ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - ადგილობრივი არასამთავრობოების სამონიტორინგო ობიექტი

დამატებულია: 2017-10-09
picture1

ოზურგეთში მოქმედი 30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციიდან თვითმმართველობის საარჩევნო პროცესში მხოლოდ რამდენიმეა ჩართული. მსურველი გაცილებით მეტია, მაგრამ, უფინანსობის გამო, იძულებული არიან, მათი გამოცდილი კადრები დამკვირვებლებად გააწევრიანონ დონორი ორგანიზაციებიდან დაფინანსებულ არასამთავრობოებში.

წინასაარჩევნო პერიოდში, პროექტით „ქალების ხმა თვითმმართველობაში“ საინტერესო და საჭირო საქმიანობას ეწევა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები რეგიონის განვითარებისათვის“.

პროექტი, რომლის მიზანია ქალი ამომრჩევლების საჭიროებების გამოვლენა, ამ საჭიროებების საარჩევნო პროგრამებსა და დებატებში ასახვა, ქალი ამომრჩევლების სეგმენტის ფორმირების ხელშეწყობა, ხორციელდება EWMI Access-ის და USAID -ის ფინანსური მხარდაჭერით.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის ქეთევან ხიდაშელის თქმით, 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პოლიტიკურმა სუბიექტებმა დაახლოებით ნახევარი მილიონი ქალი ამომრჩევლის ხმა დაკარგეს. პარტიები არ უთმობენ საკმარის დროს ქალი ამომრჩევლების პრობლემების ღრმა შესწავლას.

„ჩვენი პროექტის განხორციელებით, გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ ამომრჩეველი ქალების ჩართულობის შედეგად, საარჩევნო სუბიექტები გაითვალისწინებენ ქალთა საჭიროებებს საარჩევნო პროგრამებში და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, შეეცდებიან თითოეულ სოფელში ქალების ცხოვრება გახადონ უკეთესი,“ - აცხადებენ ორგანიზაციაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები რეგიონის განვითარებისთვის“ 2 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრამდე , ოზურგეთის მერობის კანდიდატებს, ასევე პარტიული სიებითა თუ მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს თავაზობს ქალ ამომრჩევლებთან შეხვედრებს სამიზნე თემებში - ძიმითში, დაბა ნასაკირალში, დვაბზუში, ლაითურში, ნარუჯაში, ანასეულსა და ლიხაურში.

რატომ არის მნიშვნელოვანი შეხვედრები ქალ ამომრჩევლებთან? ქეთევან ხიდაშელი გვპასუხობს:

-იმიტომ, რომ კანდიდატების უმრავლესობა რატომღაც გაურბიან ქალ ამომრჩეველთან შეხვედრებს!

- იმიტომ, რომ ჩვენ არ გვყავს საკმარისი ქალი, რომელიც ჩვენს პრობლემებს გაახმოვანებს იქ, სადაც წყვეტენ ისეთ საკითხებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ქალების ცხოვრებაზე!

- იმიტომ, რომ საქართველოში ცოტა გვყავს მერობის კანდიდატი ქალი!

- იმიტომ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში დღემდე ქალის რესურსი ხშირად გამოყენებულია საარჩევნო კამპანიაში, როგორც შავი საქმეების მკეთებლები!

- იმიტომ, რომ დღეს პოლიტიკა არის ზედმეტად „მამაკაცური და აკლია ქალების ხედვა და გამოცდილება!

- იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ამომრჩევლების უმრავლესობა!

თვითმმართველობის არჩევნებს ოზურგეთსა და მთლიანად გურიაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ოზურგეთის წარმომადგენლობა ტრადიციულად დააკვირდება და მონიტორინგს გაუწევს როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე კენჭისყრის დღესა და შემდგომ ეტაპზე. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თამაზ ტრაპაიძის თქმით, სხვა რეგიონებისაგან განსხვავებით, წინასაარჩევნო პერიოდი გურიაში გარკვეულ ჩარჩოებში არის მოქცეული:

„ზოგადად, წინასაარჩევნო პერიოდი ქვეყანაში დაძაბულია, მაგრამ, სხვა რეგიონებისაგან განსხვავებით, გურიაში მოქცეულია გარკვეულ ჩარჩოებში. არის რაღაც დარღვევები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თვალსაზრისით, რომელიც შესწავლისა და დაკონკრეტების პროცესშია. შემოდის არაერთი ინფორმაცია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, მაგრამ ყველა ინფორმაციას არ ახლავს შესაბამისი მტკიცებულებები და ჩვენც, ზოგიერთ შემთხვევაში, ვერ მოვიკვლევთ ხოლმე. ამ სახის ინფორმაციას მხოლოდ ინფორმაციის დონეზე ვტოვებთ. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვერც საჩივარს დავწერთ და ვერც ადმინისტრაციულ დარღვევაზე ვისაუბრებთ. ვიმოქმედებთ მხოლო მაშინ, როდესაც შესაბამისი მტკიცებულებები გვექნება.

ერთი საკითხი უკვე გასაჩივრებული გვაქვს ჩოხატაურის საოლქო კომისიაში და ველოდებით პასუხს. აქვე ვმუშაობთ კიდევ ერთ საკითხზე, ადმინისტრაციული რესურსის, კონკრეტულად ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებაზე წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში. ამ საკითხზე უკვე მტკიცებულებები გვაქვს და შესაბამისი მოწმეც გვყავს.ასევე ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენებასთან, შესაძლოა, მოსყიდვასთანაც კი გვქონდეს საქმე ოზურგეთში. არ ვიცი, საბოლოოდ რაზე გავალთ, ჯერჯერობით მტკიცებულებების პროცესში ვართ.

რაც შეეხება ფულად თუ სხვა სახის შემოწირულობებს, კანონით დაშვებულია, ოღონდ ეს ყველაფერი უნდა იყოს დეკლარირებული. თუ ასე არ არის, მაშინ სერიოზული დარღვევაა. ამ წუთში მსგავს ინფორმაციას არ ვფლობთ. თუ გამოჩნდება, რა თქმა უნდა, გვექნება შესაბამისი რეაგირება“.

როგორც გვატყობინებს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), რომელსაც წარმომადგენლობა ოზურგეთშიც ჰყავს, 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების გრძელვადიან წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს 24 ივლისიდან ახორციელებს საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში ორგანიზაციის 70 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით. გამოვლენილ დარღვევებზე ორგანიზაციამ უკვე გამოაქვეყნა ორი წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის შუალედური ანგარიში. ოზურგეთში თემში გამოვლენილია შემდეგი დარღვევები:

- სოფელ მერიაში გამგებლის წარმომადგენელ გრიგოლ კოსტავას 4 სექტემბერს გამგეობამ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა. როგორც კოსტავა ამბობს, სამუშაო საათებში ოზურგეთის მერიაში დაიბარეს, სადაც მერმა - ბეგლარ სიორიძემ, რამდენიმე საჯარო პირის თანდასწრებით, მას ჰკითხა, რას აპირებდა არჩევნებზე. კოსტავამ უპასუხა, რომ მხარს უჭერს თემის მაჟორიტარს და პარტიას. სიორიძემ, რომელიც მერობის კანდიდატია, ჰკითხა, უჭერდა თუ არა მხარს პირადად მას. კოსტავამ უპასუხა, რომ ის დამოუკიდებელი კანდიდატის, კოტე შარაშენიძის მხარდამჭერია. კოსტავა აცხადებს, რომ სამსახურიდან ის პოლიტიკური პოზიციის გამო გაუშვეს.

- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ზედგინიძემ 4 სექტემბერს სამუშაო საათებში, თავის Facebook-ის გვერდზე გააზიარა primetime.ge-სა და pia.ge-ს ინფორმაცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთის პარტიული სიის მეორე ნომრად გიორგი ღურჯუმელიძის წარდგენის შესახებ.

- ქალაქ ოზურგეთის მერიის თანამშრომელმა ალექსანდრე( სარო) სარიშვილმა 1 სექტემბერს სამუშაო საათებში 2-ჯერ გააზიარა მერობის კანდიდატის ბეგლარ სიორიძის ფოტო, რომლის ფონზე „ქართული ოცნების“ პარტიული ნომერი და სლოგანია გამოსახული.

- 21 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 104 947 ლარით გაიზარდა. გაზრდილი ბიუჯეტის ხარჯზე 10 000 ლარით გაიზარდა მოქალაქეთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახორციელებს და რომელიც მოსახლეობისათვის 150 ლარამდე ღირებულების მედიკამენტებით უფასოდ დახმარებას ითვალისწინებს.

- 21 აგვისტოს, ქალაქ ოზურგეთის საკრებულომ ცვლილება შეიტანა 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში. კერძოდ, პროექტს დაემატა სპეციალური ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების კომუნალური გადასახადებისათვის 100 ლარის ოდენობით დახმარებას“. ამავე სხდომაზე, საკრებულომ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად არაფინანსური აქტივებიდან ბიუჯეტი 300 000 ლარით გაიზარდა. გაზრდილი შემოსავალი გადანაწილდა შემდეგ მიმართულებებზე: ინფრასტრუქტურული მშენებლობა - 255,000 ლარი (საგზაო - 76 200; ბინათმშენებლობა - 54 100; კეთილმოწყობის სამუშაოები - 124 700); ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 45 000 ლარი (შეჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურება - 5 000; მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარება - 9 500; ვეტერანთა დახმარება – 9 500 ლარი, უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დახმარება ბინის ქირით - 5 000; ერთჯერადი ფულადი დახმარება - 12 000 ლარი).

- 29 ივლისს და 12 აგვისტოს, ქალაქ ოზურგეთის მერიის მიერ უფასო სამედიცინო მომსახურების საქველმოქმედო აქცია გაიმართა. მოსახლეობას სამედიცინო კვლევები და კონსულტაციები ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ექიმებმა გაუწიეს. სამედიცინო აქციაში ქალაქის მერი ბეგლარ სიორიძეც ჩაერთო და მოსახლეობასთან ერთად ექოსკოპიური კვლევა ჩაიტარა. აქცია საბავშვო ბაღის შენობაში გაიმართა. ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის ხელმღვანელის ხათუნა შარაძის თქმით, აქციის ინიციატივა ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალიდან წამოვიდა და მერიის სამსახურმა მხოლოდ ინფორმაცია გაავრცელა სააგენტოებსა და სოციალურ ქსელში. შარაძის განცხადებით, მერიის მხრიდან ფინანსური ხარჯი არ გაწეულა.

- 10 სექტემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ გურიის სამივე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარადგინა, სადაც „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა დააფიქსირა, რომ მოქალაქეები, მათ შორის საჯარო მოხელეები, სამარშრუტო ტაქსებით ჩამოიყვანეს. რამდენიმე მათგანმა დამკვირვებელთან პირად საუბარში აღნიშნა, რომ იძულებით იყვნენ წამოსული. წარდგენის პარალელურად, პარტიის ადგილობრივი კოორდინატორების მიერ მოქალაქეების აღრიცხვაც ხორციელდებოდა. კერძოდ, სახელ-გვარის გასწვრივ მოსულ მოქალაქეებს ხელს აწერინებდნენ. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიერ აღნიშნული ფაქტის დაფიქსირებამ პარტიის ერთ-ერთი კოორდინატორის გაღიზიანება გამოიწვია.

- 24 სექტემბერს, ოზურგეთის #6 საარჩევნო უბნის შენობაში უცნობმა პირებმა დაამტვრიეს კომისიის შესასვლელი კარი, ჩამოხიეს საარჩევნო დოკუმენტაცია, მათ შორის, ამომრჩეველთა სიები.

- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის თემში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი მინდია კეჭაყმაძე აცხადებს, რომ თავისი ნათესავები და ახლობლები „ქართული ოცნებიდან“ მას თხოვენ ჩამოშორდეს არჩევნებს. მიგზავნილი პირები კი აფრთხილებენ, ხელი არ შეუშალოს ხელისუფლების კანდიდატ ალექსანდრე ღლონტს.

- სოფელ ოზურგეთის თემში ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის• გიორგი როყვას განცხადებით, მას კანდიდატურის მოხსნას თხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურის დაკარგვით ემუქრებოდნენ. როყვა ამჟამად, შპს „მედალფას“ მედიკამენტების შესყიდვის და ხარჯვითი ნაწილის განყოფილების ხელმძღვანელად მუშაობს.

- ოზურგეთის #60 საოლქო კომისიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ნინო ბურჭულაძე ამბობს, რომ 27 აგვისტოს, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში ვიდეოკამერით იღებდა სამუშაო პროცესს. ამ ფაქტით გაღიზიანდა საოლქო კომისიაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მათე სკამკოჩაშვილი. მან ბურჭულაძეს გადაღების შეწყვეტა მოსთხოვა, შემდეგ კი კამერის დამტვრევით დაემუქრა და კამერაზე ხელი აუკრა. ბურჭულაძემ #60 ოლქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ზვიად თენიეშვილს განცხადებით მიმართა და სკამკოჩაიშვილისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა.

- 4 სექტემბერს, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიის 13 ისეთი წევრი აირჩია, რომელთაც გასულ არჩევნებზე დაკისრებული ჰქონდათ დისციპლინური პასუხისმგებლობა. არჩეული წევრებიდან 7 ისევ კომისიის თავმჯდომარეა, 6 - საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი, ერთი კი - რიგითი წევრი. აქედან საპარლამენტო არჩევნებზე 7 წევრს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შენიშვნა ჰქონდა დაკისრებული, ხოლო 6 წევრს - გაფრთხილება.

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით სრული დატვირთვით მუშაობს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, სადაც ისევე, როგორც ქვეყნის სხვა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში, გაიხსნა მედიაცენტრი.

მედიაცენტრი მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს თავაზობს ღია და ნეიტრალურ სივრცეებს ინფორმაციის გავრცელებისა და დისკუსიებისთვის, ხელს უწყობს კანდიდატებსა და მათ ამომრჩევლებს შორის დიალოგის წარმართვას, რათა მოქალაქეები გაეცნონ კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს და გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი.

უფრო კონკრეტულად, მედიაცენტრში შესაძლებელია: მედიაბრიფინგების ორგანიზება; კანდიდატებს შორის წინასაარჩევნო დებატების მოწყობა-ჩატარება; დაინტერესებული ჯგუფებისთვის არჩევნებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება (ცვლილებები საარჩევნო კოდექსში; არჩევნების ადმინისტრირების, ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის პროცედურები; არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და მათი კანდიდატების სრულყოფილი სიები და სხვ.); არჩევნების დღეს სადამკვირვებლო მისიათა ბრიფინგების ორგანიზება ჟურნალისტების, ადგილობრივი ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიებისათვის. ასევე, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების ბრიფინგები არჩევნების მიმდინარეობის შესახებ. მედიაცენტრები უზრუნველყოფილია ლაივსტრიმების განსახორციელებლად საჭირო შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და მაღალი სიჩქარის ინტერნეტით.

მედიაცენტრების ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელის გრიგოლ მახარაძის თქმით, საარჩევნო მედიაცენტრების პროექტის ფარგლებში, ოზურგეთის ცენტრში გახსნიდან დღემდე გაიმართა 28 შეხვედრა, რომლებშიც 600-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.შეხვედრების ორგანიზატორები ყველაზე ხშირად არიან არასამთავრობო ორგანიზაციები (შეხვედრების 36%), საარჩევნო სუბიექტები (32%) და თვით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (21%).

თუ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ადგილობრივი მედიასაშუალების ვებგვერდზე გამართული დებატის მიხედვით ვიმსჯელებთ, მერობის კანდიდატ ბეგლარ სიორიძესა („ქართული ოცნება“) და საინიციატივო ჯგუფის მერობის კანდიდატ კონსტანტინე შარაშენიძეს (გაირიცხა „ქართული ოცნებიდან“) შორის არსებულ აგრესიულ დამოკიდებულებას შესაძლოა, მათი მხარდამჭერების ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოჰყვეს. ამ და სხვა პოლიტიკურ გარემოებათა გამო, საოლქო და საუბნო კომისიებს, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს, სამართალდამცავებს, სახალხო დამცველის აპარატს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასაშუალებებს განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულება მართებთ, რათა დემოკრატიულად წარიმართოს საარჩევნო პროცესი და ამომრჩეველს მიეცეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება.

თემურ მარშანიშვილი,

გაზეთი „ალიონი“

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.