დიდი ალბათობით, ოზურგეთში თვითმმმართველობის არჩევნებში ადგილობრივი შშმ პირების უმრავლესობა მიიღებს მონაწილეობას.
საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ ხელმძღვანელის რომან ლომაძის თქმით, ამ ორგანიზაციის ბენეფიციარები ყოველთვის მაღალი აქტიურობით გამოხატავდნენ თავიანთ პოლიტიკურ ნებას და არც კარსმომდგარი თვითმმართველობის არჩევნები იქნება გამონაკლისი.
რომან ლომაძე: ჩვენი ასოციაციის ბენეფიციარების არჩევნებში მონაწილეობის პროცენტული მაჩვენებელი ყოველთვის აღემატებოდა საარჩევნო ოლქის შესაბამის საშუალო მაჩვენებელს და დარწმუნებული ვარ, 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებშიც ასე იქნება. დღესდღეობით, საარჩევნო ხმის უფლების მქონე 17 ბენეფიციარი გვყავს და ვიცი, რომ უკლებლივ ყველას სურს არჩევნებში მონაწილეობის მიღება. არ ვფლობ ინფორმაციას, როგორი პირობებია საარჩევნო უბნებში, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ, ჩვენს ბენეფიციარებსა და სხვა შშმ პირებსაც, ხმის მიცემის დროს დავეხმაროთ ჩვენი პანდუსით.
მიშიკო მათითაიშვილი: 23 წლის საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ ბენეფიციარი: არჩევნებში მესამედ ვაძლევ ხმას. უეტლოდ გადაადგილება მიჭირს და პირველ ორ შემთხვევაში, სახლში მოტანილ გადასატან ყუთთან მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი. ბედნიერი ვიქნები თუ 21 ოქტომბერს საარჩევნო უბანში შევძლებ ხმის მიცემას, მაინც სულ სხვაა, რომ საზოგადოებაში გამოჩნდები.
ახლა წინასაარჩევნო პერიოდს ვაკვირდები და არ მომწონს ეს აურზაური. ოპონენტებს უკიდურესად სძულთ ერთმანეთი და ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, როგორ უნდა აკეთოს სახელმწიფოებრივი საქმე ასეთი სიძურვილის ფონზე?!
ერთი რაღაც მაინტერესებს, საპარლამენტო არჩევნებზე სოფლები – ბაილეთი, სილაური, ჯუმათი, ნაგომარი, ძიმითი, ნატანები, წვერმაღალა და დაბა ურეკი სხვა საარჩევნო ოლქებში მოხვდნენ. თვითმმართველობის არჩევნებში როგორ იქნება? მეგობრები მყავს ამ სოფლებიდან და მათაც ხომ მიეცემათ ხმის მიცემის შესაძლებლობა?
თამუნა ლურსმანაშვილი: არჩევნები ყოველთვის იყო ხმაურიანი და სკანდალური თემა. ახლაც ასე იქნება, მაგრამ ზღვარს არ უნდა გადაცდეს. ისე არ უნდა მოვიქცეთ, არჩევნებს შემდეგ თვალი ვერ გავუსწოროთ ერთმანეთს. ოზურგეთში ყველა მიცნობს და ყველამ იცის, რომ ქირქილს ვერ ვიტან ყველაზე მეტად. ნდობა გამომიცხადეს და დამკვირვებელი ვიქნები ჩემს უბანში. თუ ვინმე ფიქრობს, რომ სხვებზე ნაკლებად შემიძლია ჩემი და ჩემი უბნელების ხმების დაცვა, ძალიან ცდება. საკუთარი ყურით გავიგონე, როგორ თქვა ერთმა, ახლა ამან აქ რა უნდა გააკეთოსო? ღვთის წყალობით, არც თვალს მაკლია, არც ყურს და არც გონს. გადაადგილებით კი, ეტლით ისე გადავაადგილდები, ბევრი ფეხით, რომ ვერ ახერხებს. ნამდვილად მინდა, რომ მყავდეს ისეთი მერი, რომელიც ღირსეულად მოიგებს არჩევნებს, თუნდაც იგი ჩემი არჩევანი არ იყოს. ამიტომ ბოლომდე პრინციპული ვიქნები.
ლადო ხავთასი 33 წლის, ქალაქ ოზურგეთის კულტურისა და დასვენების პარკის პროგრამისტი): თუ არ ვცდები, საპრეზიდენტო არჩევნები იყო, როცა ამჟამინდელი საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ რამდენიმე ბენეფიციარი ფოთში ჩავედით და იქ, ერთ-ერთ სკოლაში საარჩევნოდ გავაკეთეთ პანდუსები. სხვათა შორის, მოეწონათ ჩვენი ნაკეთობა და დაფინანსებაც მივიღეთ შემდეგ. ეს იყო ჩემი პირველი შეხება არჩევნებთან. შემდეგ რამდენიმე ტრენინგში მივიღე მონაწილეობა. ასე რომ, მეტ-ნაკლებად ვერკვევი არჩევნების ნიუანსებში. რაც 18 წლისა გავხდი, ყველა არჩევნებში მივიღე მონაწილეობა, 2012 წლამდე სახლში მოჰქონდათ საარჩევნო ყუთი, 2012-ში კი, საარჩევნო ხმა რომ არ დაკარგულიყო, ავდექი და თვითონ მივედი საარჩევნო უბანში. წინა, საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრის დაწყებიდან, მთელი პროცესის დამთავრებამდე, კომპიუტერთან ვიჯექი და ინფორმაციები შემყავდა. ექსცესები ნამდვილად არ მომხდარა, ცოტა ხმაური კი იყო, მაგრამ ისეთი არა, პოლიციის ჩარევა რომ ყოფილიყო საჭირო. ახლაც მქონდა შეთავაზება, მაგრამ უარი ვთქვი, უბრალოდ, დრო არ მრჩება.
სკოლა 2000 წელს დავამთავრე და ისეთი სიტუაცია იყო, ქუჩაში არ გაისვლებოდა, არც საშუალება მქონდა, რომ სასწავლებლად წავსულიყავი. ბოლო სამი წელიწადი სკოლაშიც ვეღარ ვიარე, რადგან მესამე სართულზე ვსწავლობდი და ყოველდღე მესამე სართულზე ვინ ამიყვანდა და ჩამომიყვანდა?! ხელით სატარებელი ვიყავი, მერე თბილისში ვიმკურნალე და ცოტათი შემიმსუბუქდა მდგომარეობა. სამ-ოთხთვიანი ბუღალტერიის კურსები მაქვს გავლილი, ვისწავლე ინგლისური ენა, ვფლობ კომპიუტერული პროგრამების რამდემიმე სერტიფიკატს.
მე და თამუნა ლურსმანაშვილი ვიყავით კოალიცის წევრები- „დამოუკიდებელი სკოლებისათვის“ , ხელფასსაც გვაძლევდნენ თვეში ასი დოლარის ოდენობით, სკოლებში ბავშვებისთვის უნდა ჩაგვეტარებინა სემინარები, უნდა აგვეხსნა, რას ნიშნავს პანდუსი. რამდენიმე სოფლის სკოლაში ჩვენ მიერ ჩატარებულ სემინარს ჩვენი უფროსი გიორგი ძნელაძეც დაესწრო. სხვათა შორის, ჩოხატაურის საკრებულოს წევრებსაც ჩავუტარეთ ანალოგიური სემინარი. ასე რომ, თანამდებობის პირებსაც კი ვასწავლიდით. ვართ ქალაქის მერიასთან არსებული შშმ პირთა საკითხების შემსწავლელი სათათბირო ორგანოს – საბჭოს წევრები. ჩემი აზრით, ამ საბჭომ არჩევნების შემდეგაც უნდა განაგრძოს მუშაობა, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გახდება მუნიციპალიტეტის მერი, რადგან შშმ პირებისათვის მართლაც კარგი საქმე კეთდება. საია-ს ოზურგეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს თამაზ ტრაპაიძეს მივმართეთ, განემარტა, საარჩევნო უბანში როგორ უნდა მოიქცეს ამომრჩეველი, ვისაც არ შეუძლია დამოუკიდებლად საარჩევნო ბიულეტენის შევსება.
თამაზ ტრაპაიძე: საქართველოს საარჩევნო კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საარჩევნო ბიულეტების შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება. ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი, უფლება აქვს, ფარული კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მოიწვიოს ნებისმიერი პირი გარდა: ა) საარჩევნო კომისიის წევრისა, ბ) კანდიდატისა, გ) საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა, დ) დამკვირვებლისა და ე) პრესის და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებისა.
-რა კეთდება და რამდენად მზად არის საარჩევნო ადმინისტრაცია იმისათვის, რომ შშმ პირებმა დაუბრკოლებლად მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა? – ამ კითხვაზე ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზვიად თენიეშვილის პასუხი ასეთია:
– საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად არის ჩართული ამ ადამიანების მხარდასაჭერ ღონისძიებებში. შშმ ამომრჩეველთა შესახებ ინფორმაციებს გვაწვდიან ჯანდაცვის სამინისტროდან. უკვე შეგვიძლია დავდგათ პანდუსები იმ საარჩევნო უბნებში, სადაც ამისი საჭიროებაა, უზრუნველვყოთ უბანი შესაბამისი კაბინითაც. მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ამ ადამიანებს, რომ მათ დამოუკიდებლად შეძლონ ხმის მიცემა.
უნდა გითხრათ ისიც, რომ ჩვენ ხშირად ვთანამშრომლობთ შშმ პირებთან. სამ საარჩევნო უბანში გვყავს კომისიის წევრად შშმ პირი, გარდა ამისა, არიან დამკვირვებლებიც. ამ ხალხს ჰქონდათ სურვილი, უშუალოდ ენახა თუ რა პროცესები ხდება საარჩევნო კომისიაში კენჭისყრამდე. ჩამოვიდა ცესკო-ს წარმომადგენელი და იმიტირებულად ვაჩვენეთ ყველაფერი.
– რამდენი შშმ ამომრჩეველი გყავთ?
– ჯერჯერობით ვერ გეტყვით. უბნები 21 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე შეიკრიბება და შემდეგ გვეცოდინება ზუსტი რაოდენობა.
– ამ წერილის ერთ-ერთმა რესპოდენტმა იკითხა: საპარლამენტო არჩევნებზე სოფლები: ბაილეთი, სილაური, ჯუმათი, ნაგომარი, ძიმითი, ნატანები, წვერმაღალა და დაბა ურეკი სხვა საარჩევნო ოლქებში მოხვდნენ. თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ალბათ, დაგვიბრუნდება ეს საარჩევნო უბნები.
– ყველა ის უბანი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისთვის სხვა მაჟორიტარულ ოლქში მოხვდა, შემოდის ჩვენს დაქვემდებარებაში და არანაირი პრობლემა არ გვექნება.
ზვიად თენეიშვილის მიერ გადმოცემული სიის მიხედვით, საარჩევნო ოლქში შემავალი 62 საარჩევნო უბნიდან მარტივი ადაპტაცია უკვე მოწყობილია: #60/01 ზვანი-I-ის, N60/09 ლაშე-I-ის, #60/12 ლაითური II-ის, #30/13 ნარუჯის, #60/25 დვაბზუს, N#60/27 ვაკიჯვრის, #60/30 კონჭკათის, #60/38 მთისპირის, #60/55 ცენტრი III-ის, #60/58 ნარუჯა II-ის საარჩევნო უბნებში. პანდუსებით უზრუნველყოფილია: #60/04მოიდანახე I-ის, #60/05 მოიდანახე II-ის, #60/23 ბოხვაურის, #60/24 გურიანთის, #60/31 ლიხაური I-ის, #60/34 მელექედურის, #60/45 შემოქმედის, #60/48 შრომის და #60/50 ცხემლისხიდის საარჩევნო უბნები.
სიების საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, სხვა უბნებშიც გაკეთდება მარტივი ადაპტაცია და დაიდგმება პანდუსები.
თემურ მარშანიშვილი,
ალიონი
სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.