დაბა ლაითურში თურქული სკოლა იხსნება?

დამატებულია: 2017-10-10
picture1

ამ მეტად სენსიტიურ თემაზე გაზეთ „ალიონის“ რედაქციას ლაითურელმა ლევან დუმბაძემ აცნობა.

_ძალიან დიდ დაპირისპირებაში ვარ. დაბა ლაითურის მე-9 რაიონში თურქული სკოლის გახსნას გეგმავენ. ლაითურის სკოლიდან 10-ზე მეტი ახალგაზრდა თურქეთში სწავლობს რელიგიურ სასწავლებელში. დაბაში ჯამეც არის და რელიგიური სკოლაც. მოდის ვიღაც თურქეთის მოქალაქე. იქ ერთი სახლია, მეპატრონე უკრაინაში ცხოვრობს და სახლს ჰყიდის. უნდათ იმ სახლში გახსნან. ადგილობრივი მაჰმადიანებიც არ არიან ამ სკოლის გახსნის მომხრეები, რადგან ლაითურის ჯამესთან არსებულ სკოლას საკმარისად თვლიან რელიგიური განათლების მისაღებად. მიკვირს ამ თემით რატომ არ არიან დაინტერესებული სამთავრობო და შესაბამისი დაწესებულებები? _გვითხრა დუმბაძემ.

დაბა ლაითურის მაჟორიტარმა დეპუტატმა რესან გაბაიძემაც დაგვიდასტურა დაბის მაჰმადიანი მოსახლეობის უარყოფითი განწყობა აღნიშნული სკოლის გახსნის მიმართ.

_ამ თემაზე გურია-ქობულეთის მეჯლისის თავმჯდომარე ასლან ბერიძესთანაც იყო რამდენჯერმე მსჯელობა. ჩვენ ჩვენს უარყოფით დამოკიდებულებას ყველგან ვაფიქსირებთ, რადგან დაბა ლაითურის ჯამესთან არის საზაფხულო სკოლა, სადაც ბავშვები საჭირო ცოდნას იღებენ. ისე, ბოლო პერიოდში შეინიშნება ცალკეული პირების გააქტიურება, რაც საარჩევნო ხმებს უნდა უკავშირდებოდეს.

_პირველად მესმის თქვენგან ასეთი რამ, საერთოდ არ ვფლობს ინფორმაციას დაბაში თურქული სკოლის მშენებლობის შესახებ, _გვითხრა დაბა ლაითურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ჩაგანავამ.

ლევან დუმბაძე რედაქციიდან გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში წავიდა.

_გუბერნატორის პირველ მოადგილეს უნდა შევხვდე. თუ რა რეაგირება იქნება მათგან, შეგატყობინებთ _გვითხრა დუმბაძემ.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.