტად დატვირთული, საერთაშორისო მნიშვნელობის გზის გამტარუნარიანობას, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობასა და შეუფერხებელ სატრანზიტო მიმოსვლას.
ასევე იგეგმება გრიგოლეთი–ფოთისა და გრიგოლეთი–ქობულეთის მონაკვეთების მშენებლობა, რომლებიც საშუალებას მოგვცემს სატრანსპორტო ნაკადმა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრაოს როგორც ფოთის გავლით, ისე პირდაპირ გრიგოლეთი–ქობულეთის მიმართულებით.
მეგობრებო,
გურიაში, ამ ულამაზეს მიწაზე, ბევრი ბუნებრივი სიმდიდრეა - მთის კურორტებიც არის და ზღვისაც. როდესაც მსოფლიოში ისეთი უნიკალური კურორტები გვაქვს, როგორიცაა ბახმარო და ურეკი, ჩვენ ბოლომდე უნდა ავითვისოთ ეს სიმდიდრე, და ხალხისთვის შემოსავლის წყაროდ ვაქციოთ. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. უკვე დავამტკიცეთ ბახმაროს განაშენიანებისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. გასულ წელს, პირველად ისტორიაში, ბახმარომ, როგორც ზამთრის კურორტმა, უმასპინძლა ტურისტებს. გერმანელმა ინვესტორებმა, კურორტზე ზამთრისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოაწყვეს. ასევე, იგეგმება სასტუმროს აშენება, რაც 4-ჯერ გაზრდის ზამთრის სეზონზე ტურისტების რაოდენობას.
უნიკალური სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა სამთო კურორტი გომისმთა. კურორტ გომისმთაზე შენდება წყალმომარაგების სისტემა და იგეგმება კურორტის სრული ელექტრიფიკაცია. როდესაც იქ იქნება წყალი და დენი, და ასევე დაიგება გზა, ეს შექმნის პირობას დამსვენებლებისა და ტურისტების გახდება მიმზიდველი ადგილი. დარწმუნებული ვარ, გომისმთაც მალე გახდება დამსვენებლებისათვის ერთ-ერთი საყვარელი და კომფორტული ადგილი.
მეგობრებო!
ყველამ იცით, რომ სულ ახლახან, შეკვეთილში გაიხსნა უნიკალური საკონცერტო დარბაზი, 300-მდე მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა. დღეს ეს დარბაზი სრული დატვირთვით მუშაობს, და მსოფლიო ვარსკვლავებს მასპინძლობს. აქ ხორციელდება სახელმწიფო პროგრამა „ჩეკინ ჯორჯიას“ ფარგლებში გამართული არაჩვეულებრივი ღონისძიებები ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით. შეკვეთილში ასეთი დარბაზის აშენება, ბიძინა ივანიშვილის იდეა იყო, რომ რეგიონის განვითარებისათვის შეეწყო ხელი. ეს დარბაზი სწორედ ბატონი ბიძინას ინიციატივით გადაეცა სახელმწიფოს, მაგრამ, პირველ რიგში, ეს არის საჩუქარი ამ რეგიონისთვის, გურიისა და გურულებისთვის. იცით, რომ ამ მასშტაბის კონცერტებს თან ახლავს ათასობით მაყურებელი, რომელსაც სათანადო ინფრასტრუქტურა სჭირდება.
ასევე ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, აშენდა შეკვეთილში თანამედროვე დიზაინის სარკინიგზო ბაქანი, მოეწყო მუსიკოსების სკვერი, რაც უნიკალურია ჩვენი ქვეყნისთვის. შეკვეთილში აშენდა ისეთი შადრევანი, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ გააჩნია. აშენდა პარკი, რომელშიც მინიატურების სახით არის წარმოდგენილი ქართული კულტურისა და ისტორიის ძეგლები.
5-ვარსკვლავიანმა სასტუმრომ, რომელიც ასევე ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფინანსებით, თანაინვესტირების ფონდმა ააშენა, უკვე დაიწყო სატესტო რეჟიმში მუშაობა. ამ პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 80 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ასევე, შეკვეთილში, განხორციელდა ჩეხურ-სლოვაკური პროექტი, რომელიც სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის ბინებს აერთიანებს. უკანასკნელ სამ წელიწადში, გურიაში გაიხსნა 26 სასტუმრო, და ორ წელიწადში, მათ კიდევ 35 ახალი სასტუმრო შეემატება.
ასეთი სასტუმროები და ტურისტული ადგილები, რა თქმა უნდა, როგორც ქართველი მნახველების, ისე ტურისტების დაინტერესებას იწვევს, და ზრდის მათ რაოდენობას, რასაც ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება. საბოლოოდ, ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ გურიის მოსახლეობას, კერძო სექტორს მიეცეს საკუთარი ბიზნესის წამოწყების, გაფართოებისა და დამატებითი შემოსავლის მიღების რეალური შესაძლებლობა.
მეგობრებო,
დარწმუნებული ვარ ჩვენს ხალხს აქვს ჩვენი რწმენა. ხედავს ძალას, რომელიც გააჩნია ,,ქართულ ოცნება -დემოკრატიულ საქართველოს“ და თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ აუცილებლად ერთად მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც განაპირობებს ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას, თითოეული თქვენგანის გამარჯვებას და თითოეულ ოჯახში კეთილდღეობას.
ახლა, წარმოგიდგენთ ქართული ოცნების მერობის კანდიდატებს, რომლებსაც „ქართული ოცნება“ სრულ ნდობას უცხადებს. ოზურგეთი მერობის კანდიდატი - ბეგლარ სიორიძე ლანჩხუთის მერობის კანდიდატი - ალექსანდრე სარიშვილი ჩოხატაურის მერობის კანდიდატი - ირაკლი კუჭავა მივესალმოთ ამ ადამიანებს და წარმატება ვუსურვოთ მათ, იმ საქმეში, რომ იზრუნონ თითოეული ადამიანის ყოფის გაუმჯობესებაზე, თქვენს კეთილდღეობაზე და იმისათვის, რომ ჩვენ გურიაში ყოველთვის ვნახოთ გაღიმებული ხვალინდელი დღის იმედის მქონე ადამიანები. მეგობრებო, ჩვენს ერთობლივ გამარჯვებას, ჩვენი ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღეს და ჩვენი ქვეყნის თითოეული ოჯახის კეთილდღეობას გაუმარჯოს. დიდი მადლობა ამ მხარდაჭერისთვის.