სოფლის ყოფილი გამგებელი დავით დარჩიას დაუპირისპირდა, ანუ შეხვედრა სოფელ მთისპირში ინციდენტით დასრულდა

დამატებულია: 2017-10-08
picture1

გუშინ, საღამოს, სოფელ მთისპირის მოსახლეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს „ქართული ოცნებიდან“ ბეგი სიორიძეს შეხვდა. სოფლის ცენტრში თავი მოიყარეს ამომრჩევლებმა ვანისქედიდან, უკანავადან, ოქროსქედიდან და სხვა უბნებიდან.

შეხვედრა გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ გახსნა, რომელმაც ბოლო წლებში მუნიციპალიტეტში, და მათ შორის სოფელ მთისპირში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ბეგი სიორიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ფამფალეთი-მთისპირის გზის სამუშაოები, რომლის მეორე ეტაპი ამჟამად მიმდინარეობს სრულდება, მომავალ წელს დაიწყება მესამე ეტაპი და სოფელ მთისპირს ექნება კეთილმოწყობილი გზა.

_ მე არ მიყვარს დაპირებები, რასაც დაგპირდებით, აუცილებლად შევასრულებთ. 2018 წლის ბოლომდე ყველა სოფელში უნდა შევიყვანოთ ბუნებრივი აირი _აღნიშნა მან.

შეხვედაზე ინციდენტი მოხდა. სოფლის ყოფილი გამგებებლის, ავთანდილ მახარაძის კრიტიკის ობიექტი „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დარჩია და სოფლის ამჟამინდელი დეპუტატი იყო.

_რა გააკეთეთ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია ყოფილი ნაციონალი კადრებით გაავსეთ. კაცი, რომელიც 2009 წელს დაჭერას მიპირებდა ( მაშინ ნინო ბურჯანაძის პარტიაში ვიყავი), თქვენ სიაში გყავთ_ემოციებს ვერ თოკავდა ავთანდილ მახარაძე.

რამდენიმეწუთიან ხმამაღალ კამათს, მთისპირელთა რეაქცია მოჰყვა და ავთანდილ მახარაძეს მისი გამგებლობის დროს სოფლისთვის წართმეული შავიზღვისპირეთის (კაპრუანი) მიწები შეახსენეს.

მთისპირელმა ეთერ მახარაძემ თავისი კრიტიკული პოზიცია ყოფილი გამგებლის მიმართ, ტელეკამერებთანაც დააფიქსირა.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.