19 სექტემბერს, დაახლოებით 01 საათზე, უბედური შემთხვევა რაჭაში, სოფელ ხოტევში მოხდა. ტრაილერი, რომელსაც ასფალტის სატკეპნი მოწყობილობა გადაჰქონდა, გზიდან გადავიდა, ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების საცხოვრებელ სახლში შევარდა. ავარიის შედეგად მძიმეწონიან ავტომანქანა „ვოლვოს“ მისაბმელზე ჯაჭვებით დამაგრებული სატკეპნი მოწობილობა მოწყდა და მძღოლი და კიდევ ორი მგზავრი იმსხვერპლა.
მძიმეწონიანი ავტომობილი ერთ-ერთ საგზაო კომპანიას ეკუთვნოდა, ხოლო ავტომობილს ქ. ოზურგეთში (ექადია) მცხოვრები, 58 წლის ბიძინა ცენტერაძე მართავდა.
ბიძინა ცენტერაძე ავღანეთის ომის მონაწილე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად აფხაზეთში იბრძოდა.
იგი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოზურგეთში, „ქართული ოცნების“ მობილური ჯგუფის წევრი იყო. არჩევნების შემდეგ მან ერთ-ერთ საგზაო კომპანიაში დაიწყო მუშაობა.
_ბიძინა გამოცდილი მძღოლი იყო. ამ ბოლო პერიოდში ტექნიკის გაუმართაობას უჩიოდა. სწორედ ამიტომ იგი ამ ტრაგედიამდე მთელი კვირა სახლში იმყოფებოდა. ორ კვირაში მძიმეწონიანი ავტომობილი უნდა შეეკეთებინათ. სარემონტო სამუშაოების დაწყებიდან 5 დღე იყო გასული, კომპანიიდან დაურეკეს _შენი ავტომობილი უკვე შეაკეთეს, ერთი დღით ჩამოდი , ასფალტის სატკეპნი მოწყობილობები გადაიტანე რაჭაშიო. გვესმოდა, ბიძინა სატელეფონო საუბარში ეჭვს გამოთქვამდა ასე სწრაფად ავტომობილის სრულყოფილ შეკეთებაზე, მით უმეტეს აღნიშნულ ავტომობილს ერთი კვირით ადრე ელექტროობას ცეცხლი მოეკიდა და ბიძინას გამოცდილებამ და სწორმა მოქმედებამ ავტომობილი დაწვისაგან გადაარჩინა. ღამით მოუწია რაჭაში გამგზავრება. ავტომანქანას წესისამებრს სპეციალური მანქანები არ აცილებდა_ გვითხრეს ბიძინა ცენტერაძის ახლობლებმა.
გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.