მას შემდეგ, რაც პარტიებისთვის კვოტირების თემა ფინანსურ დაინტერესებად გადაიქცა, მიმდინარე არჩევნებში პარტიათა უმეტესობამ პარტიული სიის პირველ ათეულში მინიმუმ სამი ქალი კანდიდატი დაასახელა. არიან მაჟორიტარებიც. მოვუსმინოთ რამდენიმე მათგანს.
ლალი სიჭინავა: მაჟორიტარობის კანდიდატი, ცხემლისხიდის საჯარო სკოლის დირექტორი. წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი. ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“.
– არ ვიცი, რა დავარქვა ჩემს პოლიტიკაში მოსვლას?- თვითდამკვიდრება ? – არა …ეს უფრო იმ დიდი სიყვარულის დაფასებაა, რასაც 27 წელია ვგრძნობ ჩემი თანასოფლელებისაგან და საერთოდ…მათი კეთილგანწყობა და სიყვარული არ მომკლებია ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებშიც. ვცდილობ სიყვარულს სიყვარულითვე ვუპასუხო, ჩემთვის, როგორც ქალისთვის, მასწავლებლისთვის, კარგად იყო ცნობილი ყველა ის პრობლემა, რაც ჩვენს თემს -ცხემლისხიდსა და ბაღდადს აწუხებდა. ჩავთვალე ჩემი ცოდნა, ენერგია და უნარ-ჩვევები საკრებულოშიც გამომეყენებინა მათ დასახმარებლად.
– ქალის როლი პოლიტიკაში?
– ქალის ჩართულობა ადგილობრივ თვითმმართველობაში მნიშვნელოვანია, აუცილებელია იმის დანახვა, რომ გადაწყვეტილება ძალაზე კი არა, გონებრივ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, დროა, ყველამ გააცნობიეროს, რომ ქალი საზოგადოების სრულფასოვანი წევრია და წარმატებისკენ სწრაფვა მისი უფლებაცაა. მას უნდა ჰქონდეს კარიერული წინსვლის საშუალება. ერთ-ერთი ჩემი ამოცანა საკრებულოში ესეც იქნება, ასევე, საგანმანათლებლო კუთხით მუშაობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გვერდში დგომა, სოციალური პროექტები… ჩემი სოფლის პრობლემების მოგვარება.
მინდა ყველა ქალმა დაინახოს როგორც მე, ასევე ყველა ქალს შეუძლია, მიუხედავად ოჯახური მოვალეობებით დატვირთული გრაფიკისა, იყოს ოჯახს გარეთაც აქტიური, საქმიანი, პოლიტიკოსი.
ნინო თავაძე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფ. ნატანებიდან; „პატრიოტთა ალიანსი:“
– ბუნებით ძალიან აქტიური და მებრძოლი ადამიანი ვარ. ვერ ვიტან უმოქმედობას, ვერც უსამართლობას ვეგუები. იქედან გამომდინარე, რომ ვარ მასწავლებელი და 23 წელია ვმუშაობ ზემო ნატანების საჯარო სკოლაში, ყოველდღიურად მიწევს ურთიერთობა ბავშვებთან, მათ მშობლებთან. ისინი მესაუბრებიან, მიზიარებენ თავიანთ წუხილს არსებულ ყოფით პრობლემებთან დაკავშირებით, აქვთ იმედი, რომ დავეხმარები პრობლემების მოგვარებაში, მიუხედავად იმისა, რომ მე შესაბამისი ბერკეტი არ გამაჩნია…
– პოლიტიკაში მოსვლა თქვენი შესაძლებლობების უკეთ რეალიზების შესაძლებლობაა?
– სწორედ ამან გადამაწყვეტინა, მივსულიყავი პოლიტიკაში. ეს, ერთგვარი გამოწვევაა საკუთარ თავთან, ვფიქრობ, რომ მაქვს ყველა ის თვისება, რაც სჭირდება პოლიტიკით დაინტერესებულ ადამიანს… ცნობილია ფრაზა, რომ ქალები ე.წ. „სუსტი სქესის“ წარმომადგენლები არიან, და თუ ვაღიარებთ, რომ სახელმწიფოც ერთგვარი „პატარა ოჯახია“, მაშინ ლოგიკურია, რომ ის ოჯახი ძლიერია, სადაც ქალია- ძლიერია. ამიტომ, ვთვლი რომ საჭიროა მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში.
ლელა საჯაია: პედაგოგი, მაჟორიტარობის კანდიდატი, წინა მოწვევის საკრებულოს წევრი, „ქართული ოცნება _დემოკრატიული საქართველო“:
– გენდერული ბალანსის დაცვა დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში კვლავ რთულია?
– რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქალთა სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკური უფლებების გაუმჯობესებას, მაინც დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. შრომის ბაზარზე ქალთა მონაწილეობის მაჩვენებელი, ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის იდენტური ანაზღაურება, ლიდერობასთან დაკავშირებული თანაბარი კონკურენციის დონე და ა.შ. ის მიზეზებია, რაც ხელს უშლის ქართველ ქალებს ერთმანეთთან შეათავსონ სამუშაო და ოჯახი. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე ძალიან მალე დადგება დრო, როცა ადამიანები არა სქესობრივი მახასიათებლების, არამედ პიროვნული და ინტელექტუალური შესაძლებლობების მიხედვით იქნებიან რეალიზებულნი.
მარიკა ჩხიკვიშვილი. იურისტი, „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“:
– პოლიტიკაში მოსვლა თქვენთვის თვითდამკვიდრების შესაძლებლობაა?
– პოლიტიკა თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. თუმცა არის ახალი გამოწვევა და შესაძლებლობა, ვაკეთო ის საქმე, რომელიც მიყვარს. ეს არის მუშაობა ახალ პროექტებზე ადამინთა უფლებების დაცვის მიმართულებით და გენდერულ საკითხებზე.
– თქვენი აზრით, როგორია გენდერული ბალანსი დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში?
– ამ მიმართულებით პოლიტიკურმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ქმედითი ნაბიჯები გადადგა. დღეს, ადგილობრივ დონეზე, თქვენ ხედავთ ჩვენს პარტიულ სიას მაქსიმალურად გენდერულად დაბალანსებულს. ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამკვიდრებს.
– თემები, რაზედაც თქვენ აპირებთ მუშაობას თვითმმართველობაში მოსვლის შემდეგ;
– თვითმმართველობა თავისი არსით უზრუნველყოფს ხალხისა და ხელისუფლების ერთიანობას, რაც გულისხმობს მათი მეშვეობით ადგილობრივი მნიშნელობის საკითხების მოწესრიგებას. პრობლემები სხვდასხვაგვარია, მე შევეცდები ჩემს კოლეგებთან ერთად, სწორად განვსაზღვრო პრიორიტეტები და თანმიმდევრულად მოვახდინო რეაგირება მათზე. წინასწარ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა ერთი რამ, ჩემის მხრიდან მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა განათლებას, სოციალურ საკითხებს. ჩვენს მუნიციპალიტეტში საკმაოდ მოტივირებული ახალგაზრდობაა. საჭიროა, მათი გააქტიურება. სწორედ მათი პრობლმების, იდეების, ინიციატივების დაყენებას ვაპირებთ, როგორც წარმომადგენლობით, ისე აღმასრულებელი ხელისუფების დონეზე.
– შეაფასეთ ქალის როლი პოლიტიკაში; სუსტი და ძლიერი მხარეები;
– ქალის როლი პოლიტიკაში უმნიშვნელოვანესია, მითუმეტეს მაშინ, როცა ქალის როლი თანამედროვე საზოგადოებაში დღითიდღე იზრდება. ქალის აქტიური მონაწილეობა პოლიტიკაში ქვეყნის დემოკრატიულობის ერთ-ერთი მაჩვენებელია.
ხათუნა ცერცვაძე, ორგანიზაცია „მომავლის სხივი“ ხელმძღვანელი. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“.
– თქვენი პოლიტიკური შესაძლებლობები:
– ვფიქრობ, შეგნებული ასაკიდან, ადამიანი საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობს. მრავალწლიანი საზოგადოებრივი საქმიანობის კვალდაკვალ, ამგვარი შეგრძნება თავისთავად ჩნდება- როცა რწმუნდები, რომ შენ შეგიძლია; როცა ზუსტად იცი რას, და როგორ გააკეთებ. გამოკვეთილია შენი მიზნები, შედარებით ადვილდება ასეთი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობ, პოლიტიკაში მხოლოდ მაშინ უნდა მოხვიდე, როცა დარწმუნებული ხარ საკუთარ შესაძლებლობებში. როცა უკვე იცი, რომ შენი საქმიანობით, საზოგადოების თუნდაც მცირე ნაწილს სჭირდები და შემდგომი საქმიანობით კიდევ უფრო მეტს შეძლებ.
– გენდერული ბალანსი და ქალის როლი პოლიტიკაში?
– ეს, ის თემებია, რომელთა გარშემო კამათი და აზრთა სხვადასხვაობა დღემდე არ წყდება. ეს არც არის გასაკვირი, რადგან საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ სტერეოტიპთა მსხვრევა ძნელია. თუმცა საქართველოს ისტორიაში იყო პრეცენდენტები, როცა ქალი მართავდა სახელმწიფოს, ამისდა მიუხედავად, ხშირად ქალი პოლიტიკოსი არასერიოზულად აღიქმება. ვეცდები, ჩემი საქმიანობით, საზოგადოებას ვაჩვენო ქალების სულიერი ძალა, მათი მაღალი ეთიკური ნორმები, პრობლემების გადაჭრის დიპლომატიური გზების გამონახვის შესაძლებლობა. ჩემი ზრუნვის არეალი დღემდე სოციალურად სეჭირვებული სეგმენტის საჭიროებების გამოკვეთა და მდგომარეობის შემსუბუქება იყო და ასევე იქნება მომავალშიც.
ქეთი ვასაძე, პარტია„ქართულიოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
– პოლიტიკით დაინტერესების თქვენეული ახსნა?
– ადამიანი თავისი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე აღმოჩნდება იქ, სადაც თავს უფრო საჭიროდ თვლის. ოთხი წლის განმავლობაში ბევრ საინტერესო და პროფესიონალ ადამიანთან მომიწია მუშაობა, ძალიან ბევრი ვისწავლე მათგან, ახლაც ვსწავლობ. ამ ყველაფერმა კი, დიდი სტიმული მომცა მეტი გავაკეთო ჩემი ქალაქისთვის, წინ სერიოზული გეგმები მაქვს და აუცილებლად განვახორციელებ.
– თვლით თუ არა, რომ გენდერული ბალანსის დაცვა დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში კვლავ რთულია?
– თუ გადავხედავთ გასულ წლებს, პროგრესი აშკარად შეინიშნება, რთული არ არის, უბრალოდ მეტი ძალისხმევაა საჭირო. ხელი უნდა შევუწყოთ ქალთა ორგანიზაციების განვითარებას, წავახალისოთ მათი ჩართულობა არა მხოლოდ პარტიულ საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არამედ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში.
– შეაფასეთ ქალის როლი პოლიტიკაში; სუსტი და ძლიერი მხარეები;
– ჩემი სუბიექტურია აზრია, რომ პოლიტიკაში ქალის ჩართულობა უფრო მეტად აბალანსებს და მოქნილს ხდის მას. ვთვლი, რომ ამ პროცესს სუსტი მხარე არ აქვს. ქალური ინტუიცია და დიპლომატიის ნიჭი პოლიტიკას ცალსახად ძლიერს და უფრო საინტერესოს ხდის.
მაია ქოჩიშვილი, მაჟორიტარობის კანდიდატი სოფ. შემოქმედში, „ევროპული საქართველო“.
– მეტი ქალი პოლიტიკაში – ეს თემა ქართულ რეალობაში დიდი ხანია აქტუალურია. ქალები ამომრჩეველთა 50%-ზე მეტს წარმოადგენენ, ხოლო მათი რაოდენობა წარმომადგენლობით ორგანოში (პარლამენტი, საკრებულო) 10-12%-ია. ეს რა თქმა უნდა, სავალალოა. სხვადასხვა პრაქტიკით მყარდება მოსაზრება, რომ ქალები მეტად მგრძნობიარენი არიან და მეტი ყურადღებით ეკიდებიან სოციალურ საკითხებს. მაგალითად, სკოლამდელი აღზრდა მხოლოდ ქალისთვის აღმოჩნდა მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხი. თამარ მეფისა და კრავაი ჯაყელის ქვეყანაში იმის მტკიცება, რომ ქალები უნდა იყვნენ პოლიტიკაში, არ უნდა გვჭირდებოდეს. ამიტომ, მე ვფიქრობ, აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი ქალ კანდიდატებს. პარტიული კუთვნილება არ გამორიცხავს თანამშრომლობას და საქმის ერთად კეთებას, რაც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას. წარმატებები ქალ კანდიდატებს.
ლალი შენგელია, კულტურულ ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
– „განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა აქტიურობაზე, თანასწორობაზე. არაერთი განვითარებული ქვეყნის მაგალითით, თანასწორობა გაიგივებულია სოციალურ სამართლიანობასთან და ეს არის გზა პროგრესისკენ. ვაჟა-ფშაველა წერდა: „დღეს, რომ მაღალ ბიუროკრატიულ წრეებში გავლენიან ადგილებზე მინისტრებისა და სხვა, დედაკაცები იყვნენ, დღევანდელი გამწვავებული და გამწარებული ცხოვრება მალამოს დაიდებდა და საჭირო რეფორმებს მალე ვეღირსებოდით.“.
ასეთივე სიტყვების გამეორება შეიძლება დღესაც… რას მოგვცემს მეტი ქალი გადაწყვეტილების მიმღებ ორგანებში? თანასწორობას, მეტ საზოგადოებრივ სიკეთეს, უკეთეს სოციალურ მხარდაჭერას, ნაკლებ ძალადობას, ჰარმონიულ ურთიერთობებს, სამშვიდობო ინიციატივებს, სიმშვიდეს და კეთილდღეობას ოჯახებში“. პარტიულ სიებში წარმოდნენილ თუ მაჟორიტარ კანდიდატთა შერკინებამ საარჩევნო ფორმატში გადაინაცვლა. ბრძოლა წესებით და უპირატესობის გარეშე. ქალი კანდიდატები კონკურენტ ქალთა, მამაკაცთა და ჯერ კიდევ არსებულ სტერეოტიპთა წინააღმდეგ. ვინ შეძლებს ამომრჩეველთა გულის მოგებას, რომლები დარჩებიან საფინიშო რინგის გამარჯვებულნი?- 21 ოქტომბერს გაირკვევა. მთავარია, ქალ კანდიდატთა რაოდენობა გაიზარდა წინა წლებთან შედარებით.
გაზეთი „ალიონი,“ ოზურგეთი
სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.