უფასო პოლიტიკური პროგრამა
დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ბეგი სიორიძე ამ სოფლის ამომრჩევლებს შეხვდა.
თავად მერობის კანდიდატი წარმოშობით აღნიშნული სოფლიდანაა. სოფლის ცენტრში რამდენიმე ასეული კონჭკათელი შეიკრიბა.
საარჩევნო შეხვედრა ასევე ამ სოფლის მკვიდრმა ალეკო ტუღუშმა გახსნა, რომლის შემდეგ სიტყვით მერობის კანდიდატი გამოვიდა. მან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სოფელში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება. ბეგი სიორიძემ კონჭკათელებს თავისი საარჩევნო პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო.
ოზურგეთსა და მთლიანად გურიის მხარეში განხორციელებულ პროექტებზე და „ქართული ოცნების“ ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ.მან ამომრჩევლებს ოზურგეთის მერობის კანდიდატ ბეგი სიორიძის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატ გელა აროშიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ამომრჩევლებს სიტყვით მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დავით დარჩიამ.
ადგილობრივი ამომრჩევლების მხრიდან სიტყვებით გამოვიდნენ: მზია მალაზონია, თენგიზ კვირჩილაძე, რევაზ აროშიძე.